ჯოშუა, დიდი მადლობა ინტერვიუსთვის. როგორ აფასებთ საქართველოს დელეგაციის ვიზიტს ვაშინგტონში? თქვენი აზრით, რამდენად ეფექტური იყო ის და უნდა ველოდეთ თუ არა რაიმე ცვლილებებს?
ჯერ საკმაოდ ადრეა რაიმე ცვლილებებზე საუბარი, მაგრამ ქართველებმა ამერიკელ კოლეგებს დაანახეს თუ რამდენად სერიოზულად უდგებიან ერთ კონკრეტულ საკითხს. საკმაოდ მოზრდილმა დელეგაციამ ერთი კვირის მანძილზე უამრავი შეხვედრა გამართა ჩემი აზრით, ერთი საკითხის გარშემო ეს თავდაცვის ავტორიზაციის აქტია. გარდა ამისა, ქართველები შეშფოთებული არიან იმ შეხედულების გამო, რომელიც ვაშინგტონში დაკავებების გამო ჩამოყალიბდა. ამიტომაც იყო ქვეყნის მთავარი პროკურორი დელეგაციის ერთ-ერთი წევრი. მისი საქმე სულაც არ არის საგარეო ურთიერთობები და ფაქტი, რომ შეხვედრებში ისიც მონაწილეობდა მიუთითებს იმაზე, რომ საქართველო წუხს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ აღიქვამს დასავლეთი ამ დაკავებებს.
თქვენი აზრით, ბატონი კბილაშვილის ვიზიტი შეცვლის ამ შეხედულებას?
ვფიქრობ, ამ ნაბიჯით ის გამოჩნდა, რომ საქართველოს მთავრობა ამ თემას ძალიან სერიოზულად უდგება. მაგრამ ჩემი აზრით, უფრო მნიშვნელოვანი ის არის, რომ ვაშინგტონში საქართველოს მაინც რუსეთის ჭრილიდან უყურებენ და ივანიშვილზეც გაურკვეველი შეხედულება აქვთ. ჩემი აზრით, რაც უფრო აქტიურად გააგრძელებს საქართველოს მთავრობა ყოფილი მთავრობის მიერ დასახული საგარეო პოლიტიკის მიზნებისკენ სწრაფვას, როგორიცაა ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანება, მით უფრო ადვილი იქნება აქაურებისთვის ბევრი რამის ახსნა. და მართალი გითხრათ, ამერიკელებს ეს უფრო აინტერესებთ ვიდრე ადამიანის უფლებები.
თქვენი აზრით, რა დრო დასჭირდება ამას?
ეს პროცესი მგონი უკვე დაიწყო. თავდაპირველად ბევრი ჩვენგანი არ იყო დარწმუნებული იმაში, თუ რა მიმართულებით წაიყვანდა ქვეყანას ივანიშვილი. ხელისუფლებაში მისი მოსვლის შემდეგ, ვფიქრობ, ყველასთვის ცხადად ჩანს, რომ ის რუსეთის მარიონეტი არ არის და ევროატლანტიკური ორიენტაცია საქართველოს განვითარების გზად დარჩება და ეს ტრაექტორია ერთ ადამიანს, მაგალითად მიხეილ სააკაშვილს, არ უკავშირდება. იმ პოლიტიკოსების შეხედულებების შეცვლა, რომლებიც საქართველოთი აქტიურად არ არიან დაკავებული, ნელი პროცესია, მაგრამ ეს პროცესი დაწყებულია.
ცოტა ხნის წინ წარმომადგენელთა პალატამ თავდაცვის ავტორიზაციის აქტი მიიღო, რომლის დამატებებიც საქართველოსთან მიმართებაში ქვეყანაზე უარყოფითად აისახება. დამატებები საქართველოს მთავრობას მოუწოდებს შეწყვიტოს პოლიტიკურად მოტივირებული დაპატიმრებები. თქვენი აზრით, როგორ მოხდა ის, რომ ეს დამატება აქტის საბოლოო ტექსტში დამტკიცდა? რა გავლენა შეიძლება იქონიოს ამ აქტმა საქართველოზე?
