ამერიკის უნივერსიტეტები საერთაშორისო სტუდენტების კლებას ელოდებიან

ამერიკული უნივერსიტეტები საერთაშორისო სტუდენტების რაოდენობის მასშტაბური კლებისთვის ემზადებიან. მათი შემოსავლები კიდევ უფრო შემცირდება ფედერალური მთავრობის იმ გადაწყვეტილების შემდეგ, რომლის თანახმადაც, ის სტუდენტები, რომლებიც შემოდგომის სემესტრს მხოლოდ ონლაინ ესწრებიან, სავიზო სტატუსს დაკარგავენ.

“მოქმედმა სტუდენტებმა, რომლებიც ამჟამად შეერთებულ შტატებში ამგვარ პროგრამებში არიან ჩართულნი, უნდა დატოვონ ქვეყანა ან იმისთვის, რომ ლეგალური სტატუსი შეინარჩუნონ, უნდა მიიღონ სხვა ზომები, როგორებიცაა ისეთ სასწავლებელში გადასვლა, სადაც პირადად დაესწრებიან გაკვეთილებს/ლექციებს“, - განმარტავს ამერიკის იმიგრაციისა და საბაჟო აღსრულების სამსახური (ICE) ორშაბათს გავრცელებულ განცხადებაში. სხვაგვარად, შესაძლოა მათ წინააღმდეგ საიმიგრაციო პროცედურები და დეპორტაციაც კი დაიწყოს.

ასევე ნახეთ: ტრამპი H1-B, J1 და L1-ის ტიპის ვიზებს ზღუდავს, გრძელდება მწვანე ბარათზე დაწესებული შეზღუდვებიც


"დღევანდელი რეგულაცია საერთაშორისო სტუდენტებისთვის საზიანოა. ეს მათ ჯანმრთელობას და კეთილდღეობას, ისევე როგორც მთელი საგანმანათლებლო საზოგადოებისა, რისკის ქვეშ აყენებს", - ამბობს ესთერ ბრიმერი, "საერთაშორისო განმანათლებელთა ასოციაციის" დირექტორი. "კოვიდ-19-ის პანდემია შეერთებულ შტატებში კვლავ არაპროგნოზირებადია. დაწესებულებებს უნდა ჰქონდეთ ნდობა და უფლება მიიღონ გადაწყვეტილება საკუთარ კამპუსებთან დაკავშირებით იმის მიხედვით, თუ რა ლოკალური მდგომარეობაა იმ კონკრეტულ ტერიტორიაზე", - განმარტავს ბრიმერი.

აარონ კირკპატრიკი ჩრდილოეთ ირლანდიიდანაა, ის სადოქტორო პროგრამაზე ტეხასის ბეილორის უნივერსიტეტში სწავლობს. "[სტუდენტური] F1 ვიზის გასაახლებლად პანდემიის დროს სახლში წასვლა არ შემეძლო, რადგან საელჩოები დაკეტილია. თუ ახლა წასვლას მაიძულებენ, სავარაუდოდ უკან ვეღარ დავბრუნდები", - ამბობს ის.

მაისში საერთაშორისო განათლების ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, 600 გამოკითხული დაწესებულებიდან 88 % პანდემიის გამო 2020-2021 სასწავლო წლისთვის საერთაშორისო სტუდენტების რაოდენობის კლებას ელის. ამ სასწავლებლების 70% ამბობს, რომ ისინი ამ წლის შემოდგომის სემესტრში საერთაშორისო სტუდენტები სავარაუდოდ, აუდიტორიებში ვერ დაბრუნდებიან. მათი სამი მეოთხედი კი სტუდენტებს პირადად კლასებზე დასწრების შემოდგომის ბოლოსთვის ან გაზაფხულისთვის გადადების საშუალებასაც აძლევს. უნივერსიტეტების ნაწილი შემოდგომის სემესტრის სრულად ონლაინ რეჟიმში ჩატარებას აპირებს, ნაწილი კი იმ გეგმასა და სტრატეგიაზე მუშაობს, რომლის თანახმადაც კამპუსებში და აუდიტორიებში მათ უსაფრთხოდ დაბრუნებას შეძლებს.

თუკი იმიგრაციისა და საბაჟო სამსახური ახალი გადაწყვეტილების აღსრულებას დაიწყებს, ამ სტუდენტებს ამერიკის დატოვება მოუწევთ.

ამერიკული საბჭოები განათლების საკითხებში აცხადებს, რომ შემდეგ აკადემიურ წელს სტუდენტების რაოდენობა 15 %-ით დაიკლებს. ამ რაოდენობაში ის სტუდენტებიც იგულისხმებიან, რომლებიც სხვა ქვეყნებიდან უნდა ჩამოსულიყვნენ. სტუდენტების ნაწილი თავს საკუთარ სახლებში უფრო უსაფრთხოდ გრძნობს და ლექციებზე ონლაინ დასწრებას აპირებს. ნაწილი კი ამბობს, რომ მათთვის ამერიკული განათლება მხოლოდ სალექციო კურსები არ იყო და მათ ქვეყანაში ჩამოსვლა განათლებასთან ერთად, კულტურისა და სოციალური ცხოვრების გაზიარების ნაწილი იყო.

საერთაშორისო სტუდენტების რაოდენობის კლება უმაღლესი განათლების დაწესებულებების შემოსავლებზეც უდიდეს გავლენას მოახდენს. ერთ-ერთი კვლევის თანახმად, კორონავირუსის შედეგად შეერთებულმა შტატებმა 2020 წლის შემოდგომაზე შესაძლოა 3 მილიარდი დოლარის შემოსავალი დაკარგოს სწორედ საერთაშორისო სტუდენტების ნაკლებობის გამო.

თუმცა, თუკი ეს მოლოდინები აქამდე მხოლოდ კოვიდ-19-თან დაკავშირებულ შიშსა და შეზრუდვებს უკავშირდებოდა, ახლა ამას სავიზო შეზღუდვების ფაქტორიც ემატება.

H1-B, J და რამდენიმე სხვა დროებითი სამუშაო თუ სასწავლო ვიზა წლის ბოლომდე აღარ გაიცემა. 2019 წელს H1-B ტიპის 188 000 ვიზა გაიცა, J1 ტიპიდ კი - 350 000 ვიზა. მართალია ეს შეზღუდვა არ ეხებოდა იმ ადამიანებს, ვინც უკვე ფლობდა ვიზას და მხოლოდ ახალი ვიზების გაცემას აჩერებდა, მაგრამ სულ ახლახან გამოცემულ საიმიგრაციო რეგულაციასთან ერთად, საერთაშორისო სტუდენტების რაოდენობა ქვეყანაში მნიშვნელოვნად შემცირდება.