“საქართველოს დემოკრატიის მაჩვენებელი ახლოსაა 10 წლის წინანდელ მაჩვენებელთან, რომელიც ფიქსირდებოდა იმ დროს, სანამ მაშინდელი მზარდად ავტოკრატიული მმართველებით მოსახლეობის უკმაყოფილების ტალღის შედეგად ახლანდელი მმართველი პარტია ხელისუფლებაში მოვიდოდა“, - ასეთია საერთაშორისო ორგანიზაცია „ფრიდომ ჰაუზის“ შეფასება. ორგანიზაცია ანგარიშს „გარდამავალი ქვეყნების“ შესახებ 2005 წლიდან ყოველწლიურად ამზადებს და ევრაზიის ქვეყნებში დემოკრატიასთან დაკავშირებულ პროცესებს აკვირდება.
ცენტრალური ევროპიდან ცენტრალურ აზიამდე 29 ქვეყნის შეფასებას შორის საქართველოს დემოკრატიის ინდექსი - 36 %-ია (2020 წელთან შედარებით 2 %-ით ნაკლები). მისი ქულა გასულ წელთან შედარებით ამავე ანგარიშში მცირედით 3.25-იდან 3.18 მდე (მაქსიმალური შეფასება 7 ქულაა) შემცირდა. კლება ორ კატეგორიაში დაფიქსირდა - საარჩევნო პროცესებისა და დამოუკიდებელი მედიის მიმართულებით. „ამერიკის ხმის“ შეკითხვებს საქართველოსა და რეგიონის ქვეყნების შესახებ წლევანდელი ანგარიშის თანაავტორი, მკვლევარი და ანალიტიკოსი, მაიკ სმელცერი პასუხობს.
- ანგარიში „გარდამავალი ქვეყნების“ შესახებ 30-მდე ქვეყანას აერთიანებს - თქვენ დემოკრატიულიდან კონსოლიდირებულ ავტოკრატიებამდე არაერთ განსხვავებულ ქვეყანას და მდგომარეობას აკვირდებით. მაინც რ ააერთიანებს ამ ქვეყნებს? რა საერთო გამოწვევები აქვთ? მათ
ამ ქვეყნებში დემოკრატიული გარდაქმნის პროცესის დაწყებიდან მართლაც დიდი დრო გავიდა. ჩვენ ვაფასებთ რეგიონს ცენტრალური ევროპიდან ცენტრალურ აზიამდე და აქ ძალიან ბევრი განსხვავებული ქვეყანაა. თუმცა ის ინსტიტუტები, რომლებსაც დემოკრატია ეფუძნება, ყველგან ერთი და იგივეა: არ აქვს მნიშვნელობა ვსაუბრობთ არჩეულ პოზიციებზე, ეროვნულ და ადგილობრივ მთავრობებზე, თუ ისეთ ინსტიტუტებზე, როგორებიცაა მართლმსაჯულების სისტემა, ანტიკორუფციული სისტემა ან თუნდაც არასამთავრობო ინსტიტუტები, სამოქალაქო საზოგადოება, დამოუკიდებელი მედია - მათი მნიშვნელობა ნებისმიერ ქვეყანაში აუცილებელია იმისთვის, რომ დემოკრატია ყვაოდეს.
- წლევანდელი ანგარიში აჩვენებს, რომ ქვეყნების უმეტესობაში დემოკრატიული პროცესები უარესდებოდა და იმ ქვეყნების ნაწილიც კი, რომლებიც კვლავ დემოკრატიულ სახელმწიფოებადაა მიჩნეული, ახლა - ანგარიშის მომზადების 17-წლიანი ისტორიის განმავლობაში - ყველაზე უარეს მდგომარეობაშია, ყველაზე დაბალი ქულებითაა შეფასებული. რა ძირითადმა ფაქტორებმა გამოიწვია ასეთი უკუსვლა?
დიახ, რეგიონის ქვეყნებში [დემოკრატია]უკან იხევს. დემოკრატიის საშუალო ქულა ბოლო 17 წლის განმავლობაში გამუდმებით, თანმიმდევრულად იკლებს. ახლა ევროპასა და ევრაზიაში უფრო ნაკლები დემოკრატიაა, ვიდრე ოდესმე ბოლო 25 წლის განმავლობაში. რეგიონში ქვეყნების უმეტესობა ახლა იმაზე უარესადაა წარმოდენილი, ვიდრე ხუთი ან ათი წლის წინ იყო.
