პროკურატურას სამხილი არ აქვს თუ სააკაშვილის წასვლას ელოდება?

კორი უელტი

კორი უელტი ამბობს, რომ მერაბიშვილისთვის წამების ბრალდების წაყენება, უფრო მომგებიანი იქნებოდა პროკურატურისთვის, ვიდრე ამ დრომდე წაყენებული ბრალდებები.

Your browser doesn’t support HTML5

ინტერვიუ


ბატონო კორი, დიდი მადლობა ინტერვიუსთვის. საქართველოს მაღალი რანგის დელეგაციამ ცოტა ხნის წინ დაასრულა ვიზიტი ვაშინგტონში. როგორ აფასებთ ამ ვიზიტს, რა იყო მისი მიზანი და თქვენი აზრით, იყო თუ არა ის წარმატებული?

ჩემი აზრით, ეს ძალიან სასარგებლო ვიზიტი იყო. დელეგაციამ შეხვედრები გამართა კონგრესში. საქართველოს მთავრობას უკვე დამყარებული აქვს კარგი ურთიერთობა ამერიკის ადმინისტრაციასთან. ჩემი აზრით, ამჯერად მათი სურვილი იყო კონგრესთან დაემყარებინათ უკეთესი ურთიერთობა. საქართველოში აცნობიერებენ, რომ ვაშინგტონის დამოკიდებულებას სხვა ქვეყნებთან არა მხოლოდ ადმინისტრაცია, არამედ კონგრესიც საზღვრავს.

პროკურატურას მის [მერაბიშვილის] წინააღმდეგ წამებისა და უკანონო თვალთვალის ბრალდება რომ წაეყენებინა იმ ბრალდების ნაცვლად, რაც ახლა აქვს წაყენებული, პროკურატურის საქმიანობას ვაშინგტონში უფრო მეტი სიმპათიით მოეკიდებოდნენ
კორი უელტი
რას ფიქრობთ იმაზე, რომ მთავარი პროკურორი არჩილ კბილაშვილი ამ დელეგაციის წევრი იყო. როგორც წესი, მთავარი პროკურორი საერთაშორისო ურთიერთობების სფეროში ნაკლებად ერევა, მით უმეტეს, ასეთი ხასიათის ვიზიტებში მონაწილეობას იშვიათად ღებულობს.

ეს ცოტა უჩვეულო გადაწყვეტილება იყო, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ ვაშინგტონში უკანასკნელი რამდენიმე თვის განმავლობაში ბატონი კბილაშვილის წინააღმდეგ კრიტიკა სწორედ კანონის უზენაესობისა და დაწყებული სხვადასხვა სასამართლო საქმის გამო ჩამოყალიბდა, ჩემი აზრით, ეს ძალან გონივრული გადაწყვეტილება იყო. კარგია ის, რომ რომ ის პირადად ჩამოვიდა და პირდაპირ გააცნო ამერიკელი პოლიტიკოსებს საკუთარი ხედვა.

თქვენი აზრით, პირადი შეხვედრები რეალურად ცვლის რამეს?

ისინი, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი და სასარგებლოა. თუმცა, შეხედულებების შეცვლა ერთ დღში არ ხდება. განსაკუთრებით, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ საქართველოში კანონის უზენაესობის თემა და ვაშინგტონში მასთან დაკავშირებით არსებული შეხედულებები ძალიან კომპლექსურია. სწრაფად შეხედულებების შეცვლა არ მოხდება, მაგრამ დარწმუნებული ვარ, პირადი შეხვედრები ბევრს ნიშნავს.


http://www.amerikiskhma.com/flashembed.aspx?t=vid&id=1722566&w=512&h=291
პირადი შეხვედრები თავდაცვის ავტორიზაციის აქტის შეცვლის შესაძლებლობას აჩენს? დამატებები, რომლებიც აქტში დამტკიცდა საქართველოზე უარყოფითად აისახება.

ჩემი აზრით, ეს ყოვლად გამოუსადეგარი დამატებაა. მისი ადგილი ნამდვილად არ იყო ისეთ მნიშვნელოვან კანონმდებლობაში, როგორიც თავდაცვის ავტორიზაციის აქტია. თუმცა, კონგრესში ეს ხშირად ხდება, როცა ერთი კონგრესმენი ან კონგრესმენების ჯგუფი ინდივიდუალური შეხედულებების შეტანას ახერხებს კანონპროექტში. ამ დამატებაში არაერთი შეცდომა იყო შეტანილი. მე იმედი მაქვს, რომ საბოლოო დამტკიცებამდე დამატება მოიხსნება. ჩემი აზრით, კონკრესმა საკუთარი შეშფოთება უნდა გამოხატოს საქართველოში მიმდინარე იმ მოვლებენზე, რომლებიც აწუხებს, თუმცა არა ისეთ მნიშვნელოვან კანონში, როგორიც თავდაცვის ავტორიზაციის აქტია.

