ზურაბიშვილს დასავლელი ლიდერების ნაწილი მხარდაჭერას უცხადებს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი რამდენიმე სხვა ქვეყნის ლიდერს ესაუბრა. ამის შესახებ ლიდერებმა ინფორმაცია სოციალური პლატფორმა "X"-ის საკუთარ ოფიციალურ გვერდებზე გამოაქვეყნეს.

პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ დაწერა, რომ ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებების მიმართ ვარშავის მხარდაჭერა ურყევია:

"ცოტა ხნის წინ ვესაუბრე პრეზიდენტ ზურაბიშვილს. ჩვენ განვიხილეთ ღრმად შემაშფოთებელი სიტუაცია საქართველოში, რომელიც საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შეიქმნა. მე ხაზი გავუსვი პოლონეთის ურყევ მხარდაჭერას ქართველი ერის ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების მიმართ", - თქვა დუდამ.

სალომე ზურაბიშვილს ესაუბრა მოლდოვის პრეზიენტიც.

"ვესაუბრე სალომე ზურაბიშვილს არჩევნების შემდეგ. მოლდოვა დგას ყველა იმ ქართველის გვერდით, ვინც თავისი თავისუფლებისთვის, დემოკრატიისა და ევროპული მომავლისთვის იბრძვის", - ამბობს მაია სანდუ, მოლდოვის პრეზიდენტი.

საქართველოში საპროტესტო აქცია იმართება. ოპოზიციური პარტიები, პრეზიდენტთან ერთად მიიჩნევენ, რომ არჩევნები გაყალბდა. ცესკოს ოფიციალური ინფორმაციით, მმართველმა პარტიამ ხმათა თითქმის 54 % მიიღო. საერთაშორისო დამკვირვებლები ამბობენ, რომ მათ ამომრჩეველთა მოსყიდვის, დაშინების, ყუთებში ბიულეტენების ჩაყრის და სხვა დარღვევების ფაქტები დააფიქსირეს, რასაც შეეძლო გავლენა მოეხდინა შედეგებზე, თუმცა მათ არჩევნები გაყალბებულად არ შეუფასებიათ. ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი აცხადებს, რომ ამ დასკვნებზე დაყრდნობით, არჩევნები არ გამოცხადებულა "თავისუფალ და სამართლიან არჩევნებად".

ევროპელ ლიდერთა ნაწილი მმართველ გუნდსა და ხელისუფლებას დარღვევების შესახებ ცნობების სათანადო გამოძიებისკენ მოუწოდებს.

პრემიერი კობახიძე ოპოზიციას კონსტიტუციური წესრიგისთვის საფრთხის შექმნის მცდელობაში სდებს ბრალს და ამბობს, რომ მისი გუნდი ქვეყნის ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების ერთგულია, ბრალდებები კი - მიკერძოებული და მცდარი.

სალომე ზურაბიშვილი არჩევნების შედეგებს "რუსული სპეცოპერაციის" შედეგად მიიჩნევს. რუსეთმა არჩევნებში რაიმე ჩარევის შესახებ ბრალდებები მალევე უარყო და თქვა, რომ ნებისმიერი ასეთი ბრალდება უსაფუძვლოა.