სნოუდენს სავარაუდოდ ვენესუელა შეიფარებს

ჯაშუშობისთვის ძებნილმა ამერიკის მოქალაქემ პოლიტიკური თავშესაფარის მოთხოვნით სულ ცოტა 19 ქვეყანას მიმართა
შეერთებული შტატების მიერ ძებნილმა ედვარდ სნოუდენმა ვენესუელის პრეზიდენტ ნიკოლას მადუროსგან სიტყვიერი მხარდაჭერა მიიღო. მადურომ დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სნოუდენი „მსოფლიოსგან დაცვას იმსახურებს“. ვენესუელის ლიდერმა გაამართლა ამერიკის დაზვერვის ყოფილი კონტრაქტორი, რომელმაც დიდძალი საიდუმლო ინფორმაცია გაასაჯაროვა და განაცხადა, რომ სნოუდენს „არავინ მოუკლავს“ და „არც ბომბი დაუმონტაჟებია“.

ვენესუელის პრეზიდენტი მოსკოვში იმყოფება და პრეზიდენტ პუტინთან მოლაპარაკებებს მართავს. „ასოშეიტედ პრესის“ ინფორმაციით, სნოუდენმა რუსეთი შეიძლება პრეზიდენტ მადუროსთან ერთად დატოვოს. ასევე ვრცელდება ცნობები იმის შესახებ, რომ ჯაშუშობაში ეჭვმიტანილმა ამერიკის მოქალაქემ პოლიტიკური თავშესაფრის მოთხოვნით სულ ცოტა 19 ქვეყანას მიმართა. აღნიშნული ინფორმაცია დასტურდება ინდოეთის საგარეო უწყების მიერ. დღეს ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ მათ სნოუდენს თავშესაფრის მიცემაზე უარი უთხრეს.