2013 წელი - გლობალური დათბობის პიკი

დედამიწაზე გვალვის, ტყის ხანძრების და წყალდიდობების შემთხვევებმა იმატა

Your browser doesn’t support HTML5

გლობალური დათბობის მიზეზები


2013 წელი დედამიწაზე ექსტრემალური ამინდით გამოირჩეოდა. ყველაფერი იანვრიდან დაიწყო, როდესაც ავსტრალიაში მაღალი ტემპერატურა და გაუსაძლისი სიცხეები დაფიქსირდა.

მთელი წლის განმავლობაში დედამიწაზერ გვალვის, ტყის ხანძრების და წყალდიდობების შემთხვევებმა იმატა. კატასტროფული შედეგები ჰქონდა ფილიპინიებზე ქარიშხალს, რომელმაც 6000 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა და ოთხი მილიონი უსახლკაროდ დატოვა.

ვიდრე კვლევებით დადასტურდება, რომ ატმოსფეროს დათბობა ამინდის გაუარესების მიზეზია, ჟურნალ "Science Magazine"-ის ვეტერანი ჟურნალისტი რიჩარდ კერი განსხვავებულ აზრს აფიქსირებს:

„მაღალი ტემპერატურის, ნალექიანობის და ქარიშხლების თემებზე საუბრისას მეცნიერები არ ამტკიცებენ, რომ ტაიფუნი და ტორნადო გლობალურ დათბობასთან კავშირშია.“

თუმცა კლიმატური ცვლილებების შიდა სამთავრობო საბჭოს მიერ გამოცემულ ანგარიშში მეცნიერები აცხადებენ, რომ დედამიწაზე გლობალური დათბობა ნამდვილად დაიწყო და მასში ადამიანს გარკვეული წვლილი მიუძღვის.

თუმცა ზოგიერთი მეცნიერის განცხადებით, ტემპერატურის მომატების ერთერთი გამომწვევი ერთერთი მიზეზი არა ადამიანი, არამედ კლიმატის ბუნებრივი ცვლილებებია.

სტოკჰოლმში მსოფლიო მეტერეოლოგიური ორგანიზაციის გენერალური მდივანი მაილ ჯარადი კლიმატური ცვლილებების შიდა სამთავრობო საბჭოს მიერ გამოცემულ ანგარიშს მნიშვნელოვნად მიიჩნევს და მოსალოდნელ საშიშროებაზე ამახვილებს ყურადღებას:

„ეს ანგარიში განგაშის მომასწავლებელია. ჩვენ უნდა გამოვფხიზლდეთ, საზოგადოებამდე უნდა მივიტანოთ სათქმელი. არა მარტო ჩვენს თავზე, არამედ შთამომავლობაზეც უნდა ვიზრუნოთ.“

მეცნიერების შეშფოთება წინ უძღოდა ვარშავაში გაეროს ყოველწლიურ კონფერენციას, რომელზეც მსოფლიოს 192 ქვეყნის წარმომადგენელი იმ მიზნით შეიკრიბა, რომ კლიმატის ახალი ხელშეკრულების პირობებზე ემსჯელა.

კლიმატის ცენტრის ექსპერტი ელიოტ დირინგერი აცხადებს, რომ ვარშავაში გლობალური ემისიების შემცირებაზე მსჯელობამ საფუძველი ჩაუყარა კლიმატის ახალი ხელშეკრულების ფორმას. მისი აზრით, სხვადასხვა ქვეყნის პოლიტიკოსთა ერთობლივი ძალისხმევა ბევრად უფრო ეფექტურია, ვიდრე გლობალურ დონეზე ამ საკითხზე მსჯელობა:

„ყველა ქვეყანამ საკუთარი ციფრები უნდა წარმოადგინოს. პრობლემებს ძირეულის შესწავლა სჭირდება. მომავალი ხელშეკრულებაც სახელმწიფოთა პოლიტიკურ ნებას უნდა ასახავდეს, რომელიც იმ ქვეყნის საზოგადოების არჩევანი იქნება.“

დირინგერი მსოფლიოში კლიმატური ცვლილებების წინააღმდეგ მიმართულ საქმიანობას დადებითად აფასებს და ამ სფეროში მიღწეულ პროგრესზე საუბრობს. მათ შორისაა: მექსიკაში კლიმატური ცვლილებების ახალი კანონი, ჩინეთის მთავრობის ძალისხმევა სათბური გაზების შემცირებისთვის და შეერთებულ შტატებში კლიმატის სამოქმედო გეგმა, რომელიც პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ივნისში წარმოადგინა.