წარუმატებელი სამხედრო გადატრიალების შემდეგ თურქეთში შიდა პოლიტიკური მდგომარეობა შეიცვალა, რამაც თურქეთსა და დასავლეთს შორის ურთიერთობა შესაძლოა დაძაბოს. ამ ცვლილებამ ამერიკასა და თურქეთს შორის შესაძლოა ისეთი ურთიერთობა ჩამოაყალიბოს, როგორც ამერიკას დღეს პაკისტანთან აქვს. პაკისტანი კი არის ქვეყანა, რომელსაც დასავლეთთან ღირებულებების თვალსაზრისით მინიმალური თანხვედრა აქვს, სადაც ადამიანის უფლებების დაცვა სათემო პრინციპებზეა დამოკიდებული და რომლის მთავრობასაც არა მხოლოდ საკუთარი მოსახლეობის, არამედ საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდანაც ნდობის პრობლემა აქვს. ამაზე მაიკლ რუბინი, ამერიკის წამოწყებათა ინსტიტუტის თურქეთის მკვლევარი და პენტაგონის ყოფილი მაღალჩინოსანი “ამერიკის ხმასთან” აცხადებს.
ამერიკასა და თურქეთს შორის ისეთი ურთიერთობები ჩამოყალიბდება, როგორიც ამერიკას პაკისტანთან აქვს. ეს იმას ნიშნავს, რომ [...] ვაშინგტონი აღიარებს იმას, რომ ეს არ იქნება ერთგული მოკავშირე, მაგრამ ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ თურქეთთან ურთიერთობა შეინარჩუნოსმაიკლ რუბინი
თურქული მედიის ინფორმაციით, მარცხით დამთავრებული გადატრიალების მცდელობის შემდეგ ათასობით სამხედრო პერსონალის დაკავებასთან ერთად, რომელთა შორის არაერთი გენერალი და ადმირალია, დაპატიმრებულია 2700-ზე მეტი მოსამართლე, სამსახურიდან გათავისუფლებულია 15200 მასწავლებელი, უნივერსიტეტების 1500 დეკანი, 9000 ადამიანი შინაგან საქმეთა სამინისტროდან და 1500 ფინანსთან სამინისტროდან.
დაპატიმრებებთან და ადამიანების სამსახურიდან მასობრივ გათავისუფლებასთან ერთად, პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა 20 ივლისს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომაზე ქვეყანაში სამ-თვიანი საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. მან განაცხადა, რომ საგანგებო მდგომარეობა თურქეთში დემოკრატიის დასაცავად იქნა გამოცხადებული. ამასთან, ერდოღანმა სხვა ქვეყნებს მოუწოდა მისი ქვეყნის საქმეებში არ ჩაერიონ.
ვაშინგტონში ექპსერტები აცხადებენ, რომ მიუხედავად ამ მოქმედებებისა, ანკარის გრძელვადიანი საგარეო პოლიტიკა, სავარაუდოდ, არ შეიცვლება, თუმცა ქვეყნის შიგნით ავტორიტარული ცვლილებები აუცილებლად მოხდება.
მთავრობის მიერ ადამიანის უფლებების, პრესის თავისუფლებისა და დემოკრატიული პრინციპების შელახვამ, გრძელვადიან პერსპექტივაში შეიძლება ურთიერთობების დაძაბვამდე მიგვიყვანოს.კურტ ვოლკერი
გადატრიალების მცდელობისას, დასავლეთმა თურქეთის მთავრობას და ქვეყანაში დემოკრატიულ მმართველობას უპირობო მხარდაჭერა გამოუცხადა. მაკკეინის ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი და ამერიკის ყოფილი ელში ნატოში კურტ ვოლკერი ამბობს, რომ ერდოღანი ამ მხარდჭერას საკუთარი ძალაუფლების გასამყარებლად გამოიყენებს.
“მე ის მაღელვებს, რომ ერდოღანი სამხედრო გადატრიალების ამ მცდელობამდეც გვაჩვენებდა ანტი-დემოკრატიულ ტენდენციებს. ახლა ის ამ ინციდენტს გამოიყენებს იმისთვის, რომ სამოქალაქო საზოგადოებაზე უფრო მეტი ზეწოლა განახორციელოს. თურქეთში ამ ინციდენტის შემდეგ უფრო მეტად შეიზღუდება მედია, პოლიტიკური საქმიანობა და ზოგადად დემოკრატია,” აცხადებს ყოფილი ელჩი.
