შემცირდება თუ არა მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში ამერიკის ფინანსური მხარდაჭერა? ეს კითხვა არაერთ ქვეყანაში უჩნდებათ, მათ შორის, საქართველოშიც, სადაც ამერიკის მთავრობის ფონდები და მათთან დაკავშირებული ორგანიზაციები წლებია საქმიანობს.
შეერთებულ შტატებში 1980-იანი წლების დასაწყისში „დემოკრატიის ეროვნული ფონდი“ (NED) დაარსდა იმ მიზნით, რომ მსოფლიოში დემოკრატიის განვითარებისთვის ხელის შესაწყობად, ქვეყნებს ფინანსურად დახმარებოდა. მისი დაარსების ინიციატივით პრეზიდენტი რონალდ რეიგანი 1982 წელს გამოვიდა. მას შემდეგ, წლების მანძილზე ფონდის საქმიანობას ორპარტიული მხარდაჭერა ჰქონდა ამერიკის კონგრესისგანაც.
ამერიკელთა 71 %-ს სჯერა, რომ მთავრობამ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში დემოკრატიის განვითარებას უნდა დაუჭიროს მხარი. მოსახლეობის დაახლოებით 2/3-ს მიაჩნია, რომ დემოკრატიის განვითარება ამერიკის საზღვრებს გარეთ თავად ამერიკასაც უფრო უსაფრთხოს ხდის. ისინი ამ ხარჯების გაზრდასაც კი ემხრობიან.დენიელ თვაინინგი, IRI-ის პრეზიდენტი
ფონდს თავდაპირველად კონგრესის მიერ გამოყოფილი თანხებით „შეერთებული შტატების საინფორმაციო სააგენტო“ (USIA) აფინანსებდა, მოგვიანებით მისი საქმიანობა მკაცრად გაიმიჯნა ამერიკის ხელისუფლების საქმიანობისგან.
ამჟამად NED-ი სახელმწიფო თანხებით დაფინანსებული, მაგრამ კერძოდ მართული ინსტიტუტია და 90-მდე სხვადასხვა ქვეყანაში აფინანსებს არასამთავრობო ორგანიზაციებს, მათ შორის, საქართველოშიც. მსოფლიოში მიმდინარე არაპროგნოზირებადი მოვლენების პარალელურად კი არ წყდება კამათი იმაზე, როგორი უნდა იყოს ამერიკის როლი.
დონალდ ტრამპის პოლიტიკა „ამერიკა უპირველეს ყოვლისა“, ორივე მხარის მიერ "წარმატებულად" შეფასებული შეხვდრა ტრამპსა და პუტინს შორის და სხვა არაერთი მოვლენა მსოფლიოში, ზოგიერთ მიმომხილველს აფიქრებინებს, რომ ამერიკის მიერ სხვადასხვა რეგიონში დემოკრატიული პროცესების ფინანასური მხარდაჭერა შესაძლოა შემცირდეს.
განსხვავება რუსეთისა და ამერიკის ქმედებებს შორის არის ის, რომ რუსები ცდილობენ შეასუსტონ დემოკრატიული პროცესები, ძირი გამოუთხარონ დემოკრატიულ დისკურსს, ცდილობენ, გავლენა მოახდინონ არჩევნების შედეგებზე. ჩვენი გაწეული დახმარება კი, პირიქით, ცდილობს დემოკრატიული საარჩევნო პროცესის გაძლიერებასკენეთ უოლაკი, NDI-ის პრეზიდენტი
თუმცა NED-ის "ოჯახის" წევრი ინსტიტუტების "ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის", "საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის", "სოლიდარობის ცენტრისა" და "საერთაშორისო კერძო მეწარმეობის ცენტრის" ხელმძღვანელები ამბობენ, რომ ამერიკის საგარეო დახმარების პროგრამები ახლა ისეთი მნიშვნელოვანია, როგორიც აქამდე არასდროს ყოფილა.
