ვანუატუმ ვაჭრობა დაასრულა

პრეზიდენტი სააკაშვილი და ვანუატუს პრემიერი კალოსილი

პორტ ვილამ ოფიციალურად სცნო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და ამჯერად დიპლომატიური ურთიერთობა თბილისთან დაამყარა

Your browser doesn’t support HTML5

საქართველო


საქართველომ და ვანუატუს რესპუბლიკამ დიპლომატიური და საკონსულო ურთიერთობები დაამყარეს. ეს მოხდა პარასკევს, ნიუ იორკში, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შტაბ-ბინაში.

შესაბამის ოქმს, საქართველოს მხრიდან ხელი, გაეროში საქართველოს ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ მახარობლიშვილმა, ხოლო ვანუატუს მხრიდან, გაეროში ამ ქვეყნის მუდმივმა წარმომადგენელმა დონალდ კალპოკასმა მოაწერეს. კალპოკასი იმავდროულად, ვანუატუს ელჩია ამერიკის შეერთებულ შტატებში.

წყნარი ოკეანის აუზის კუნძულოვან სახელმწიფოსთან დიპურთიერთობის დამყარების შესახებ ინფორმაცია, სხვა დროს, ალბათ, არც მიიქცევდა დიდ ყურადღებას, თუმცა, ამჯერად, განსაკუთრებულ შემთხვევასთან გვაქვს საქმე.

საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობის დამყარებით, ვანუატუმ ავტომატურად აღიარა „საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. მისი რეგიონების - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და ცხინვალის რეგიონის ჩათვლით.“

ეს კი იმას ნიშნავს, რომ ვანუატუმ ოფიციალურად გააუქმა, "აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების" ორი წლის წინანდელი გადაწყვეტილება. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე ამბობს:

„ვანუატუს, რომელიც ოკეანეთში მდებარეობს აღიარებული ჰქონდა ე.წ აფხაზეთის და ოსეთის დამოუკიდებლობა. წელს, 18 მარტს, ვანუატუს მთავრობამ გამოთქვა სურვილი რომ ეს გაუგებრობა აღმოფხვრილიყო და დაემყარებინათ დიპურთიერთობება საქართველოსთან.

მარტის ბოლოს ვანუატუში შეიცვალა მთავრობა, რომელთანაც ჩვენ დავიწყეთ აქტიური დიპლომატიური მუშაობა. ეს მუშაობა წარმატებით დასრულდა 12 ივლისს, როდესაც ნიუ იორკში მოეწერა ხელი ოქმს საქართველოსა და ვანუატუს შორის დიპურთიერთობის დამყარების თაობაზე.“

ვანუატუს მხრიდან საქართველოს სეპარატისტული რეგიონების აღიარებას თავიდანვე ბევრი უცნაურობა ახლდა. სოხუმის ხელისუფლებამ ინფორმაცია, რომ ვანუატუმ სცნო აფხაზეთის დამოუკიდებლობა 2011 წლის 31 მაისს გაავრცელა.

უკვე 3 ივნისს, როგორც ამერიკულ, ისე ქართულ მედიასთან საუბარში, გაეროში ვანუატუს მუდმივმა წარმომადგენელმა დონალდ კალპოკასმა ცნობა აფხაზეთის აღიარების შესახებ ცნობა კატეგორიულად უარყო. თუმცა, 7 ივნისს, ვანუატუს პრემიერ-მინისტრის თანაშემწემ ჯონ შინგმა აღიარების ფაქტი ოფიციალურად დაადასტურა.

პარალელურად, რუსულმა გაზეთმა „კომერსანტმა“ გამოაქვეყნა აფხაზეთსა და ვანუატუს შორის გაფორმებული ხელშეკრულების ასლი. დოკუმენტს ხელს აფხაზთა მაშინდელი "პრემიერი" სერგეი შამბა და კუნძულის პრემიერი სატო კილმანი აწერდნენ.

სიტუაცია კიდევ ერთხელ შეიცვალა, 2011 წლის 16 ივნისს, როცა კორუფციაში დადანაშაულებული პრემიერი სატო კილმანი დროებით ედუარდ ნატაპეიმ შეცვალა. მან გაეროში ვანუატუს ელჩს აფხაზეთის დამოუკიდებლობის ცნობის გაუქმება და საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობის დამყარება დაავალა. ნატაპეის ამ ამოცანის შესრულება არ დასცალდა, 10 დღეში კილმანმა ძალაუფლება ისევ დაიბრუნა.

