17 იანვარს, შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ "ანასრალას" (ნიშნავს "ღვთის მიმდევრებს"), რომელიც ჰუთების სახელითაა ცნობილი, გლობალური ტერორისტული ჯგუფის კლასიფიკაციას ანიჭებს.
განკარგულება 30 დღეში -2024 წლის 16 თებერვალს ამოქმედდება.
ასევე ნახეთ: ვინ არიან ჰუთები"ნოემბრიდან მოყოლებული, ჰუთებმა უპრეცედენტო იერიშები მიიტანეს საერთაშორისო კომერციულ რეისებზე წითელ ზღვასა და ადენის ყურეში, ასევე - სამხედრო ძალებზე, რომლებიც იქ სავაჭრო გემების უსაფრთხოების დასაცავად განლაგდნენ. საერთაშორისო გემების წინააღმდეგ განხორციელებულმა თავდასხმებმა საფრთხე შეუქმნა მეზღვაურებს, შეაფერხა ვაჭრობის თავისუფალი ნაკადი და გავლენა მოახდინა ნავიგაციის უფლებებსა და თავისუფლებებზე", - ნათქვამია შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ოთხშაბათს გამოქვეყნებულ განცხადებაში.
სახელმწიფო დეპარტამენტი იქვე აღნიშნავს, რომ თუკი ჰუთები შეწყვეტენ თავდასხმებს წითელ ზღვასა და ადენის ყურეში, შეერთებულმა შტატებმა შესაძლოა გადაწყვეტილებას გადახედოს და ის შეცვალოს. ბოლო კვირების განმავლობაში წითელ ზღვაში ვითარება განსაკუთრებით დაიძაბა. ჰუთმა მებრძოლებმა არაერთ ხომალდზე მიიტანეს იერიში, ამერიკამ კი ბრიტანეთთან ერთად, საპასუხოდ, იემენში ჰუტების რამდენიმე სამხედრო ობიექტზე მიიტანა საჰაერო იერიში. ვითარება რეგიონში მას შემდეგ გამწვავდა, რაც "ჰამასის" მებრძოლები ისრაელს დაესხნენ თავს, ისრაელმა კი დაჯგუფებას ომი გამოუცხადა და ღაზაში სამხედრო ოპერაცია დაიწყო. ჰუთები "ჰამასს" მხარს უჭერენ.