კარლ გერშმანი, რომელიც უკვე რამდენიმე ათეული წელია NED-ის საქმიანობას ხელმძღვანელობს, ამბობს, რომ თანამედროვე პოლიტიკური გარემო ძლიერ განსხვავდება ფონდის დაარსების პერიოდისგან. ამერიკის საგარეო ფინანსური დახმარების საჭიროებაზე საუბრისას მას სხვადასხვა მაგალითი მოჰყავს: ავტორიტარული რეჟიმების გაძლიერება, ჩინეთის, რუსეთისა და ირანის ქმედებები; თურქეთში, პოლონეთში, უნგრეთში, ვენესუელაში, ტაილანდში, ფილიპინებში თუ სხვაგან დემოკრატიის "უკუსვლა"; არალიბერალური, პოპულისტური, ნაციონალური მოძრაობებისა და პარტიების აღზევება-გაძლიერება დასავლური დემოკრატიის მქონე ევროპულ სახელმწიფოებში და ა.შ. მისი თქმით, როგორი ნათელი ან ბუნდოვანიც უნდა იყოს ამათუ იმ ადმინისტრაციის პოლიტიკა ამ საკითხის მიმართ, კონგრესი ათწლეულების განმავლობაში ორპარტიული თანხმობით უჭერს მხარს NED-ის და მასთან დაკავშირებული ინსტიტუტების საქმიანობას.
NDI, IRI, CIPE და "სოლიდარობის ცენტრი" სწორედ ის ინსტიტუტებია, რომელთა მეშვეობითაც ამერიკის ხელისუფლება ათწლეულების განმავლობაში აფინანსებდა სხვადასხვა პროგრამას. მათი პრეზიდენტები ამბობენ, რომ პირიქით, სწორედ გამოწვევებით სავსე რეალობაში ამერიკა არათუ შეწყვეტს, არამედ აძლიერებს კიდეც საზღვარგარეთ დემოკრატიული პროცესების მხარდაჭერას.
IRI-ის პრეზიდენტი დენიელ თვაინინგი ამბობს, რომ უახლესი კვლევების მონაცემების თანახმადაც, ამერიკელი ხალხი კვლავ უჭერს მხარს.
“ამერიკის ეკონომიკა დაახლოებით 4 %-ით იზრდება ყოველ წელს, ობამას ადმინისტრაციის დროს თავდაცვაზე დანახარჯები 25 %-ით შემცირდა და ის ახლა ისევ იმატებს. ასე რომ ამერიკის სამხედრო რესურსებიც იზრდება და არ იკლებს. ამიტომ ამ პროცესებიდან ამერიკის გამორიცხვა წარმოუდგენელია. თავდაჯერებით შემიძლია ვთქვა, რომ ურთიერთობის ტრაექტორია, რომელიც გულისხმობს უფრო ახლო პარტნიორობას და საქართველოს ინტეგრაციას ნატოში, გაგრძელდება, რადგან ამერიკელები ამას მტკიცედ უჭერენ მხარს“, ამბობს დენიელ თვაინინგი, „საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის პრეზიდენტი "ამერიკის ხმასთან" საუბარში.
თვაინინგი განმარტავს, რომ უახლესი გამოკითხვების თანახმად, ამერიკელი ხალხი ამართლებს საზღვარგარეთ დემოკრატიული პროცესების განვითარებისთვის გაწეულ ხარჯებს. მათი აზრით, ეს მნიშვნელოვანია ამერიკის უსაფრთხოებისთვის:
"ამერიკელთა 71 %-ს სჯერა, რომ მთავრობამ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში დემოკრატიის განვითარებას უნდა დაუჭიროს მხარი. მოსახლეობის დაახლოებით 2/3-ს მიაჩნია, რომ დემოკრატიის განვითარება ამერიკის საზღვრებს გარეთ თავად ამერიკასაც უფრო უსაფრთხოს ხდის. ისინი ამ ხარჯების გაზრდასაც კი ემხრობიან", ამბობს IRI-ის პრეზიდენტი.
რუსული დეზინფორმაცია ქართული მედიის მხარდაჭერის საჭიროებას კიდევ უფრო ზრდის. პროპაგანდასთან გამკლავების გამოწვევა - რედაქტორებისა და ჟურნალისტების საქმეს კიდევ უფრო ართულებს. სწორედ ამიტომ ჩვენ გვჭირდება ამ მიმართულებით მხარდაჭერის გაორმაგება.ქრისტოფერ უოლკერი, NED-ის ვიცე-პრეზიდენტი
პრორუსული ძალების წარმომადგენლები ხშირად აცხადებენ, რომ რუსეთის მიერ საზღვარგარეთ სხვადასხვა ჯგუფის დაფინანსება პრაქტიკულად იგივეს ნიშნავს, რასაც ამერიკის ფინანსური დახმარება დემოკრატიული პროცესების განვითარების მხარდასაჭრად.
თუმცა, სკეპტიკოსების კითხვებზე პასუხად, „ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ პრეზიდენტი ამბობს, რომ ამერიკისა და რუსეთის ქმედებები სრულიად განსხვავებულია და საპირისპირო მიზნებს ემსახურება. კენეთ უოლაკს მიაჩნია, რომ ეს ორი რამ ისე ჰგავს ერთმანეთს, როგორც „წამალი, რომელიც დაავადებას მკურნალობს და წამალი, რომელიც წამლავს და კლავს პაციენტს“.