მიუხედავად გარკვეული კომპრომისისა და დადებითი ცვლილებებისა საარჩევნო კოდექსში, 2020 წლის არჩევნებისას ფიქსირდებოდა ამომრჩეველთა მოსყიდვის შემთხვევები და ოპოზიციის მხრიდან მეორე ტურის ბოიკოტი. ამ ყველაფერმა რა თქმა წლის ბოლოს მიგვიყვანა პოლიტიკურ კრიზისამდე.
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რამ, რასაც ვაკვირდებოდით ისაა, რომ არჩეული ლიდერები ევროპასა და ევრაზიაში მართლაც ასუსტებენ დემოკრატიულ ინსტიტუტებს. ისინი უარყოფენ დემოკრატიულ ნორმებს და ქმნიან დემოკრატიისთვის ავტოკრატიული ალტერნატივებს. და რადგანაც ანტიდემოკრატიული ლიდერებიც ერთმანეთთან ურთიერთობენ და ერთმანეთისგან სწავლობენ, ჩვენ [მასშტაბურად] ვხედავთ დემოკრატიისგან გადახრას, ეს პროცესი ფართოვდება, ვრცელდება და მას რეგიონის მასშტაბით ტალღისებური ეფექტი აქვს.
არის დადებითი ტენდენციებიც, მაგრამ სამწუხაროდ რეგიონში ძირითადად გვაქვს ერთი ნაბიჯი წინ, ორი - უკან. ბევრ ამ ქვეყანასი ჩვენ ვხედავთ პატარა ნაბიჯებს სწორი მიმართულებით, მაგრამ საბოლოოდ და უფრო ფართო პერსპექტივაში, ამ ქვეყნების უმეტესობას, 20-25 ქვეყანას ახლა უფრო უარეს პოზიციაში ვხედავთ, ვიდრე აქამდე იყვნენ.
ზოგ შემთხვევაში, კოვიდ-19-ის პანდემიაც ანტიდემოკრატიული მიზნებით იყო გამოყენებული. და ეს ამ რეგიონში ალბათ ყველაზე ადვილად ჩანდა საარჩევნო პროცესებთან დაკავშირებით. ბევრგან არჩევნები გაუქმდა, გადაიდო, ან სპეციალური შეზღუდვებით ჩატარდა, რამაც გავლენა მოახდინა მოქალაქეთა მიერ თავისუფლად ხმის მიცემის უფლება-შესაძლებლობაზე.
- შეფასებულ ქვეყნებს შორისაა საქართველოც და მისი წინა და პოსტ-საარჩევნო პერიოდები. ნათქვამია, რომ საქართველოს დემოკრატიული ქულა ახლა 10 წლის წინანდელი პერიოდის მსგავსია. რას ამბობს ეს ქართულ დემოკრატიაზე, რას ნიშნავს ეს?
პირველ ყოვლისა, უნდა ვთქვათ, რომ ეს საქართველოსთვის უნიკალური მოვლენა არაა. ისეთ ქვეყნებშიც, სადაც მანამდე რეფორმების იმედი არსებობდა, ეს ენერგია გაქრობას იწყებს. საქართველოში ოპოზიციის მიერ არჩევნების ბოიკოტი და ოპოზიციის ლიდერის დაკავება ნამდვილად იყო ერთგვარი დასასრული რეფორმების იმ პერიოდისა, რომელიც 10 წლის წინ დაიწყო.
ჩვენ პროცესებს რამდენიმე კატეგორიაში ვაფასებთ და საქართველოს „საარჩევნო პროცესებისა“ და „მედიის დამოუკიდებლობის“ კატეგორიებში შემცირდა. ეს ასახავს მიმდინარე მოვლენებს. მიუხედავად გარკვეული კომპრომისისა და დადებითი ცვლილებებისა საარჩევნო კოდექსში, 2020 წლის არჩევნებისას ფიქსირდებოდა ამომრჩეველთა მოსყიდვის შემთხვევები და ოპოზიციის მხრიდან მეორე ტურის ბოიკოტი. ამ ყველაფერმა რა თქმა წლის ბოლოს მიგვიყვანა პოლიტიკურ კრიზისამდე.
