დახმარება ამერიკელი ხალხისგან კონფლიქტის ზონის მცხოვრებლებისთვის

შიდა ქართლში, სეტყვისგან მძიმედ დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად აშშ-ს მთავრობა ერთ მილიონ დოლარს გამოყოფს. ეს თანხა ნამდვილი შვებაა ადგილობრივებისთვის.

მაისში, შიდა ქართლი, განსაკუთრებით ეგრეთ წოდებული გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლები იმდენად მძიმედ დაისეტყვა, რომ მოსავლის მიღების იმედი აქ ყველას გადაეწურა. არადა რეგიონი, პრაქტიკულად, სოფლის მეურნეობით ირჩენს თავს. 2008 წლის ომმა, ტერიტორიების დაკარგვის, მატერიალური და არამატერიალური ზიანის გარდა, აქ მაცხოვრებლები იმითაც დააზარალა, რომ მათ ხანგრძლივვადიან პერსპექტივაში შემოსავლის წყარო, პირდაპირმნიშვნელოვნად წაართვა.

სოფლის მეურნეობის წარმოებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ატრიბუტი, სარწყავი სისტემა და სათავე ნაგებობები ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოექცა. ომიდან ათი წლის შემდგომ ჯერ კიდევ გრძელდება ალტერნატიული სარწყავი ნაგებობებისა თუ ცალკეული ჭაბურღილების მონტაჟი. წლების განმავლობაში უწყლოდ დარჩეილი და გადამხმარი ხეხილის ბაღები არაერთმა ფერმერმა საკუთარი ხელით გაჩეხა. სეტყვა მაშინ, როდესაც ომის შემდგომ, წლების განმავლობაში, პრობლემური გასარწყავების პირობებში სოფლის მეურნეობას ეწევი, აღმართში დაწეულ ქვას ჰგავს. სტიქიის შემდგომ ადგილობრივები ჯერ მერთან შეხვედრას ცდილობდნენ, უშედეგო კომუნიკაციის შემდგომ კი თბილისი-გორის ცენტრალური ავტომაგისტრალი გადაკეტეს და შეხვედრა უკვე სოფლის მეურნეობის მინისტრთან მოითხოვეს. მინისტრი ლევან დავითაშვილი, მართლაც, ჩავიდა გორში და დაზარალებულ ფერმერებს კულტურის სახლის დარბაზში შეხვდა, თუმცა არც ეს ურთიერთობა გამოდგა წარმატებული. მინისტრის შეთავაზებებით უკაყოფილო ადგილობრივებმა შეხვედრა პროტესტის ნიშნად დატოვეს.

ლევან დავითაშვილის უწყებამ მოსავალ- განადგურებულ ადამიანებს განუცხადა, რომ ერთ ჰექტარ მიწის ნაკვეთზე ისინი 200 ლარიან ვაუჩერს მიიღებენ.

"ამერიკის ხმასთან" საუბრისას ახალგაზრდა ფერმერი ტირძნისიდან ჯიკო ხმიადაშვილი აცხადებს, რომ 1,8 ჰექტარ ფართობზე, სადაც მოსავალი მთლიანად გაუნადგურდა, 50-დან 80 ათას ლარამდე შემოსავლის მიღებას გეგმავდა. „ატმისა და ვაშლის ბაღები მაქვს და მარწყვი 20 მეასედზე. სულ განადგურდა. ჰექტარზე 200 ლარი, რასაც ხელისუფლება გვეუბნება, არაფერია. მე საპროტესტო გამოსვლაშიც ვიღებდი მონაწილეობას და შემდეგ მინისტრსაც შევხვდით. ჩვენ რასაც ვთავაზობდით, უარი გვითხრეს. ამიტომ დავტოვეთ დარბაზი და წამოვედით. შემდეგ, მინისტრი სოფელშიც მოვიდა, ჩვენთან, მაგრამ არც სოფელში არ შევხვდით, რადგან იგივეს იტყოდა, 200 ლარს შემოგვთავაზებდა“. ჯიკო ხმიადაშვილმა USAID ის მიერ გამოყოფილი თანხის შესახებ ამერიკის ხმისგან შეიტყო.

ზარალის სტატისტიკა, რომლის თაობაზეც "ამერიკის ხმასთან" შიდა ქართლის გუბერნატორმა, გიორგი ხოჯევანიშვილმა ისაუბრა, ასეთია: სტიქიამ დააზარალა 35 სოფელი, მათგან უმეტესობა გორის მუნიციპალიტეტს ეკუთვნის, რამდენიმე კი ქარელის მუნიციპალიტეტში შედის. სასოფლო-სამეურნეო სავარგულების აღწერის შედეგად, მთლიანად, მრავალწლიანი და ერთწლიანი კულტურები განადგურდა 10 000 ჰექტარზე მეტ ფართობზე. ზიანი განიცადა, დაახლოებით, 8 ათასმა ოჯახმა.