ზუსტად არ ვიცი, როგორ შემუშავდა ეს დამატება, მაგრამ ბევრი ადამიანი, მათ შორის მეც, მიიჩნევს, რომ სააკაშვილის ლობისტებმა შეძლეს ამ დამატების გატარება. ვფიქრობ, რომ კულისებს მიღმა ყოფილი ხელისუფლება აგრძელებს ახალი მთავრობის წინააღმდეგ ბრძოლას და ცდილობს ამერიკელი პოლიტიკოსები დაარწმუნოს იმაში, რომ ეს მთავრობა სინამდვილეში არ წარმოადგენს იმას, როგორც თავს აჩვენებს დასავლეთს. რომ გადავხედოთ იმ ქვეყნებს, რომლებსაც ამერიკა სამხედრო სფეროში დახმარებას უწევს, ძალიან ბევრ მათგანს საქართველოსთან შედარებით გაცილებით ცუდი მდგომარეობა აქვს ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ. ეს ძალიან პოლიტიზირებული განცხადება იყო. მაგრამ თვითონ დამატებას არ მგონია საქართველოზე რაიმე რეალური გავლენა ჰქონდეს, თუნდაც იმ შემთხვევაში, თუ ის სენატმაც და პრეზიდენტმაც უცვლელად დაამტკიცეს. დამატებებში არანაირ კონკრეტიკაზე არ არის საუბარი, ანუ რა სახის დახმარება შეუწყდება საქართველოს. ვფიქრობ, რომ უკანასკნელი ვიზიტი ამ მხრივ ძალიან ნაყოფიერი იყო და ამერიკელებს დაანახა, რომ საქართველოს მთავრობა შეწუხებულია იმ წარმოდგენით, რომლებსაც დაკავებები დასავლეთში ქმნის.
თქვენ რას ფიქრობთ დაკავებებზე? მიგაჩნიათ, რომ ისინი პოლიტიკური ანგარიშსწორებაა?
საქართველოდან ცოტა ხნის წინ დავბრუნდი და იმ ხალხის უმრავლესობას, ვისაც ველაპარაკე, მიაჩნია, რომ შეიძლება ეგრე იყოს. ყველა აღიარებს, რომ წინა მთავრობამ არაერთი დანაშაული ჩაიდინა... მართალი გითხრათ, ეს პრობლემა ამერიკაშიც გვაქვს ხოლმე. როცა პრეზიდენტი ობამა მოვიდა ქვეყნის სათავეში, მან განაცხადა, რომ უნდა ვიყუროთ წინ და არა უკან და მიუხედავად იმისა, რომ წინა ადმინისტრაციაში სამართალდარღვევები ხდებოდა, ის არ აპირებდა მათ გამოძიებაზე დროისა და ენერგიის დახარჯვას. ივანიშვილის მთავრობას განსხვავებული სტრატეგია აქვს. ძალიან რთულია იმ ბალანსის შენარჩუნება, სადაც ოპოზიციის განადგურება იწყება და სამართლიანობის აღდგენა მთავრდება.
რას ფიქრობთ 2008 წლის ომის გამოძიებაზე? რა დადებითი ან უარყოფითი შედეგები შეიძლება მოიტანოს ამ გამოძიებამ საქართველოსთვის?
ეს ძალიან მგრძნობიარე თემაა. სხვადასხვა ქვეყანა მსგავს სიტუაციებს თავს განსხვავებულად ართმევს. ობამამ გადაწყვიტა ომის გარემოებები არ გამოეძიებინა. სქართველოსთვის არ ვიცი ეს კარგი იქნება თუ ცუდი. ვფიქრობ, რომ ომის გარემოებების გამოძიება და ზოგიერთ უცნობ თემაზე სიმართლის დადგენა ცუდი არ უნდა იყოს, თუმცა გამოძიების შემდეგ ადამიანების სამართალგებაში მიცემას პოლიტიკური გამიჯვნა მოჰყვება. ნაციონალურ მოძრაობას ჯერ ისევ ძალიან ბევრი მხარდამჭერი ჰყავს და მათ არ სურთ საქართველოში ერთპარტიული პოლიტიკური გარემო იყოს. შესაბამისად, ამის გამო ყოფილი მაღალჩინოსნების დაპატიმრებამ შეიძლება ახალ მთავრობას უარყოფითი შედეგები მოუტანოს.