ეს ყველაფერი საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული კითხვების კონტექსტშია განხილული. არის კითხვები: არსებობს განსხვავებულ პოლიტიკურ პარტიებს შორის ძალაუფლების ეფექტური როტაციის შესაძლებლობა? თავისუდალია ხალხის არჩევანი ინტერესთა სხვადასხვა ჯგუფების, მაგალითად, ოლიგარქების გავლენისგან? ყველა ეს შეკითხვა საარჩევნო პროცესს უკავშირდება და გვაძლევს ინფორმაციას საქართველოს დემოკრატიული პროგრესის შესახებ.
შემდგომი პერიოდის განმავლობაშიც ყველაზე ყურადღებით სწორედ ინსტიტუტებს დავაკვირდებით, და არა კონკრეტულ ინდივიდუალურ აქტორებს. რა თქმა უნდა, ისინი მნიშვნელოვან როლს თამაშობენ და საბოლოო შედეგებზეც დიდი გავლენა აქვთ, დიდი ძალუფლება, მაგრამ ჩვენი შეშფოთების საგანი მაინც ისაა, როგორ მუშაობს დემოკრატიული ინსტიტუტები და როგორ გავლენას ახდენს ეს ფართო დემოკრატიულ პროგრესზე ამ ქვეყნებში.
საქართველოში სხვა მიმართულებებთან ერთად, დავაკვირდებით საარჩევნო პროცესებს, ასევე არასამთავრობო აქტორებს. სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის მუშაობა ძალიან დიდ როლს ასრულებს დემოკრატიულ განვითარებაში. მივადევნებთ თვალყურს ამ ყველაფერს, განსაკუთრებით კი სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიას შორის მიმდინარე მოლაპარაკებებს.
- ანგარიშში ქართულ მედიაზეცაა საუბარი და ნათქვამია, რომ პოლიტიკური ჩარევები და პოლარიზაცია მედიის მუშაობაზეც ახდენდა გავლენას. რა ქმნის შეშფოთების საფუძველს ამ კუთხით?
“საქართველოს დემოკრატიის მაჩვენებელი ახლოსაა 10 წლის წინანდელ მაჩვენებელთან, რომელიც ფიქსირდებოდა იმ დროს, სანამ მაშინდელი მზარდად ავტოკრატიული მმართველებით მოსახლეობის უკმაყოფილების ტალღის შედეგად ახლანდელი მმართველი პარტია ხელისუფლებაში მოვიდოდა.
დიახ, დამოუკიდებელი მედია საქართველოში ჩვენი შეშფოთების საგანია და ბოლო პერიოდებში ამაზე დიდ ყურადღებას ვამახვილებთ. ამ წლის ანგარიშში სწორედ მედიის მიმართულებითაც შემცირდა ქულა. ამის მიზეზებს შორის კი იყო „აჭარის ტელევიზიის“ დაკითხი და ასევე კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისასთან დაკავშირებული კანონმდებლობა, რომელიც მას მაუწყებელთა ფუნქციონირებაში ჩარევის საშუალებას აძლევს. საქართველოში და არა მხოლოდ, რეგიონის ბევრ სხვა ქვეყანაში, დამოუკიდებელი მედიის საქმიანობაში ჩარევა რეალურად აფერხებს მათ, რომ დემოკრატიისთვის აუცილებელი ზუსტი ინფორმაცია გააშუქონ.
- ამ კვირაში მსოფლიოში ყოველწლიური, პრესის თავისუფლების დღე აღნიშნეს, თუმცა საქართველოს სამეზობლოში, პრესის შევიწროვებაზე არაერთი ორგანიზაცია წუხს. რუსეთში თავისუფალი მედიის დიდი ნაწილი გამუდმებული წნეხის ქვეშაა ან „უცხო ქვეყნის აგენტადაა“ მიჩნეული. როგორ მდგომარეობაშია მედია თქვენს შეფასებულ „გარდამავალი დემოკრატიის ქვეყნებში“?
დიახ, მთავარი, რისი თქმაც გვსურს, ისაა, რომ დამოუკიდებელი მედია კვლავ ძალიან მნიშვნელოვანია. გასულ წელს ჩვენ ამ წნეხთან გამკლავების, მდგრადობის გამორჩეული მაგალითებიც ვნახეთ. გამოწვევებს შორის მთავრობებისგან მზარდ წნეხთან ერთად კოვიდ-19-ის პანდემიაც იყო, რომელმაც მედიასაშუალებების ჰორიზონტი დაავიწროვა, და ისინი ხშირად ფინანსურად თუ ფიზიკურად უფრო მოწყვლადი გახადა პოლიტიკური კონტროლისადმი.
