9-10 დეკემბერს ამერიკის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი დემოკრატიის ვირტუალურ სამიტს უმასპინძლებს. სამიტი მსოფლიოს ლიდერებთან ერთად, თავს მოუყრის სამოქალაქო საზოგადოების და კერძო სექტორის წარმომადგენლებსაც.
დემოკრატიის სამიტი ბაიდენის საპრეზიდენტო კამპანიის ერთ-ერთი მთავარი დაპირების შესრულების ნაწილად განიხილება, რომელიც ავტორიტარული მთავრობების აღზევების ფონზე, მსოფლიოში დემოკრატიის განმტკიცებას ითვალისწინებს. სამიტზე იგეგმება "დემოკრატიის განახლების გზაზე მტკიცე მიზნების დასახვა და ერთობლივი ქმედებებით, დემოკრატიული ქვეყნების წინაშე არსებული უდიდესი საფრთხეებისთვის თვალის გასწორება".
სამიტზე იქნება საუბარი დემოკრატიის გაძლიერების, თუ ავტორიტარიზმისგან დაცვის მეთოდებზე; კორუფციასთან ბრძოლაზე და ადამიანის უფლებების დაწინაურების აუცილებლობაზე. თეთრი სახლის ადმინისტრაციის განცხადებით, ზემოთჩამოთვლილი მიზნების გათვალისწინებით, სახელმწიფო ლიდერებს მოუწოდებენ გადადგან კონკრეტული ნაბიჯები და დადონ პირობა მიზნობრივი შიდა რეფორმების გატარების თაობაზე.
ასევე ნახეთ: ღარიბაშვილი მონაწილეობას მიიღებს ბაიდენის ორგანიზებულ დემოკრატიის სამიტშისაქართველო
გასული თვის დასაწყისში, ცნობილი გახდა, რომ ჯო ბაიდენის ინიციატივით დაგეგმილ დემოკრატიის სამიტზე საქართველოც მიიწვიეს. 21 ნოემბერს, გამოცემაში "პოლიტიკო" გამოქვეყნებული წერილის მიხედვით, პატიმრობაში მყოფმა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ამერიკის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს მოუწოდა, შეეცვალა გადაწყვეტილება და აღარ მიეწვია ფორუმზე საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები.
სააკაშვილის თქმით, საქართველოს მონაწილეობა დემოკრატიის სამიტში "ქართული ოცნების ანტიდემოკრატიული მისწრაფებების ლეგიტიმაცია" იქნებოდა. იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც ამერიკის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა სამიტზე არ მიიწვია, თვალშისაცემია რუსეთის, ჩინეთის, თურქეთის და უნგრეთის არყოფნა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, 22 ნოემბრის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ ღონისძიებაზე ქვეყანას პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი წარადგენს. "რამდენიმე კვირის წინ გავავრცელეთ ჩვენ ინფორმაცია, რომ საქართველომ მიიღო მოსაწვევი პრეზიდენტ ბაიდენისგან დემოკრატიის სამიტზე. ახლა უკვე ჩვენ მივიღეთ ოფიციალური მოსაწვევიც ქალბატონი პრეზიდენტის სახელზეც და ჩვენი გადაწყვეტილებით, ქალბატონი პრეზიდენტი მიიღებს მონაწილეობას ჩვენი ქვეყნის სახელით აღნიშნულ დემოკრატიის სამიტზე, რომელიც გაიმართება 10 დეკემბერს" - განაცხადა ღარიბაშვილმა.
ასევე ნახეთ: საქართველოს დემოკრატიული ქულა 10 წლის წინანდელ მაჩვენებელთანაა ახლოს - "ფრიდომ ჰაუსი"სხვა დამსწრეები
დემოკრატიის სამიტზე 100-ზე მეტი ქვეყანაა მიწვეული. მათ შორის არიან როგორც ლიბერალური დემოკრატიის მქონე ქვეყნები, ისე რამდენიმე ისეთი სახელმწიფოც, რომელებიც ავტორიტარული ნიშნებით გამოირჩევა.
"ფრიდომ ჰაუსის" მიერ დემოკრატიული ინდექსის შესახებ გამოქვეყნებული 2021 წლის ანგარიშის მიხედვით, დემოკრატიის სამიტზე მიწვეულ სახელმწიფოებს შორის, 77 ქვეყანა ხასიათდება როგორც "თავისუფალი", 31 - "ნახევრად თავისუფალი" და 3 "თავისუფლების არმქონეა". ამ უკანასკნელ კატეგორიაში გადის ერაყი, ანგოლა და კონგო.
თეთრი სახლის პრესმდივნის, ჯენ საკის განმარტებით, სამიტზე მიწვევა აღიარების ბეჭედს არ გულისხმობს. "ყოველი ქვეყნის დემოკრატია მიმდინარე სამუშაო პროცესია. ეს არ ნიშნავს, რომ მიწვევა-არმიწვევით ჩვენ მათ დადებით ან უარყოფით ბეჭედს ვუსვამთ... მრავალფეროვანი ხმის მქონე ქვეყნებს შეუძლია საკუთარი წვლილის შეტანა დემოკრატიის დაცვის გლობალურ მცდელობაში" - განაცხადა მან.
პოლიტოლოგები ფიქრობენ, რომ სტუმართა სიის შედგენისას გათვალისწინებულია ისეთი ფაქტორები, როგორიცაა რეგიონული დინამიკა და შეერთებული შტატების სტრატეგიული ინტერესები, მათ შორის - ქვეყნების წახალისება დემოკრატიისკენ სწრაფვის გზაზე. თეთრმა სახლმა სამიტზე ათეულობით ძალიან მცირე ქვეყანაც მიიწვია, რომელთა მოსახლეობა მილიონს არ აღემატება.
ასევე ნახეთ: ერთი ნაბიჯი წინ, ორი - უკან - „ფრიდომ ჰაუზი“ და დემოკრატიული გარდაქმნის გამოწვევები ევრაზიაშიდემოკრატია თავად ამერიკაში
კრიტიკოსები კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ ვაშინგტონის ინიციატივას და მის მორალურ უფლებას, ჩაატაროს დემოკრატიის სამიტი. "შეერთებული შტატების დემოკრატიის ანგარიში დიდებულად სულაც არ გამოიყურება" - აცხადებს ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო.
თუმცა, თეთრი სახლის განცხადებით, აუცილებელია საკუთარი ხარვეზების გაცნობიერება და მათთან გამჭვირვალედ დაპირისპირება. ბაიდენის ადმინისტრაციის თქმით, სწორედ ეს არის ის უნიკალური თვისება, რაც დემოკრატიულ სახელმწიფოებს გამოარჩევს და რაც დაგეგმილმა სამიტმა წინ უნდა წამოსწიოს.