1 ოქტომბერს, დემოკრატი გუბერნატორი ტიმ უოლცი და რესპუბლიკელი სენატორი ჯეი დი ვენსი ერთმანეთს დებატებზე პირველად დაუპირისპირდებიან. ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატთა დებატები ნიუ-იორკში დღეს საღამოს, 5 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებამდე დაახლოებით ერთი თვით ადრე გაიმართება.
დებატები ადგილობრივი დროით, საღამოს 9 საათზე დაიწყება და 90 წუთს გაგრძელდება. მას ტელეკომპანია "სი-ბი-ესის" (CBS) საღამოს ახალი ამბების გამოშვება უმასპინძლებს. დებატებს ორი მოდერატორი ეყოლება, ნორა ო'დონელი - საღამოს ახალი ამბების გამოშვების წამყვანი და რედაქტორი, მეორე კი მარგარეტ ბრენანი იქნება - უცხოეთის ახალი ამბების განყოფილების კორესპონდენტი.
ასევე ნახეთ: ამერიკელი ამომრჩევლებისთვის საარჩევნო ბიულეტენების გაგზავნა დაიწყოამერიკელი ამომრჩევლების ნაწილი ნაადრევ არჩევნებში მონაწილეობს და 50-იდან 6 შტატში უკვე აძლევენ ხმას საპრეზიდენტო კანდიდატებს. 16 ოქტომბრიდან კი ხმის მიცემა კიდევ 14 შტატში დაიწყება.
ამ ეტაპზე რესპუბლიკელებს და დემოკრატებს შორის სხვა დებატები დაგეგმილი არ არის. ასე, რომ ეს შეიძლება იყოს ფინალური დებატი ამერიკის ორი წამყვანი პარტიის საარჩევნო კამპანიებს შორის.
პირველი და ჯერჯერობით ბოლო დებატები ამერიკის ყოფილ რესპუბლიკელ პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და ამჟამინდელ დემოკრატ ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისს შორის, 10 სექტემბერს გაიმართა. ბოლო გამოკითხვებში ჰარისს მცირე უპირატესობა აქვს, გადამწყვეტ შტატებში კი მისი და ტრამპის რეიტინგები თითქმის ერთნაირია.
ბილ გალსტონი, ბრუკინგსის ინსტიტუტის უფროსი მკვლევარი ფიქრობს, რომ ახლა, დებატების წინ, ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატთა მიზანია, მათი განცხადებები თანხვედრაში იყოს საპრეზიდენტო კანდიდატთა პოლიტიკასთან. "პირველ რიგში, ისინი შეეცდებიან ელექტორატს თავი წარუდგინონ და მათზე კარგი შთაბეჭდილების დატოვება შეძლონ", - ამბობს ის. ამის შემდეგ, კი ვენსისა და უოლცის მიზანი იქნება "ისეთი არაფერი ჩაიდინონ, რაც დაასუსტებს ან შეარცხვენს მათი პრეზიდენტობის კანდიდატთა პოზიციებს".