შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, ვენესუელის ოპოზიციის ლიდერ ხუან გუაიდოს მხარდასაჭერ სიტყვაში, რომელიც შეერთებულმა შტატებმა და ევროპის და სამხრეთ ამერიკის ბევრმა ქვეყანამ დროებით პრეზიდენტად აღიარა, „სოციალიზმის საფრთხეებზე“ ისაუბრენს.
თეთრი სახლის ცნობით, იმ დროს, როდესაც ტრამპის ადმინისტრაცია ვენესუელის სოციალისტი პრეზიდენტის, ნიკოლას მადუროს წინააღმდეგ განცხადებების გაკეთებას აგრძელებს, თვითონ დონალდ ტრამპი, ფლორიდის საერთაშორისო უნივერსიტეტში სიტყვით გამოვა. ეს სასწავლებელი მაიამის იმ უბანშია, სადაც შეერთებულ შტატებში ვენესუელელების ყველაზე დიდი თემი ცხოვრობს.
ტრამპი ვენესუელაში ამერიკულ სამხედრო ინტერვენციას არ გამორიცხავს, თუმცა წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კონმიტეტის დემოკრატმა თავმჯდომარემ, კონგრესმენმა ელიოტ ენგელმა თქვა, რომ კანონმდებლები ასეთ ნაბიჯს მხარს არ დაუჭერენ.
ვენესუელისთვის ჰუმანიტარული დახმარებით დატვირთული ამერიკული სამხედრო სატრანსპორტო თვითმფრინავები შაბათს, კოლუმბიაში დაეშვნენ. საზღვრის გადაკვეთის მოლოდინში, აქ უკვე ტონობით სურსათი და მედიკამენტებია თავმოყრილი.
შეერთებული შტატებიდან და ბევრი სხვა ქვეყნიდან გაგზავნილი დახმარება ჯერ არც ერთ ვენესუელელამდე არ მისულა და კოლუმბიაში და ბრაზილიაშია გაჩერებული.
მადურო აცხადებს, რომ დახმარება საჭირო არ არის და ის უკანონოა.