დღეს საქართველოს პარლამენტმა ახალი მთავრობის შემადგენლობას და სამოქმედო გეგმას ნდობა გამოუცხადა. პროგრამისა და კაბინეტის წევრების შესახებ, მთელი კვირის განმავლობაში პარლამენტში მხოლოდ ერთი პარტია, "ქართული ოცნება", მსჯელობდა. ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები პარლამენტში შესვლას არც მომდევნო სხდომებზე გეგმავენ. პოლიტიკური კრიზისის ფონზე კი დასავლელი პარტნიორები მთავრობას და ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს, მოსალოდნელი რისკების შესახებ აფრთხილებენ და კომპრომისისკენ მოუწოდებენ.
ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი დევიდ კრემერი თვლის, რომ კომპრომისზე წასვლა ქართველი ხალხის ინტერესშია და ქვეყანას ეს ძალიან სჭირდება.
"საქართველოს წინაშე ბევრი გამოწვევაა, მაგრამ ჩვენ ძალიან გვინდა, საქართველო, რომელიც რეგიონში დემოკრატიის შუქურაა, სწორ გზაზე დაბრუნდეს. საქართველოს ბევრი მეგობარი ჰყავს დასავლეთში. ვაშინგტონში ქვეყანას ორპარტიული მხარდაჭერა აქვს და ეს მხარდაჭერა მომავალი ადმინისტრაციის პირობებშიც გაგრძელდება. არ მინდა, რომ საქართველო შეუერთდეს მსოფლიოს იმ მცირე ქვეყნების სიას, სადაც პარლამენტი ერთპარტიულია, მაგრამ ეს გარდაუვალია თუ ოპოზიცია ბოიკოტს გააგრძელებს და "ქართული ოცნება" პარტიებს აკრძალავს.
ერთპარტიული პარლამენტია ჩინეთში, ჩრდილოეთ კორეაში, კუბაში, ვიეტნამში, ლაოსში და ძალიან არ მინდა, რომ ამ ქვეყნების ჩამონათვალში იყოს საქართველო. იმედი მაქვს, პოლიტიკოსები ორივე მხარეს გააცნობიერებენ, რომ ეს პროცესი დამღუპველია და კრიზისის მოგვარებაა საჭირო. მიუხედავად იმისა, რომ "ქართული ოცნების" პარტიას ყველაზე დიდი მხარდაჭერა აქვს ცალკე აღებულ სხვა პარტიებთან მიმართებაში, პროპორციული არჩევნების შედეგების მიხედვით, მას არ აქვს უმრავლესობის მხარდაჭერა. სწორედ ამიტომ ვფიქრობ, რომ ორივე მხარე უნდა წავიდეს კომპრომისზე. ეს ქართველი ხალხის ინტერესშია. იმედი მაქვს, 2021 წელს საქართველოში ვიხილავთ ისეთ პარლამენტს, რომელიც მოსახლეობის დამოკიდებულებას უკეთ ასახავს,"- ამბობს დევიდ კრემერი "ამერიკის ხმასთან" საუბრის დროს.
ასევე ნახეთ: „მარტო ვიქნებით ამ დარბაზში თუ არა, უნდა გავაგრძელოთ სვლა ჩვენი ევროპული მომავლისკენ“ - გიორგი გახარიაოპოზიციური პოლიტიკური პარტიების პარლამენტში დაბრუნების შესახებ საუბრობს თბილისში ამერიკის ელჩი კელი დეგნანი. მას მიაჩნია, რომ შესაძლოა საქართველოში "ბოლო 30 წლის მთავარი პრობლემა საარჩევნო სისტემის შესახებ, სამუდამოდ მოგვარდეს. ეს განცხადება ამერიკელმა დიპლომატმა ტელეკომპანია "ფორმულასთან" საუბრის დროს გააკეთა.
ამერიკის საელჩო უკვე თვეზე მეტია ევროკავშირის ელჩთან ერთად, მოლაპარაკებებს უძღვება ქართულ ოცნებასა და ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს შორის. მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდის წინ კი, "ქართული ოცნება" პარტიების დაფინანსების გაუქმებაზე და ნაციონალური მოძრაობისთვის რეგისტრაციის ჩამორთმევაზე საუბრობს. თითქმის ყველა ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიამ, რომელმაც საარჩევნო ბარიერი გადალახა, მანდატებზე უარი თქვა.
"ოპოზიცია პარლამენტს ყველა შემთხვევაში აკლია, ისეთიც კი, როგორიც ის არის,"- ეს განცხადება დღეს საქართველოს პარლამენტში პარტია "ქართული ოცნების" უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ გააკეთა. კობახიძემ აღნიშნა, რომ ქვეყანას აკლია მწვავე და კრიტიკული ოპოზიცია, რომელიც "არა ნგრევისკენ, არამედ შენებისკენ იქნება მოწოდებული".
ასევე ნახეთ: "არ ვეთანხმები ნებისმიერ კანონს, რომელიც ოპოზიციის განვითარებას ზღუდავს“ - დეგნანიოპოზიციის ბოიკოტზე დღეს ხელახლა საქართველოს პრემიერად დამტკიცებულმა გიორგი გახარიამაც ისაუბრა. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ "ოპოზიციის (პარლამენტის) დარბაზში არყოფნა პრობლემაა". აქვე პრემიერმა ჟურნალისტებთან საუბრის დროს აღნიშნა, რომ ეს ვითარება პირადად მას დისკომფორტს არ უქმნის და ეს ქვეყნის პრობლემაა.
"ოპოზიციის არყოფნა დარბაზში პრობლემაა. ჩემი პრობლემა კი არ არის, მე კი არ მიქმნის დისკომფორტს, ეს ქვეყნის პრობლემაა, რომელიც საშუალოვადიან პერსპექტივაში რეალურად უქმნის ქვეყანას და გადაწყვეტილების მიღების პროცესს პრობლემას,"- თქვა გახარიამ.
ასევე ნახეთ: რიში: მთავრობამ დემოკრატიულ პროცესში მონაწილეობის თანასწორი საშუალება უნდა უზრუნველყოსოპოზიციური პოლიტიკური პარტიები მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდის ჩანიშვნას ელოდებიან და საპროტესტო გამოსვლების შესახებ საუბრობენ. ამ დროისთვის ყველა თანხმდება, რომ პარლამენტში არ შევიდნენ.