რუსეთში ჩვენ ვნახეთ „უცხო ქვეყნის აგენტების“ შესახებ კანონის და სხვა რეგულაციების გავლენა ფანტასტიკურ დამოუკიდებელ მედიაზე, „რადიო თავისუფლება“ იქნება ეს, „მედუზა“ თუ სხვები. [მთავრობა] ამ ორგანიზაციებისთვის საზოგადოებისთვის სანდო ინფორმაციის მიწოდებას შეუძლებელს ან უკიდურესად რთულს ხდის. მაგრამ ისინი ამას მაინც აკეთებენ. ჟურნალისტები მთელ რეგიონში გამძლეობას გვაჩვენებენ ისეთ რეპრესიულ ქვეყნებშიც კი, როგორებიც თურქმენეთი, ტაჯიკეთი, აზერბაიჯანია. ქვეყნიდან განდევნილი, გაქცეული ჟურნალისტები, დიასპორის წარმომადგენლები განაგრძობენ თავიანთ ქვეყნებში მიმდინარე მოვლენების გაშუქებას. ჟურნალისტები კი უფრო და უფრო კრეატიულები ხდებიან და ურთულეს პირობებში განაგრძობენ მუშაობას. მაგალითად ბელარუსული მედიასაშუალებები მასობრივად გადაერთნენ დაშიფრულ საკომუნიკაციო არხებზე, „ტელეგრამზე“, რადგან მთავრობა ტელეკომუნიკაციებს ბლოკავს და აკონტროლებს.
სამთავრობო დაბლოკვასთან ერთად, მედიასაშუალებებს ფინანსური პრობლემებიც აქვთ და ისინი მიმართავენ ისეთ გზებს, როგორებიც საზოგადოებრივი დაფინანსება, გამომწერთა გადასახადებია და სხვა. ჩვენ ვხედავთ, რომ მთელ რეგიონში სერიოზული რეპრესიული გარემოს მიუხედავად , ჟურნალისტები ახერხებენ იპოვონ გზები, რომ მათი ჟურნალისტური საქმიანობა იყოს გაგონილი. ისინი განაგრძობენ საკუთარ ქვეყნებზე დადებითი გავლენის მოხდენას.
- რუსეთი, რომელიც წლებია გაუმჯობესებას არ აჩვენებს, ახლა უკიდურესად დაბალ პოზიციებზეა. ყველაზე მეტად რა განაპირობებს მის ასეთ უკუსვლას?
რუსეთში დემოკრატიული ხელისუფლების ქულა წელს ყველაზე დაბალ შესაძლო ნიშნულამდე 1.0 -მდეა დაცემული. ეს პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის აბსოლუტურ კონტროლს ასახავს. ჩვენ ვნახეთ ფალსიფიცირებული რეფერენდუმი, რომელმაც მას 2036 წლამდე ხელისუფლებაში დარჩენის შესაძლებლობა მისცა და რა თქმა უნდა ყველაზე მნიშვნელოვანი - ალექსეი ნავალნის მოწამვლის საქმე. რაც გამოხატავს რეჟიმის მიერ ძალაუფლების, უსაფრთხოების ძალების შეუკავებელ, ბოროტად გამოყენებას იმისთვის, რომ მოწინააღმდეგეები დაადუმოს. რა თქმა უნდა ეს გრძელდებოდა 2021-შიც, ბევრი შემაშფოთებელი რამ ხდება ამ წელსაც. მათ შორის დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ „უცხო ქვეყნის აგენტების“ შესახებ კანონის გამოყენება. ასევე სახელმწიფოს რეაქცია ნავალნის დაპატიმრებით გამოწვეულ დემონსტრაციებზე და დაკავებულ ადამიანთა გასაოცარი რიცხვი.
- ანგარიშში გულდაწყვეტითაა აღნიშნული, რომ ბევრი ქვეყანა გასულ წლებში იმედისმომცემად გამოიყურებოდა, მაგრამ იქაც კი კლება შეიმჩნევა. მათ შორის ერთ-ერთი სომხეთია, სადაც პოლიტიკური დაძაბულობა გრძელდება და პირველად, ხავერდოვანი რევოლუციის შემდეგ, შეფასებებში ქვეყნის ადგილი უარესდება. ვინ და რატომ გაუცრუა თქვენს საერთაშორისო დამკვირვებლებს იმედები?
