"თალიბანი" ამერიკასთან მოლაპარაკების პროგრესით კმაყოფილია

"თალიბანის" ერთ-ერთი ლიდერი აცხადებს, რომ შეერთბულ შტატებთან მოლაპარაკებაში “დიდ პროგრესს” მიაღწიეს და ეს “ძალიან სასარგებლო” ნაბიჯია ავღანეთში 18-წლიანი ომის დასამთავრებლად.

მულა აბდულ ღანი ბარადარი "თალიბანის" მეთაურის მოადგილე და მისი პოლიტიკური ფრთის ხელმძღვანელია. ხუთშაბათს დაჯგუფებამ მის მიერ ჩაწერილი აუდიო მესიჯი მედიას გაუზიარა.

ბარადარის განცხადება ამერიკასა და "თალიბანს" შორის გამართული 16-დღიანი მოლაპარაკების დამთავრებიდან, ორ დღეში გამოქვეყნდა. მოლაპარაკება დოჰაში გაიმართა, რის ბოლოსაც მხარეებმა კონფლიქტის დასამთავრებლად, წინასწარი შეთანხმების ტექსტი შეიმუშავეს.

ბარადარის თქმით, მათ სამომავლო მოლაპარაკებას “საწინდარი ჩაუყარეს.” აუდიო ჩანაწერში ის ასევე ამტკიცებს, რომ "თალიბანმა" მოლაპარაკებაში დიდ პროგრესს ისე მიაღწია, რომ საკუთარი პრინციპების და ტრადიციული პოზიციის დათმობა არ მოუწია.