ვანუატუს მხრიდან აფხაზეთის აღიარება-არაღიარების თემა 2013 წლის მარტიდან ისევ გააქტიურდა. პრემიერმა კილმანმა პორტ ვილაში პრესკონფერენციაზე მოულოდნელად განაცხადა, რომ ვანუატუ დიპლომატიური ურთიერთობის დამყარებას საქართველოსთან აპირებს. ვანუატის საგარეო საქმეთა დეპარტამენტის დირექტორმა ჯონ კოანაპომ კი აღნიშნა, რომ „აფხაზეთის აღიარება არ მომხდარა და ეს გაუგებრობა იყო.“

გაუგებარ სიტუაციას გარკვეულწილად ფარდა ახადა, 2013 წლის 19 მარტს, ვანუატუს ყოფილი საგარეო მინისტრის ჯო ნატუმანის ახალ ზელანდიული რადიოსთვის მიცემულმა ინტერვიუმ.

ნატუმანმა თქვა, რომ რუსმა დიპლომატმა აფხაზეთის აღიარების სანაცვლოდ ფული ჯერ კიდევ 2010 წელს შესთავაზა, რაზეც მან უარი განაცხადა. რუსეთის წინადადება კუნძულ ნაურუსთვის გაკეთებული შეთავაზების მსგავსი იყო. ნაურუს რუსეთმა აღიარების სანაცვლოდ 50 მილიონი დოლარი გადაუხადა.

ნატუმანის თქმით, 2011 წლის გაზაფხულის ბოლოს პრემიერმა კილმანმა აფხაზეთის დამოუკიდებლობა ნამდვილად სცნო. 2012 წლის თებერვალში კილმანი და საგარეო საქმეთა მინისტრი ალფრედ კარლოტო კუნძულ ფიჯიზე ჩასულ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს შეხვდნენ.

„მე ვფიქრობ რომ ისინი ცდილობდნენ რუსეთისგან გარკვეული ფული მიეღოთ აფხაზეთის აღიარების სანაცვლოდ. შეიძლება, რუსეთმა არ მისცა ფული და ამიტომ შეიცვალეს პოზიცია.“ - განაცხადა ჯო ნატუმანმა.

2013 წლის მარტის ბოლოს, სატო კილმანმა პრემიერ-მინისტრის პოსტი დაკარგა. ახალი პრემიერი მოანა კალოსილი გახდა. 20 მაისს, ტაილანდში, კალოსილს საქართველოს პრეზიდენტი შეხვდა და ვანუატუს ახალმა პრემიერმა კიდევ ერთხელ დაუდასტურა აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების გაუქმების ფაქტი. მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ ვანუატუს გადაწყვეტილება მნიშვნელოვანი პრეცედენტია:

„ეს არის პირველი პრეცედენტი, როცა რუსეთმა დიპლომატიურ ფრონტზე ძალიან სერიოზული მარცხი განიცადა. მე დარწმუნებული ვარ, რომ არა უკანასკნელი. უნდა გავაგრძელოთ აქტიური მუშაობა, რომ ჯერ რუსეთმა ვისაც აღიარებინა ჩვენი ტერიტორიები იმათ გავაუქმებინოთ ეს გადაწყვეტილებები. და მოვა ის დროც როცა რუსეთიც წაიღებს უკან ამ აღიარებას და დაიხევს უკან.“

ჯერ კიდევ თბილისთან დიპლომატიური ურთიერთობის დამყარებამდე, 13 ივნისს, გაეროს გენერალურ ასამბლეაზე, ვანუატუმ მხარი დაუჭირა საქართველოსთვის მნიშვნელოვან რეზოლუციას სახელწოდებით - “იძულებით გადაადგილებულ პირთა და დევნილთა სტატუსის შესახებ, აფხაზეთი - საქართველო, ცხინვალი - საქართველო”. ნიშანდობლივია, რომ იგივე გააკეთა კუნძულმა ტუვალუმაც, რომელმაც ასევე სცნო სეპარატისტული ანკლავების დამოუკიდებლობა.

2008 წლის ხუთდღიანი ომის შემდეგ, აფხაზეთის და სამხეთ ოსეთის დამოუკიდებლობა თანმიმდევრობით სცნო ექვსმა ქვეყანამ: რუსეთმა, ნიკარაგუამ, ვენესუელამ, ნაურუმ, ვანუატუმ და ტუვალუმ. ვანუატუს გადაწყვეტილების შემდეგ, მათი რაოდენობა ხუთამდე შემცირდა.

ვანუატუ უკვე იყო მსგავს ისტორიაში გახვეული. 2004 წელს, პორტ ვილამ 30 მილიონის დოლარის მიღების იმედით, ტაივანის დამოუკიდებლობა სცნო. თუმცა, მას შემდეგ რაც ჩინეთი ვანუატუს სამხედრო ინტერვენციით დაემუქრა, პორტ ვილამ ტაივანის დამოუკიდებლობის აღიარების აქტი გააუქმა.