იმ შემთხვევაში, თუ დამატება არ მოიხსნა საბოლოო კანონიდან, რა უარყოფითი შედეგები შეიძლება მოიტანოს მან საქართველოსთვის?

ეს კონკრეტული კანონპროექტი არ არის გამოსადეგი არაფრისთვის, გარდა საზოგადოებასთან ურთიერთობისთვის. მასში ახალი პოლიტიკა არ ისახება. ის უბრალოდ კონგრესის პოზიციას აფიქსირებს.

ექვსი თვის წინ ჩვენთან საუბრისას განაცხადეთ, რომ ქართულმა ოცნებამ მოსახლეობის მიერ მიცემული მანდატის შესრულებასთან ერთად, იმაზეც უნდა იზრუნოს, რომ ნაციონალური მოძრაობა დარჩეს აქტიურ ოპოზიციურ ძალად. რას ფიქრობთ დღეს, თქვენი აზრით, ისევ ვდგავართ ოპოზიციის განადგურების საფრთხის წინაშე?

ჯერ ისევ გარდამავალ პერიოდს გავდივართ. გამოკითხვებიდან ჩანს, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ ამ დრომდე ვერ შეძლო აქტიურ და სტაბილურ ოპოზიციურ ძალად ჩამოყალიბება. მაგრამ, ჩემი აზრით, ჯერ ისევ ბევრი რამ შეიძლება შეიცვალოს. ამჯერად ჩატარდება ნამდვილი საპრეზიდენტო კამპანია, მიუხედავად იმისა, რომ ნაციონალური მოძრაობის კანდიდატს ამ ეტაპზე გაცილებით დაბალი მხარდაჭერა აქვს, ვიდრე ქართული ოცნების კანდიდატს. მაგრამ მთავარია, რომ კანპანიის წარმოების საშუალება ყველას ეძლევა. ერთი რამ, რაც საქართველოში ყველამ უნდა გაითვალისწინოს არის ის, რომ ძალიან არ ვენდოთ გამოკითხვებს და მათზე დაყრდნობით არ დავასკვნათ თუ ვინ გაიმარჯვებს არჩევნებში. ჯერ ისევ ბევრი რამ უნდა მოხდეს, მათ შორის, სააკაშვილის პრეზიდენტობიდან წასვლა და ნაციონალური მოძრაობის მომავლის განსაზღვრა და სასამართლო პროცესების დასრულება. ჩემი აზრით, ნაციონალურმა მოძრაობამ ან მისმა მემკვიდრე პარტიამ არსებობა უნდა გააგრძელოს, როგორც სერიოზულმა ოპოზიციურმა ძალამ.

რას ფიქრობთ დაპატიმრებებზე, რომლებსაც მთავრობა სამართლის აღდგენას, ხოლო პროცესის მოწინააღმდეგეები კი შერჩევით სამართალს უწოდებენ?

ამ საკითხზე საკუთარი პოზიციის დაცვა მგონი საქართველოს დელეგაციის ერთ-ერთი მიზანი იყო. ჩემი აზრით, ერთ-ერთი პრობლემა, რომელიც მათ აღმოაჩინეს არის ის, რომ მიუხედავად იმისა, რომ ამერიკელებთან ადასტურებენ იმას, რომ სასამართლო პროცესები კანონის უზენაესობის ფარგლებში მიმდინარეობს, მათ მიმართ მაინც ჩნდება კითხვები ბრალდებების სახეობასთან დაკავშირებით, მაგალითად, ისეთი ადამიანების წინააღმდეგ, როგორიცაა ვანო მერაბიშვილი. მთავრობას ძალიან უჭირს იმის დამტკიცება, რომ ეს დაპატიმრებები პოლიტიკურად მოტივირებული არ არის იმის გამო, რომ წაყენებული ბრალდებები გაცილებით უმნიშვნელოა იმასთან შედარებით, თუ რისი წაყენება შეიძლებოდა. ძალიან ძნელი იქნება მთავრობისთვის ვინმეს იმაში დარწმუნება, რომ პროცესი სამართლიანია, როცა ისეთ ფიგურას, როგორიც მერაბიშვილია სასამართლომდე წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული. პროკურატურას მის წინააღმდეგ წამებისა და უკანონო თვალთვალის ბრალდება რომ წაეყენებინა იმ ბრალდების ნაცვლად, რაც ახლა აქვს წაყენებული, პროკურატურის საქმიანობას ვაშინგტონში უფრო მეტი სიმპათიით მოეკიდებოდნენ.