Your browser doesn’t support HTML5
მაიკლ რუბინი ამბობს, რომ თურქეთის ჯარმა საკუთარი შესაძლებლობები ვერ გათვალა. მისი თქმით, ნამდვილი გადატრიალება ახლა იწყება, როცა ქვეყანაში მასობრივი დაპატიმრებები ხდება. მიუხედავად ერთსულოვანი მხარდაჭერისა, რუბინს მიაჩნია, რომ დასავლეთი საკუთარი განცხადებების ტყვედ არ იქცევა. თუ ერდოღანმა ზედმეტად ავტოკრატული ნაბიჯები გადადგა, დასავლეთს თურქეთთან ურთიერთობა გაუფუჭდება.
“სასამართლო სისტემის წინააღმდეგ ბრძოლა, პრესის წინააღმდეგ ბრძოლა დასავლეთისთვის მიუღებელი იქნება. ევროპელები, ამერიკელები იტყვიან, რომ მათ არაკანონიერი გადატრიალების წინააღმდეგ აიმაღლეს ხმა. დასავლეთი კანონის უზენაესობის დაცვის მომხრეა - მისი დარღვევა კი ერთნაირად შეუძლიათ როგორც გადატრიალებაში მონაწილეებს, ასევე თურქეთის პრეზიდენტს,” აცხადებს რუბინი.
ამ მოსაზრებას ვოლკერიც იზიარებს და ამბობს, რომ მოკლევადიან პერსპექტივაში ცვლილებებს არ მოელის და ამ მიმართულებით თურქეთ-დასავლეთის ურთიერთობები უცვლელი დარჩება. თუმცა, ის ამბობს, რომ “მთავრობის მიერ ადამიანის უფლებების, პრესის თავისუფლებისა და დემოკრატიული პრინციპების შელახვამ, გრძელვადიან პერსპექტივაში შეიძლება ურთიერთობების დაძაბვამდე მიგვიყვანოს.”
სირიაში დაჯგუფება “ისლამური სახელმწიფოს” წინააღმდეგ წარმოებული სამხედრო ოპერაციებისა და ზოგადად, ახლო აღმოსავლეთში თურქეთის როლთან დაკავშირებით, ვაშინგტონსა და ანკარას შორის ურთიერთობებში დაძაბულობა უკვე შეიმჩნევა. რუბინი ამბობს, რომ “ურთიერთობები დასავლეთსა და თურქეთს შორის უკანასკნელ პერიოდში საკმაოდ გაფუჭდა. ალბათ, გახსოვთ, ერთი პერიოდი ყოველი მეხუთე თურქი სამხედრო ოფიცერი ცხეში იყო.”
მისი თქმით, განსაკუთრებით დიდი საფრთხის ქვეშ დგას ამერიკა-თურქეთის ურთიერთობები. “ჩემი აზრით, ამერიკასა და თურქეთს შორის ისეთი ურთიერთობები ჩამოყალიბდება, როგორიც ამერიკას პაკისტანთან აქვს. ეს იმას ნიშნავს, რომ იქნება ანტი-ამერიკანიზმი, რომელიც ხშირად მთავრობიდან იქნება წამოსული. ვაშინგტონი აღიარებს იმას, რომ ეს არ იქნება ერთგული მოკავშირე, მაგრამ ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ თურქეთთან ურთიერთობა შეინარჩუნოს,” აცხადებს რუბინი.
ამ არგუმენტს რუბინი იმითაც ამყარებს, რომ ამერიკაში მიმდინარე დაძაბული საპრეზიდენტო არჩევნებისა და ევროპაში გახშირებული ტერორისტული აქტების ფონზე, ახლო მომავალში გადასავლეთმა შეიძლება ბევრ რამეზე დახუჭოს თვალი ახლო აღმოსავლეთში და განსაკუთრებით თურქეთში სტაბილურობის შესანარჩუნებლად.
სამხედრო გადატრიალების მცდელობიდან 24 საათზე ნაკლებ დროში, პრეზიდენტმა ერდოღანმა აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამას საჯაროდ სთხოვა ფეტულა გულენის ანკარაში ექსტრადირება. გულენი 75 წლის თურქი იმამია, რომელიც 1999 წლიდან პენსილვანიის შტატში ცხოვრობს. ერდოღანი გადატრიალების მცდელობის ორგანიზებას გულენს და მის მომხრეებს აბრალებს. ვაშინგტონმა საპასუხოდ განაცხადა, რომ ანკარის მხრიდან სათანადო მტკიცებულების წარმოდგენის შემთხვევაში, გულენის გადაცემას არ გამორიცხავს.
ერდოღანის ამ განცხადებიდან რამდენიმე საათში, თურქეთის შეიარაღებულმა ძალებმა ინჯირლიკის ბაზაზე, საიდანაც ამერიკა “ისლამური სახელმწიფოს” პოზიციებს ბომბავს, თვითმფინავებს ფრენის უფლება ჩამოართვა. მოგვიანებით კი ბაზას კომეციული დენის მიწოდება შეუწყდა, რის გამოც ბაზას ამ დრომდე შიდა გენერატორებით უწევს მუშაობა.