„განსხვავება რუსეთისა და ამერიკის ქმედებებს შორის არის ის, რომ რუსები ცდილობენ შეასუსტონ დემოკრატიული პროცესები, ძირი გამოუთხარონ დემოკრატიულ დისკურსს, ცდილობენ, გავლენა მოახდინონ არჩევნების შედეგებზე. ჩვენი გაწეული დახმარება კი, პირიქით, ცდილობს დემოკრატიული საარჩევნო პროცესის გაძლიერებას", - ამბობს უოლაკი და განმარტავს, რომ განსხვავებულია ოპერირების ფორმებიც:
"ჩვენი მოქმედების მოდელები აბსოლუტურად განსხვავდება: ჩვენი სამუშაო სრულად გამჭვირვალეა. ხალხმა ამ ქვეყნებში იცის, ვინ იღებს დახმარებას და რა მიზნით, ის კი, რასაც რუსები აკეთებენ, ძირითადად ჩრდილში რჩება და სიბნელითაა მოცული. ესაა ორი ფუნდამენტური განსხვავება ჩვენს საქმიანობას შორის“, - ამბობს NDI-ის პრეზიდენტი.
უოლაკის პოზიციას იზიარებს "საერთასორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის" პრეზიდენტიც. თვაინინგის თქმით, ეს ინსტიტუტები დემოკრატიის ამერიკული მოდელის ან ამერიკული კანონდემბლობის ექსპორტს არ ცდილობენ. "ჩვენ ვცდილობთ ღია მმართველობისა და საზოგადოების განსავითარებელი ინსტრუმენტების, შესაძლებლობების, ცოდნის გაზიარებას. იმას, რაც დემოკრატიული პოლიტიკური განვითარების ნებისმიერ ეტაპზე იქნება გამოსადეგი", ამბობს თვაინინგი. ის და კენეთ უოლაკი მიიჩნევენ, რომ ხალხს შეიძლება არ სჯეროდეს ამერიკის ამა თუ იმ პრეზიდენტის, არ სურდეს მასზე საუბარი, მაგრამ სჯეროდეს და აინტერესებდეს ამერიკული ინსტიტუტები, მათი ფუნქციონირების მოდელები და პრინციპები.
ამერიკის მთავრობის მიერ გამოყოფილი ფინანსების ნაწილი საქართველოშიც, ისევე როგორც ბევრ სხვა ქვეყანაში, მედიის განვითარებისთვისაა განკუთვნილი.
„დემოკრატიის ეროვნული ფონდის“ წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ კრემლის დეზინფორმაციის ნაკადებისა და საინფორმაციო ომების პირობებში, საქართველოში მედიის მხარდაჭერა კრიტიკულად მნიშვნელოვანი ხდება.
ქრისტოფერ უოლკერი, „დემოკრატიის ეროვნული ფონდის“ – NED-ის ვიცე-პრეზიდენტი კვლევებისა და ანალიზის საკითხებში, ამბობს, რომ საქართველოში მედია-მდგომარეობა ბოლო წლების განმავლობაში გაცილებით უკეთესია, ვიდრე ზოგიერთ მეზობელ სახელმწიფოში. თუმცა მისი თქმით, კრემლის საინფორმაციო კამპანიების გამო მედიას კიდევ უფრო მეტი მხარდაჭერა სჭირდება.
„საქართველოს, ბევრი სხვა ქვეყნის მსგავსად, აქვს ღია, მაგრამ მაინც გამოწვევების მქონე მედია გარემო. მას სჭირდება მხარდაჭერის გაგრძელება, იმისთვის, რომ იქ იყოს კონკურენტუნარიანი, პლურალისტური მედია. დემოკრატიული ქვეყნების მიერ საქართველოს მედიის მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ინფორმაციის ადგილობრი წყაროებს ჰქონდეთ დამოუკიდებლად და პროფესიონალურად ფუნქციონირების საშუალება“, ამბობს ქრის ვოლკერი და დასძენს:
„რუსული დეზინფორმაცია ქართული მედიის მხარდაჭერის საჭიროებას კიდევ უფრო ზრდის. პროპაგანდასთან გამკლავების გამოწვევა - რედაქტორებისა და ჟურნალისტების საქმეს კიდევ უფრო ართულებს. სწორედ ამიტომ ჩვენ გვჭირდება ამ მიმართულებით მხარდაჭერის გაორმაგება.“
Facebook Forum