Your browser doesn’t support HTML5
ბოლო პერიოდის მოვლენები, წინა ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირთა და პოლიციის მაღალჩინოსანთა ხმაურიანი დაპატიმრებები, ურთიერთბრალდებები, თბილისის მერის მიერ გაკეთებული მწვავე განცხადება დიქტატურის მოახლოების შესახებ, ლოგიკურად ბადებს შეკითხვას, როგორ განვითარდება პოლიტიკური სიტუაცია საქართველოში უახლოეს მომავალში?
1 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, ხელისუფლების „დემოკრატიული გადაბარების“ პროცესში სერიოზული ბზარები გაჩნდა. როგორც მოსალოდნელიც იყო, არჩევნებში დამარცხებული „ნაციონალური მოძრაობა“ სახელისუფლებო ბერკეტების დაკარგვასა და განსაკუთრებით, თანამოაზრეების დაპატიმრებების სერიაზე მტკივნეულად რეაგირებს.
ამ დროისთვის, დაკავებულები არიან „ვარდების რევოლუციის“ თვალსაჩინო ფიგურები, პრეზიდენტს სააკაშვილისა და ყოფილი პრემიერის ვანო მერაბიშვილის უახლოესი გარემოცვის წევრები - ბაჩო ახალია, შოთა ხიზანიშვილი, ლევან ქარდავა, ვაჟა ლილუაშვილი, გიორგი ყავლაშვილი. სისხლის სამართლებრივი დევნა ხორციელდება დათა ახალიას, თენგიზ გუნავასა და გიორგი კალანდაძის წინააღმდეგ. რაც მთავარია, არავინ იცის ვინ იქნება შემდეგი.
საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის სამართლისა და პოლიტიკის სკოლის დეკანი ბაკურ კვაშილავა ამერიკის ხმასთან ამბობს:
„რვა წლის შემდეგ ხელისუფლება იცვლება და რა თქმა უნდა პირველი თვეები იქნება მძიმე, სტრესული და ბევრი ცვლილების მომტანი. აქედან გამომდინარე, ეს პოლიტიკური პროცესის დამახასიათებელია, როდესაც ერთი სისტემის მეორით შეცვლას მოსდევს მსგავსი კატაკლიზმები.
გასაგებია „ნაცმოძრაობის“ პოზიცია, ბუნებრივია, მტკივნეულია, როდესაც ის ბერკეტები, რომლებიც მათ რვა წლის განმავლობაში გააჩნდათ, აღარ არსებობს. ახალ პოზიციასთან შეგუება არის ძნელი, მაგრამ როდესაც სამართლებრივ სახელმწიფოს აშენებ ბუნებრივია, რომ სამართალი უნდა დაიცვა.
ასე რომ თუკი არსებობდა რეალური ბრალეულობა და მტკიცებულებები, რომ კონკრეტულმა პირებმა სამსახურებრივი დანაშაული ჩაიდინეს, ახალი ხელისუფლების მოვალეობა საკუთარი ამომრჩევლისა და ხალხის წინაშე იყო ის გაეკეთებინა რაც გააკეთა.
რაც შეეხება სამოქალაქო დაპირისპირების შესაძლო საფრთხეს: აქ თუ იგულისხმება სამოქალაქო ომი, შეიარაღებული დაპირისპირება, პუტჩი - ამის ალბათობა, თეორიულად შეიძლება დავუშვათ, მაგრამ ის, რომ სამოქალაქო დაპირისპირებაში ვიგულისხმოთ ხალხის ორად გაყოფა და ერთმანეთთან დაპირისპირება ამის საფრთხე ჯერ არ ჩანს.
აი, თუნდაც ამ ბოლო დაპატიმრებებმა არ გამოიწვია ის მასობრივი მღელვარება და დემონსტრაციები რასაც უმცირესობა ელოდა.“
არჩევნების შემდეგ, „ნაციონალური მოძრაობა“ ეტაპობრივად კარგავს პოლიტიკურ გავლენას როგორც თავდაცვის, ისე შინაგან საქმეთა სამინისტროზე.
შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის თანამდებობისთვის ბრძოლა, რომელზეც პრეზიდენტმა სააკაშვილმა არჩევნების წაგების მიუხედავად მისი მხარდამჭერი ბრიგადის გენერალი დანიშნა, ახალმა მთავრობამ მოიგო. თუმცა, ბრძოლის ხერხებმა საქართველოს სახელმწიფო და ქვეყნის საერთაშორისო რეპუტაცია დააზარალა.
ექსპერტების ნაწილის აზრით, „ნაციონალური მოძრაობა“ პრეზიდენტ სააკაშვილის ხელმძღვანელობით, კვლავაც განაგრძობს კამპანიას, რომლის მიზანია საერთაშორისო საზოგადოების თვალში, პრემიერ ივანიშვილის მთავრობის ნაბიჯები პოლიტიკურ რეპრესიად შეფასდეს.
რა რესურსი აქვს ამ მიმართულებით ყოფილ მმართველ პარტიას და შეიძლება თუ არა საქართველოში მწვავე პოლიტიკური კრიზისი დაიწყოს? „ნაციონალურ მოძრაობას“, როგორც საპარლამენტო უმცირესობას, უკვე ჰქონდა პარლამენტის საქმიანობის ბოიკოტირების მცდელობა.
ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე ფიქრობს, რომ 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის დამტკიცების დროს, უმცირესობამ შეიძლება პოლიტიკური შანტაჟის გზას კიდევ ერთხელ მიმართოს.
„გააჩნია მიიღებს, თუ არა უმცირესობა ბიუჯეტის დამტკიცებისას მონაწილეობას კენჭისყრაში. თუ მათ არ მიიღეს მონაწილეობა და პარლამენტში ქვორუმი ვერ შეგროვდა, ბიუჯეტი ჩავარდება. ამან შეიძლება არასასურველი მოვლენები გამოიწვიოს.
გარდა ამისა, თუ წავიდა სიტუაციის ხელოვნული ესკალაცია და ვერ მოინახა კომპრომისი უმრავლესობასა და უმცირესობას შორის, პრეზიდენტს შეიძლება გაუჩნდეს გარკვეული საბაბი იმისა, რომ მან პარლამენტის დათხოვნაზე იფიქროს.
მაგრამ მე, ამ ეტაპზე, ეს პერსპექტივა ჯერჯერობით არარეალურად მეჩვენება, თუნდაც იმის გამო, რომ ჯერჯერობით საზოგადოების ნდობა ახალი ხელისუფლების მიმართ არის მაღალი. თუკი პრეზიდენტი მაინც გადაწყვეტს ასეთ რადიკალურ ნაბიჯზე წავლას, მე ვფიქრობ ეს შეიძლება მისი და მისი პარტიისთვის არასასურველი აღმოჩნდეს.“
პოსტსაარჩევნო საქართველოში უნიკალური და უპრეცედენტო პოლიტიკური სიტუაციაა შექმნილი. მთელი აღმსარულებელი ხელისუფლება ბიძინა ივანიშვილის „ქართული ოცნების“ ხელშია.
ოპოზიციაში მყოფი „ნაციონალური მოძრაობის“ სულისჩამდგმელი და ლიდერი მიხეილ სააკაშვილი კი ქვეყნის პრეზიდენტად რჩება და სერიოზულ გავლენას ინარჩუნებს, როგორც სასამართლო ხელისუფლებაზე, ისე სატელევიზო მედიის დიდ ნაწილზე.
ახალი მთავრობისთვის სერიოზულ პრობლემად რჩება ძალაუფლების დეფიციტი რეგიონებშიც, სადაც ხელისუფლებას პრეზიდენტის მიერ დანიშნული გუბერნატორები და გამგებლები წარმოადგენენ.
პოლიტიკურ ძალთა ასეთი განლაგება და ძალაუფლების ამგვარი გადანაწილება, ექსპერტთა აზრით, თავისთავად გულისხმობს, რომ „მცირე პოლიტიკური ბიძგები“ საქართველოში აუცილებლად გაგრძელდება.