დიახ, ისეთ ქვეყნებშიც, სადაც რეფორმირების იმედი არსებობდა, იქაც უკან გადადგმულ ნაბიჯებს ვხედავთ. სომხეთში 2018 წლის ანტისამთავრობო დემონსტრაციების შემდეგ ჩვენ სულ გაუმჯობესებას ვხედავდით, ხელისუფლებაში რეფორმატორები მოვიდნენ. მაგრამ აზერბაიჯანთან ომის შემდეგ არასტაბილურობა შეიქმნა და ეს ამ მიღწევებს უკან შემობრუნების საფრთხეს უქმნის. მას შემდეგ სომხეთში წელს პირველად ვხედავთ დემოკრატიის კუთხით გაუარესებას. მართალია ომმა თავისი როლი ითამაშა, მაგრამ ინსტიტუციური პრობლემები ამის გარეშეც არსებობდა და ამ კუთხით მუშაობა უნდა გაგრძელდეს.
მსგავსი მაგალითებია უკრაინა და მოლდოვაც, სადაც რეფორმირების ძალისხმევის წინააღმდეგ გავლენიანი ჯგუფები იბრძვიან და მათ წინააღმდეგ მოქმედებენ. დემოკრატიული პრინციპების დაცვას ამ სხვა, ფესვგადგმული ინტერესების წინააღმდეგ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
- რა არის თქვენი კვლევის ნათელი წერტილი, რა პროცესებს, ქვეყნებს ან მოვლენებს უყურებთ დემოკრატიის კუთხით ოპტიმისტურად?
ვფიქრობ, ამ შემთხვევაში სამოქალაქო საზოგადოებაზე უნდა ვისაუბროთ. ეს დემოკრატიის ყველაზე ძლიერ ინდიკატორად რჩება, განსაკუთრებით კი კოვიდ-19-ის პანდემიისას, როდესაც 2020 წლის განმავლობაში სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, ფორმალური ორგანიზაციები თუ უბრალოდ, მოქალაქეები ლიდერობის იმ ვაკუუმს ავსებდნენ, რასაც ხელისუფლება ტოვებდა.
ბელარუსში, კონსოლიდირებულ ავტორიტარიზმშიც, ისინი კოორდინირებულად ცდილობდნენ დამცავი აღჭურვილობის განაწილებას, სოციალური დისტანციის ნორმების დაცვას; ტაჯიკი აქტივისტები ინფორმაციას კოვიდ-ინფიცირებულთა და მსხვერპლთა შესახებ თავად აგროვებდნენ და ავრცელებდნენ; სომხეთის მოსახლეობამ ყარაბაღიდან ათასობით იძულებით გადაადგილებული პირი შეიფარა; ყირგიზეთში კი თვით-ორგანიზებული ჯგუფები პოსტ-საარჩევნო არეულობის კონტროლს თავად ცდილობდნენ.
- ანგარიშის ავტორები მოუწოდებთ დემოკრატ ლიდერებს, რომ არა მხოლოდ დააკვირდნენ დემოკრატიულ თუ ანტიდემოკრატიულ პროცესებს და მოვლენების განვითარებას, არამედ არ დაუთმონ მათ მოედანი და აიღონ ინიციატივა. რა უნდა გააკეთონ მათ?
ყველაზე დიდი როლი სწორედ არჩეულ ლიდერებს აქვთ. ჩვენ ვნახეთ, რომ სწორედ არჩეული ლიდერები ახერხებდნენ დემოკრატიული ინსტიტუტების დასუსტებას და დემოკრატიული ნორმების უგულვებელყოფას. სწორედ ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამჟამინდელმა ლიდერებმა ამის საწინააღმდეგო გააკეთონ, მართლაც გააძლიერონ დემოკრატიული ნორმები და იდეალები. ჩვენ გვჭირდება დემოკრატიული ქვეყნების მიერ ძლიერი მააგალითების შექმნა იმისა, თუ როგორია ლიბერალური მმართველობა. და როდესაც ავტორიტარი მთავრობები იტყვიან, ნახეთ, დემოკრატია არ მუშაობს, მათ არაფრისკენ ჰქონდეთ თითი გასაშვერი. არსებობდეს ზღუდე, დამცავი კედელი ამ ყველაფრის წინააღმდეგ და ხდებოდეს დემოკრატიის საძირკვლების გამყარება, როგორებიცაა თავისუფალი მედია და სამოქალაქო საზოგადოება, ის რაც ჯანსაღი დემოკრატიის განუყოფელი, აუცილებელი ნაწილია.