„პირველ ეტაპზე, მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება და ერთ ჰექტარზე 200 ლარის ვაუჩერული ტიპის დახმარება გაიცემა მოსახლეზე. ამის შემდგომ, სამინისტროს ინიციატივით, ერთობლივი ძალებით გვქონდა კომუნიკაცია ამერიკის საელჩოსთან, USAID-სთან და დაჩქარებული რეჟმში მივიღეთ გადაწყვეტილება, ზუსტად ამ რეგიონისთვის, სტიქიით დაზიანებული მოსახლეობისთვის. ერთი მილიონი დოლარი მოხმარდება ხალხს. რა პრინციპით გადანაწილდება თანხები, ჯერ არ ვიცით, დეტალები შეჯერების ეტაპზეა. ვფიქრობთ, რომ მოსახლეობა მიიღებს არა მოჭრილ თანხას, არამედ კომპენსაციას ზიანის პროპორციულად“,- გვეუბნება გიორგი ხოჯევანიშვილი.

თამაზ დალაქიშვილი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყვიავის ყოფილი გამგებელია და აქვე ცხოვრობს. ის 10-დან 12 ტონამდე ვაშლის მიღებას ფიქრობდა, თუმცა ნარგავები იმდენად დაზიანდა, წლევანდელი მოსავლის მიღების შანსები აღარაა. „მე რამდენადაც ვიცი, დახმარება ფულადი სახით არ იქნება, ვაუჩერს მოგვცემენ ბიუჯეტიდან 200 ლარის ოდენობით, რომლის გამოყენება პესტიციდების შესაძენად იქნება შესაძლებელი, ალბათ. ტყვიავში მოსავალი 100 პროცენტითაა მოსავალი განადგურებული. ამერიკის მთავრობა თუ გვეხმარებოდა დამატებით, არ ვიცოდი, მხოლოდ ბიუჯეტის 200 ლარის თაობაზე მქონდა ინფორმაცია,“- გვეუბნება თამაზ დალაქიშვილი.

"ამერიკის ხმა" USAID -ს პროექტ „ზრდა“ს ხელმძღვანელს ქეთი ჭუმბურიძეს ესაუბრა და არა მხოლოდ იმის შესახებ შეიტყო, რომ ამერიკელი ხალხი საქართველოს მოსახლეობას სტიქიის გამო ერთი მილიონი დოლარით ეხმარება, არამედ იმის თაობაზეც მოისმინა, რომ დახმარების სხვა პაკეტში თანხა 20 მილიონ ამერიკულ დოლარს შეადგენს და ის ხუთი წლის განმავლობაში უნდა გაიხარჯოს. „ჩვენ, სოფლის მეურნეობის სამინისტრო და შიდა ქართლის გუბერნატორი შევთანხმდით, დახმარების თაობაზე. მომავალი კვირიდან შევჯერდებით, რა სახით გადაეცემა ეს დახმარება თითოეულ ფერმერს. დაახლოებით, 29 სოფელია, რომელსაც სრულად დავეხმარებით შიდა ქართლში. სეტყვისგან ყველაზე მეტი ზიანი ეგრეთ წოდებულ ადმინისტრაციულ საზღვართან მდებარე სოფლის მოსახლეობამ მიიღო. ეს ისედაც გახლავთ ჩვენი სამიზნე რეგიონი. შიდა ქართლში მუშაობა ჩვენ სამი წლის წინ დავიწყეთ. ეს გახლავთ USAID-ის მიერ დაფინანსებული პროექტი „ზრდა“- გვეუბნება ქეთი ჭუმბურიძე.

დონორებმა სპეციალურად შეარჩიეს სამიზნე ჯგუფებად ადმინისტრაციულ გამყოფ ზოლთან მცხოვრები ადამიანები და ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული რეგიონები, როგორიცაა პანკისის ხეობა, ქვემო ქართლი და სამცხე-ჯავახეთი. „აქ კიდევ ორი წელი გავაგრძელებთ მუშაობას და ჯამში 20 მილიონი დოლარი დაიხარჯება. რაკი ისედაც გვქონდა შეხება შიდა ქართლთან და ვიცოდით ვითარება, ამიტომ მოვიძიეთ პლუს დამატებითი ერთი მილიონი სტიქიის შედეგად დაზარალებულებისთვის,“- ამბობს პროექტის ხელმძღვანელი.

ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოში ფიქრობენ, რომ მნიშვნელოვანია პროექტის დროული დაწყება, რადგან ასეთ შემთხვევაში, შესაძლებელი იქნება ზიანის, გარკვეულ შემცირებაზე ფიქრი.