ტრამპი ფხენიანის წინააღმდეგ "მსოფლიო მასშტაბის ქმედებისკენ" მოუწოდებს

შეერთებული შტატების პრეზიდენტი აცხადებს, რომ ჩრდილოეთ კორეის ბირთვული და ბალისტიკური სარაკეტო პროგრამები "მსოფლიო მასშტაბის საფრთხეს" წარმოადგენს. შესაბამისად, დონალდ ტრამპის თქმით, პრობლემის გადაწყვეტას ფხენიანის წინააღმდეგ "მსოფლიო მასშტაბის ქმედება" ესაჭიროება.

სეულში, სამხრეთ კორეის ლიდერთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე, პრეზიდენტმა ტრამპმა ჩრდილოეთ კორეის ლიდერი მილიონობით უდანაშაულო ადამიანის საფრთხეში ჩაგდებაში დაადანაშაულა. ამერიკის ლიდერმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ ვაშინგტონი და სეული პრობლემის სამშვიდობო გადაწყვეტილებას ემხრობიან, თუმცა საჭიროების შემთხვევაში, შეერთებული შტატები მზად არის დაიცვას საკუთარი თავი და მისი მოკავშირეები.

ტრამპი მეუღლესთან ერთად სეულში დღეს იაპონიიდან ჩავიდა. 12-დღიანი აზიური ტურნეს ფარგლებში ჩინეთი, ვიეტნამი და ფილიპინებიც შედის.