„მიდგომა - ან ყველაფერი, ან არაფერი, დემოკრატიული მიდგომა არ არის და არაფერი საერთო ამას ევროპულობასთან არ აქვს, მაგრამ მიუხედავად იმისა, მარტო ვიქნებით ამ დარბაზში თუ არა, უნდა გავაგრძელოთ სხვლა ჩვენი ევროპული მომავლისკენ“ - განაცხადა გახარიამ. მისი თქმით, „კომფორტული“ არ არის, როცა სხდომას ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები არ ესწრებიან.
„გარდა იმისა, რომ ეს ჩვენთვის არ არის კომფორტული, გვესმის, რომ ნებისმიერი სწორი გადაწყვეტილება პირველ რიგში მიღებული უნდა იყოს ჯანსაღ დავასა და დისკუსიაში და ჩვენ ამის ძალიან კარგი გამოცდილება გვქონდა გასული წლების განმავლობაში. არასოდეს შეგვშინებია შინაარსობრივი დისკუსიის და საუბრის, მაგრამ ჩვენს კომფორტს რომ თავი დავანებოთ, რა თქმა უნდა, ეს კომფორტული არ არის ჩვენი მოქალაქეებისთვის, რომლებმაც არჩევნებში ხმა მისცეს 9 პარტიას და განსაზღვრეს, რომ ამ პარლამენტში უნდა ყოფილიყო 60 ოპოზიციური მანდატი.
ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი და აქ მნიშვნელოვანი არ არის ჩვენი ან მთავრობის წევრების კომფორტულობაზე საუბარი. სამწუხაროდ, დღეს გვაქვს ის შედეგი, რაც გვაქვს. ვიღაცას შეეშინდა პასუხისმგებლობის აღების, ვიღაცა ვერ გაერკვა, ვიღაცამ ალბათ საკუთარი ეგო ვერ დაძლია, მაგრამ გვაქვს ის შედეგი, რაც გვაქვს და ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ეს აორმაგებს ხელისუფლების პასუხისმგებლობას“ - აცხადებს გახარია.
პრემიერ მინისტრობის კანდიდატმა, პარკლამენტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, რუსული ოკუპაციის შესახებაც ისაუბრა. მას მიაჩნია, რომ რუსეთზე წნეხის გაზრდა აუცილებელია, ოკუპაციის დასრულებისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის კი, ნებისმიერი ფორმატი მისაღებია.
“ ორმხრივი, მრავალმხრივი, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორობის სრული ჩართულობით, არის ის ფორმატები, რომლებზეც ჩვენ უნდა ვიმუშაოთ, საბოლოოდ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის. იმისთვის, რომ მივაღწიოთ საერთაშორისოდ აღებული ვალდებულებების შესრულებასა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მანდატის გავრცელებას მთლიანად საქართველოს ტერიტორიაზე, პირველ რიგში, ვგულისხმობ ოკუპირებულ ტერიტორიას, რამეთუ ეს არის ერთადერთი შესაძლებლობა, ელემენტარული ადამიანის უფლებების დაცვის მექანიზმი გავაჩინოთ ჩვენი მოქალაქეებისთვის, რომლებიც საოკუპაციო ხაზს მიღმა ცხოვრობენ”, – ამბობს გიორგი გახარია.
„ასეთი პარლამენტისაგან მიღებული გადაწყვეტილებები, მათ შორის რა თქმა უნდა, მთავრობის დამტკიცება, ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით, სერიოზულ კრიზისს აჩენს“ - პარლამენტში მიმდინარე პროცესის შესახებ, ამ განცხადებას ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, სერგი კაპანაძე აკეთებს.
„ერთპარტიული პარლამენტის არსებობა, პარლამენტის, რომელიც გაყალბებული არჩევნების შედეგად შეიქმნა, პარლამენტის, რომლის ლეგიტიმურობასაც არ ცნობს ოპოზიცია და არცერთი ოპოზიციური ძალა არ აღიარებს ამ შედეგებს, ასეთი პარლამენტისაგან მიღებული გადაწყვეტილებები, მათ შორის რა თქმა უნდა, მთავრობის დამტკიცება, ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით სერიოზულ კრიზისს აჩენს.
სწორედ ამიტომაა, რომ ახალი არჩევნები გვსურს, რომ ეს პრობლემები ჩამოვიშოროთ, ლეგიტიმურობის კრიზისი აღარ იყოს და ქვეყანამ ნორმალური ფუნქციონირება გააგრძელოს. ამიტომ, ეს მთავრობა ვერანაირ კრიზისს ვერ დაძლევს და ვერანაირ პრობლემას ვერ მოაგვარებს, მარტო იმიტომ კი არა, რომ არალეგიტიმური პარლამენტის მიერ იქნება მანდატი მიცემული, არამედ გამოჩნდა, რომ არც ხედვაში, არც კონკრეტულ ადამიანებში არანაირი ცვლილება არ არის ივანიშვილის მხრიდან, ის იგივე პოლიტიკას გააგრძელებს იგივე ადამიანების მეშვეობით“ - აცხადებს ევროპული საქართველოს წარმომადგენელი, სერგი კაპანაძე.
Facebook Forum