შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა 16 ნოემბერს თქვა, რომ შესაძლოა იმ სუბიექტების წინააღმდეგ, რომლებიც ბოსნიის სამშვიდობო ხელშეკრულების საფუძველზე შექმნილი სახელმწიფო ინსტიტუტების ერთპიროვნულად დატოვებას ან შეთანხმების დესტაბილიზაციას შეეცდებიან, აშშ-მ სანქციები დააწესოს. 1995 წელს მიღწეული ბოსნიის სამშვიდობო შეთანხმება აშშ-ს შუამავლობით შედგა.
ასევე ნახეთ: ბოსნია-ჰერცეგოვინის ლიდერებმა ლავროვთან შეხვედრაზე უარი თქვეს
ბოსნია-ჰერცეგოვინა, სერბებით დომინირებული სახელმწიფო სუბიექტის მხრიდან, გამოყოფისკენ მიმართული ნაბიჯების გამო, გაჭიანურებულ პოლიტიკურ კრიზისში იმყოფებოდა. ეს ვითარება აღვივებდა შიშს, რომ დეიტონის შეთანხმება, რომელმაც 1992-95 წლების ომი დაასრულა, შეიძლებოდა დარღვეულიყო და რეგიონული უსაფრთხოებისთვის საშიშროება შეექმნა.
დეიტონის შეთანხმებამ ბოსნიაში ორი სუბიექტი შექმნა: სერბებით დომინირებული რესპუბლიკა სერპსკა და მუსლიმ-ხორვატული ფედერაცია. ქვეყნის მართვა და ადმინისტრირება, შეთანხმების საფუძველზე დაწესებული ეთნიკური ხაზების მიხედვით ხდება. ცენტრალური მთავრობა სუსტი და ხშირად უფუნქციოა.
ბოსნიელი სერბების ლიდერი მილორად დოდიკი, საპრეზიდენტო ხელისუფლებაში სერბების წარმომადგენელი, იმუქრებოდა, რომ სახელმწიფო დონის ინსტიტუტებიდან, მათ შორის ბოსნიის ერთობლივი იურიდიული, სამხედრო და საგადასახადო ადმინისტრაციებიდან გამოვიდოდა. მან უარყო საერთაშორისო შეშფოთება იმის თაობაზე, რომ ასეთ გეგმას, ეთნიკურად დაყოფილ ბალკანურ ქვეყანაში კონფლიქტის განახლება შეეძლო.
„ხელისუფლების გაზიარების და ფუნქციების დეფიციტის საკითხების, დიალოგის გზით გადაწყვეტის საქმეში, შეერთებული შტატები ბოსნიის ყველაზე მტკიცე პარტნიორია“, ნათქვამია ბლინკენის წერილში, რომელიც ბოსნიის სამწევრიან საპრეზიდენტო ხელისუფლებას, ქვეყანაში ვიზიტით მყოფმა სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩეველმა დერეკ შოლემ გადასცა.