ამერიკა-თურქეთის ურთიერთობა სახიფათო მიჯნაზე

ამერიკასა და თურქეთს შორის დაძაბულობას ამ კვირაში "ინტერფაქსის" მიერ გავრცელებული ინფორმაციაც დაემატა. საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, მოსკოვი S-400 ტიპის საჰაერო თავდაცვის სიტემების მიწოდებას თურქეთისთვის 2019 წელს დაიწყებს. ამერიკისა და ნატოს ოფიციალურმა პირებმა თურქეთი არაერთხელ გააფრთხილეს იმის შესახებ, რომ S-400 ნატოს თავდაცვის სისტემებთან შეუსაბამოა.

ამასობაში კი თურქული ლირა უფრო და უფრო კარგავს პოზიციებს ამერიკულ დოლართან მიმართებით. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ამერიკის პრეზიდენტმა თურქეთის წინააღმეგ ახალი ტარიფები დააწესა.

დაძაბულობის სხვადასხვა მიზეზს შორისაა ამერიკელი ევანგელისტი პასტორის ენდრიუ ბრენსონის საქმეც. ბრენსონმა 21 თვე გაატარა ციხეში, მას ბრალად ტერორისტული საქმიანობა ედება. ივლისის ბოლოს ბრენსონს შინაპატიმრობა მიესაჯა. ოფიციალური ანკარა მას ამერიკაში მცხოვრებ ფეტჰულა გიულენთან აკავშირებს, ამ უკანასკნელს კი 2016 წელს თურქეთში ამბოხის მცდელობის ორგანიზება ბრალდება.

ამერიკული მხარე ბრენსონის წინააღმდეგ ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებს და მის გათავისუფლებას მოითხოვს.

დაზვერვის ცენტრალური სააგენტოს ყოფილი დირექტორი ლეონ პანეტა ამბობს, რომ რუსეთის ჩარევა სირიაში და თურქეთის მოსკოვზე ენერგოდამოკიდებულება თურქეთის მდგომარეობას კიდევ უფრო ართულებს.

"რაც უფრო დიდხანს გრძელდება ეს ყველაფერი, თურქეთი კიდევ უფრო მეტად ხდება რუსეთზე დამოკიდებული. რეგიონის მეტი ქვეყანა აღიქვამს რუსეთს, როგორც ლიდერს ახლო აღმოსავლეთში", - ამბობს პანეტა და განმარტავს, რომ ამერიკას აქვს შეშფოთების მიზეზი, რადგან თურქეთთან და რეგიონის სხვა ქვეყნებთან ურთიერთობის დაძაბვა იქ არსებულ საფრთხეებს და რისკებსაც გაზრდის. მათ შორის საფრთხეებს ირანისგან, ე.წ. "ისლამური სახელმწიფოსგან" და სხვა ტერორისტული დაჯგუფებებისგან. პანეტას აზრით, პოზიციების შესუსტება ამ რეგიონში, ამერიკის უსაფრთხოების მდგომარეობას შეასუსტებს.

დაძაბულობა იზრდება თავად ანკარაშიც, სადაც გამვლელი მანქანიდან ამერიკის საელჩოს რამდენჯერმე ესროლეს.