ორშაბათს, შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ”ამერიკის ხმის” დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა იგნორირება უნდა გაუწიოს შეერთებული შტატების გლობალური მედიის სააგენტოს ნებისმიერ მცდელობას, “შეუსაბამოდ ჩაერიოს” მის საქმიანობაში.
განცხადება საზოგადოებრივ მაუწყებელ “ენ-პი-არ”-ის მიერ კვირას გამოქვეყნებულ იმ ბრალდებებს მოჰყვა, რომლის თანახმადაც აშშ-ის გლობალური მედია სააგენტოს ოფიციალურმა პირებმა, “ამერიკის ხმის” თეთრი სახლის ბიუროს უფროს სტივ ჰერმანზე დოსიე შეადგინეს.
განცხადებაში ასევე მოხსენიებულია სააგენტოს ხელმძღვანელის მაიკლ პეკის მემორანდუმი, რომელიც სააგენტოს სოციალური მედიის წესების შესწორებებს ეხება.
ასევე ნახეთ: ამერიკის გლობალური მაუწყებლის ხელმძღვანელი სენატორებთან საკუთრ გადაწყვეტილებებს იცავს
პეკი კონგრესმა აშშ-ის გლობალური მედიის სააგენტოს მთავარ აღმასრულებელ ოფიცრად ივნისში დაამტკიცა. ეს სააგენტო ზედამხედველობას უწევს “ამერიკის ხმას” და ოთხ სხვა საერთაშორისო მედია ორგანიზაციას. მან ოთხი მედია ორგანიზაციის ხელმძღვანელი დაითხოვა და “ამერიკის ხმის” დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად ელეზ ბიბერაი დაასახელა.
ნიუ-იორკელმა დემოკრატმა კონგრესმენმა ელიოტ ენგელმა განაცხადა, რომ “[მაიკლ პეკის] ეს ბოლო ქმედება ზრდის შეუსაბამო და შურისმაძიებლური საქციელის საგანგაშო სიას.”
კონგრესმენმა მაიკლ მაკკოლმა, პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის წამყვანმა რესპუბლიკელმა წევრმა თქვა, რომ “ამერიკის ხმის” ჟურნალისტის გამოძიების შესახებ ცნობებს შეისწავლის.
ტეხასელმა რესპუბლიკელმა “ამერიკის ხმისთვის” გაზიარებულ განცხადებაში თქვა, რომ “თუ ეს სიმართლეა, ეს ძალიან შემაშფოთებელი და პოტენციურად უკანონოა. ძალიან შეშფოთებული ვრჩები იმის გამო, თუ მთავარ აღმასრულებელ ოფიცერ პეკის ხელმძღვანელობით რა ხდება სააგენტოში და მის სხვა ნაწილებში, როგორიცაა ღია ტექნოლოგიების ფონდი.”
კონგრესმენ ენგელის მიერ მოხსენიებული მემორანდუმი “ამერიკის ხმის” პერსონალს კვირას გაეგზავნა. მემორანდუმში ნათქვამია, რომ სააგენტოს და ჟურნალისტების სანდოობის დასაცავად, ჟურნალისტებმა ყველა საჯარო ადგილზე, მათ შორის, სოციალურ მედიაში, “ნეიტრალურობა და ობიექტურობა უნდა შეინარჩუნონ.” ჟურნალისტებმა არ უნდა გააშუქონ მთავრობის ის ქმედება, რომელიც პირადად მათზე ახდენს გავლენას.
ასევე ნახეთ: ამერიკული მედია-სააგენტოს ახალი ანგარიში უსაფრთხოების ნორმების წლობით უგულვებელყოფას ავლენს
აშშ-ის გლობალური მედია სააგენტოს პრეს-მდივანმა ელექტრონული ფოსტით განაცხადა, რომ სააგენტოს და მის ქსელებს “დიდი ხანია აქვთ წესები, რომელიც ჟურნალისტების ინტერესთა კონფლიქტს და სოციალური მედიის გამოყენებას ეხება. წესები პეკის წინამორბედების მიერ იქნა შემუშავებული და გამოქვეყნებული და მთავარმა აღმასრულებელმა დირექტორმა ნათელი გახადა, რომ ამ წესების შესრულება სავალდებულო იქნება.”
ორშაბათს ბიბერაიმ განაცხადა, რომ ჟურნალისტებისგან მოელიან “ამერიკის ხმის” სოციალური მედიის იმ წესების დაცვას, რომლებიც საუკეთესო პრაქტიკის სახელმძღვანელოშია გაწერილი და “ამერიკის ხმა” პოტენციურ დარღვევებს საკუთარი წესების და ფედერალური კანონის მიხედვით მიუდგება.
ბიბერაიმ თქვა, რომ “სააგენტოს 'დამცავი კედლის' ნებისმიერი დარღვევა ან მისი ჟურნალისტების დამოუკიდებლობაზე თავდასხმა სრულიად მიუღებელია.”