თქვენი აზრით, რატომ ხდება ეს? თუ შესაძლებელია უფრო სერიოზული ბრალის წაყენება, რატომ ვერ თუ არ აკეთებს ამას პროკურატურა?

ერთი, რაც შემიძლია ვიფიქრო არის ის, რომ მათ არ აქვთ სამხილი, რომელიც სასამართლოს გამოცდას გაუძლებს და კონტრეტულ მაღალჩინოსნებს ამ დანაშაულთან დააკავშირებს. უკვე გასამართლდა რამდენიმე დაბალი რანგის ადამიანი. მაგრამ პროკურატურას სურს აღმოაჩინოს ისეთ სამხილი, რომელიც ამ ადამიანებს და შესაძლოა თავად პრეზიდენტსაც დანაშაულთან პირდაპირ დააკავშირებს. შეიძლება ისინი სააკაშვილის გადადგომას ელოდებიან, ან უბრალოდ ცდილობენ იპოვონ ეს სამხილი. ეს კი კანონის უზენაესობის პროცესის გაუმართაობაზე მეტყველებს და სწორედ ამასთან დაკავშირებით გამოხატავენ შეშფოთებას ვაშინგტონში. პროცესს ხომ იგივე მნიშვნეობა აქვს, რაც დამნაშავის დასჯას... თუ პროკურატურას არ აქვს გარკვეული ტიპის სამხილი, მაშინ შეიძლება უკეთესიც იყოს ზოგიერთი საქმის განხილვის მოხსნა. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ თუ მთავრობას ვაშინგტონისგან მხარდაჭერის მოპოვება სურს, ადამიანები მძიმე სისხლის სამართლის დანაშაულებისთვის უნდა გაასამართლონ და არა ისეთი დანაშაულებისთვის, რომლებში ზოგიერთ მაღალჩინოსანს ახლა აქვს ბრალი წაყენებული.

კიდევ ერთ საკითხს გავიხსენებ ჩვენი წინა ინტერვიუდან - 6 თვის წინ თქვენ თქვით, რომ ქართული ოცნებისთვის ერთიან კოალიციად დარჩენა გამოწვევა იყო. დღეს რას ფიქრობთ ამაზე, გადალახა კოალიციამ ეს გამოწვა? თქვენი აზრით, პრემიერ მინისტრ ივანიშვილის მიერ გაკეთებული განცხადებები პოლიტიკიდან წასვლის შესახებ რაიმე გავლენას პოვებს კოალიციის ერთიანობაზე?

ივანიშვილის ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირება იყო ის, რომ ის პოლიტიკიდან წავიდოდა. თუ ის ამ პირობას შეასრულებს, იმას ვერ ვიტყვით, რომ ამომრჩეველი მოატყუა. პროცესისთვის ეს კარგია თუ ცუდი ჯერ არ ვიცი. სავარაუდოდ, მისი წასვლა კოალიციის დაშლას გამოიწვევს. არ ვიცი რამდენი ხანი შეძლებს კოალიცია არსებობას გამაერთიანებელი ფაქტორის გარეშე - თანაც კოალიციის შიგნით დაძაბულობა თავიდანვე არსებობს. კოალიციის დაშლა ტრაგედია ნამდვილად არ იქნება, ხოლო პარტიებს კი ახალი პოლიტიკური უნარ-ჩვევების შემუშავება დასჭირდებათ. ამით საქართველოში პოლიტიკური პროცესები საინტერესოდ გაგრძელდება.

ამით რაიმე სახის პოლიტიკური კრიზისი შეიქმნება ქვეყანაში?

თუ სწორად მესმის წესები, პრემიერ მინისტრს პარლამენტის უმრავლესობა ირჩევს. თუ ქართული ოცნება დაიშალა, პრემიერ ივანიშვილის მიერ წამოყენებულმა კანდიდატურამ შეიძლება ვერ მოიპოვოს უმრავლესობა და მას კოალიციის ყოფილმა წევრებმა შეიძლება მხარი არ დაუჭირონ. არ მგონია ამან პოლიტიკური კრიზისი მოიტანოს. პირიქით, ამას შეიძლება საპარლამენტო პოლიტიკაზე უფრო მეტად გადართვა მოჰყვეს. ყველაზე ცუდი რაც შეიძლება მოხდეს არის ის, რომ პარლამენტმა პერმიერ მინისტრი ვერ აირჩიოს და ამის გამო, პრეზიდნეტმა პარლამენტი დაითხოვოს. ეს, ცხადია გაურკვევლობას შექმნის, მაგრამ გადაუჭრელი პრობლემა არ იქნება.