ჰარისი: "ამერიკა ხმას აიმაღლებს სამხრეთ ჩინეთის ზღვის საკითხზე"

"ამერიკა მიესალმება კონკურენციას და არ სურს პეკინთან კონფლიქტი, მაგრამ ჩვენ ხმას ავიმაღლებთ სამხრეთ ჩინეთის ზღვაში უთანხმოებასთან დაკავშირებით", - განაცხადა შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტმა კამალა ჰარისმა, რომელმაც ხუთშაბათს სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში ვიზიტი დაასრულა.

სინგაპურსა და ვიეტნამში ყოფნის დროს, ჰარისმა ჩინეთი რეგიონში მეზობლების დაშინებაში დაადანაშაულა და პეკინისგან კრიტიკაც მიიღო. ჩინეთმა თავის მხრივ ამერიკას რეგიონის საქმეებში ჩარევასა და მშვიდობის დარღვევაში დასდო ბრალი.

ასევე ნახეთ: კამალა ჰარისი სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში ამერიკის მხარდაჭერაზე საუბრობს


"ჩვენ ვაპირებთ ხმა ავიმაღლოთ, როდესაც პეკინი დგამს ნაბიჯებს, რომლებიც ეწინააღმდეგება წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგს", - თქვა კამალა ჰარისმა.

ვიცე-პრეზიდენტ ჰარისის 7-დღიანი ვიზიტი სინგაპურსა და ვიეტნამში, ჩინეთის მიმართ ამერიკის გლობალური სტრატეგიის ნაწილია. ჩინეთს, ვიეტნამს, ბრუნეის, მალაიზიას, ფილიპინებსა და ტაივანს სამხრეთ ჩინეთის ზღვაში ტერიტორიული უთანხმოება აქვთ. ეს არსებითი მნიშვნელობის სატრანზიტო ხაზებსა და სათევზაოდ გამოსადეგ ტერიტორიებსაც უკავშირდება.