მალაიზიის ავიახაზების რეის MH17-ის ჩამოგდებისას დაღუპულთა ახლობლები შემთხვევიდან ხუთი წლის თავზე მსხვერპლთათვის პატივის მისაგებად შეიკრიბნენ.
ამსტერდამსა და კუალა-ლუმპურს შორის რეისის შესრულებისას სამგზავრო თვითმფრინავი 2014 წლის 17 ივლისს ბუკის ტიპის რაკეტით ჩამოაგდეს აღმოსავლეთ უკრაინის იმ ტერიტორიაზე, რომელსაც პრო-რუსი სეპარატისტები აკონტროლებდნენ. ბორტზე მყოფი 298 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 80 ბავშვი.
ნიდერლანდებში, რომლის 193 მოქალაქეც ბორტზე დაიღუპა, მოხსენიების ცერემონიები 16 ივლისს გაიმართა. ქალაქ ჰილვერსუმში დარუპულთა ოჯახის წევრებმა მათ მოსახსენიებელ წირვაში მიიღეს მონაწილეობა. ის იმ სასულიერო პირმა ჩაატარა, რომელიც აღმოსავლეთ უკრაინიდან წამოღებულ მზესუმზირის თესლს ახარებს
ამავე დღეს ქვეყანაში რეისის ტრაგედიისადმი მიძღვნილი ცალკეული კონფერენცია გაიმართა.ვაშინგტონში კი - მრგვალი მაგიდა.
ჯორჯ კენტმა, ამერიკის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილემ განაცხადა: "რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში მასთან დაკავშირებული ჯგუფების ხელმძღვანელობით, დაფინანსებითა და ორგანიზებით შექმნა საფუძველი იმისთვის, რომ რეისი MH17 ჩამოეგდოთ", - თქვა კენტმა. მისივე განმარტებით, რუსეთი "აგრძელებს მისი ძალების არსებობის უარყოფას" უკრაინის მთავრობის მიერ არაკონტროლირებად ნაწილებში.
მოსკოვი მალაიზიის ავიახაზების თვითმფრინავის ჩამოგდებასთან კავშირს გამუდმებით უარყოფს. თვითმფრინავის ბორტზე 15 სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეები დაიღუპნენ.
ნიდერლანდების ხელმძღვანელობით მოქმედმა გამომძიებელთა გუნდმა დაასკვნა, რომ უკრაინისკენ და უკან - რუსეთისკენ, სწორედ რუსულმა ჰაერსაწინააღმდეგო ბრიგადამ გადაიტანა სარაკეტო სისტემა. გამომძიებელთა გუნდმა ივნისში რუსეთის სამ და უკრაინის ერთ მოქალაქეს მკვლელობაში წაუყენა ბრალი. ისინი სასამართლოს წინაშე 2020 წლის მარტში უნდა წარდგნენ, თუმცა სავარაუდოდ ყველა მათგანი რუსეთში იმყოფება. გამომძიებლებმა პირობა დადეს, რომ კვლევის პროცესი არ შეწყდება და ისინი "ბრძანებების ჯაჭვს" მიჰყვებიან და დანაშაულის ჩადების ბრძანების გამცემის გამოვლენას ეცდებიან.
ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსიის შემდეგ დაწესებული სანქციები დასავლეთის ქვეყნებმა თვითმფრინავის ინციდენტის შემდეგ კიდევ უფრო გაამკაცრეს.