შეერთებული შტატებისა და ბრიტანეთის საბრძოლო თვითმფრინავებმა, საზღვაო და წყალქვეშა ხომალდებმა ჰუთი მებრძოლების პოზიციებს შეუტიეს. ეს იყო საპასუხო ნაბიჯი ირანის მიერ მხარდაჭერილი ჰუთების მიერ, წითელ ზღვაში მოძრავ გემებზე მომხდარ თავდასხმებზე.
მას შემდეგ, რაც ისრაელმა "ჰამასს" ომი გამოუცხადა, იზრდება შიში იმის თაობაზე, რომ კონფლიქტი შესაძლოა რეგიონში უფრო ფართოდ გავრცელდეს. ამას ადასტურებს დაპირისპირება წითელ ზღვაში, სადაც კომერციულ რეისებზე ჰუტების თავდასხმა გახშირდა.
თვითმხილველების განცხადებით, იემენის რამდენიმე ქალაქში აფეთქებები მოხდა. მათ შორის - დედაქალაქ სანაში და სიდიდით მესამე ქალაქ ტაიზში, აეროპორტების სიახლოვეს, წითელი ზღვის მნიშვნელოვან პორტ ჰოოდეიდას საზღვაო ბაზასთან და სხვა სანაპირო სამხედრო ობიექტებზე.
"ეს მიზანმიმართული იერიშები ნათელი გზავნილია, რომ ამერიკის შეერთებული შტატები და ჩვენი პარტნიორები არ შეეგუებიან ჩვენს პერსონალზე თავდასხმებს და არ დაუშვებენ იმას, რომ მტრულად განწყობილმა აქტორებმა ნაოსნობის თავისუფლება შეზღუდონ", - განაცხადა ამერიკის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა.
ვინ არიან ჰუთები?
ისტორია
1990-იანი წლების ბოლოს, ჩრდილოეთ იემენში მდებარე ჰუთის ოჯახმა ჩამოაყალიბა რელიგიური მოძრაობა შიიტური ისლამის ზაიდის სექტისთვის, რომელიც დიდი ხნის წინ მართავდა იემენს.
მთავრობასთან უთანხმოების მატებასთან ერთად, მათ დაიწყეს პარტიზანული ომების სერია ქვეყნის არმიასთან და მონაწილეობდნენ ხანმოკლე სასაზღვრო კონფლიქტში სუნიტურ საუდის არაბეთთან.
ომი იემენში
ომი იემენში 2014 წლის ბოლოს დაიწყო, როდესაც ჰუთებმა სანა დაიკავეს. რეგიონში შიიტური ირანის მზარდი გავლენით შეშფოთების ფონზე, 2015 წლის მარტში, საუდის არაბეთიც ჩაერთო დასავლეთის მიერ მხარდაჭერილ კოალიციაში, მათ მიერ მხარდაჭერილი მთავრობის დასაცავად.
ჰუთებმა დაამყარეს კონტროლი იემენის ჩრდილოეთის დიდ ნაწილზე და სხვა დასახლებულ ცენტრებზე. საერთაშორისოდ აღიარებული მთავრობა კი ადენში გადავიდა.
იემენში ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში შედარებით სიმშვიდე იყო, გაეროს ხელმძღვანელობით მიმდინარე სამშვიდობო პროცესის ფონზე. საუდის არაბეთი აწარმოებს მოლაპარაკებებს ჰუთებთან ომის დასრულების მიზნით.
მაგრამ ჰუთების გახშირებულმა თავდასხმებმა ისრაელზე, საუდის არაბეთისთვის კონფლიქტის რისკი გაზარდა.
ჰუთების თავდასხმები ისრაელზე
ჰუთები აცხადებენ, რომ მათი თავდასხმები წითელ ზღვაში კომერციულ გემებსა და ამერიკულ ძალებზე, არის პალესტინელებისა და „ჰამასის“ (ისლამისტური ჯგუფის, რომელიც აკონტროლებს ღაზას) მხარდაჭერის დემონსტრაცია, ისრაელის მიერ "ჰამასის" წინააღმდეგ მიმდინარე ომში. ომი ისრაელმა "ჰამასის" მიერ 7 ოქტომბერს ისრაელზე მიტანილი იერიშის პასუხად დაიწყო.
ჰუთების თავდასხმებმა შეაფერხა საერთაშორისო ვაჭრობა, აიძულა გემები, კომერციული გადაზიდვები შემოვლითი გზებით აწარმოონ. გრძელი მარშრუტი მიწოდების ხარჯების ზრდას იწვევს და გლობალური ინფლაციის ახალი ტალღის რისკებს ქმნის.
შეერთებულმა შტატებმა თქვა, რომ ავსტრალია, ბაჰრეინი, კანადა და ნიდერლანდები მხარს უჭერდნენ ოპერაციას ჰუტების წინააღმდეგ. ვაშინგტონი აცხადებს, რომ საჰაერო თავდასხმები არის საერთაშორისო ძალისხმევის ნაწილი, აღადგინოს თავისუფალი ნაოსნობა ევროპასა და აზიას შორის მთავარ მარშრუტზე, რომელზეც მსოფლიო სავაჭრო გადაზიდვების თითქმის 15% მოდის.
რა არის ჰუტების თავდასხმების მიზანი?
ჰუთების დაჯგუფება ე.წ. "წინააღმდეგობის ღერძის" ნაწილია, რომელიც მოიცავს რეგიონში სხვა ჯგუფებსაც, როგორიცაა "ჰამასი" და "ჰეზბოლა". ისინი ისრაელისა და დასავლეთის წინააღმდეგ გამოდიან. ამ დაჯგუფებებს მხარს უჭერს და ეხმარება ირანი.
ჰუთების სლოგანია "სიკვდილი ამერიკას, სიკვდილი ისრაელს, წყევლა ებრაელებს და გამარჯვება ისლამს".
კავშირები ირანთან
ჰუთებს აქვთ კავშირები ირანთან, მაგრამ უცნობია, თუ რამდენად ღრმაა მათი ალიანსი. ირანი ოფიციალურად მათ მხარდაჭერას არ აღიარებს.
საუდის არაბეთის ხელმძღვანელობით, კოალიცია ირანს ადანაშაულებს ჰუტების შეიარაღებასა და წვრთნაში, რასაც ისინი უარყოფენ. კოალიცია ასევე ამბობს, რომ ლიბანში, ირანის მიერ მხარდაჭერილი "ჰეზბოლა" ჰუტებს ეხმარება. აღნიშნულს "ჰეზბოლაც" უარყოფს.
მიუხედავად იმისა, რომ ირანი მხარს უჭერს ჰუთებს, როგორც მისი რეგიონალური "წინააღმდეგობის ღერძის" ნაწილს, იემენის ექსპერტები ამბობენ, რომ ისინი ძირითადად შიდა დღის წესრიგით არიან მოტივირებულნი, თუმცა იზიარებენ პოლიტიკურ კავშირს ირანსა და "ჰეზბოლასთან".
ჰუთები უარყოფენ, რომ არიან ირანის მარიონეტები და ამბობენ, რომ ისინი კორუმპირებულ სისტემას ებრძვიან.
Facebook Forum