რუსეთი უარყოფს, რომ ედვარდ სნოუდენი მის ტერიტორიაზე იმყოფება, თუმცა ამერიკის დაზვერვის ყოფილი თანამშრომელი, რომელსაც შეერთებული შტატები ეძებს, მოსკოვის აეროპორტში საერთაშორისო სატრანზიტო ზონაში იმყოფებოდა. სნოუდენის შესახებ დეტალებს „ამერიკის ხმის“ კორესპონდენტი რიჩარდ გრინი არკვევდა.
გავრცელებული ცნობით, სნოუდენი მოსკოვში ჰონგ-კონგიდან ჩაფრინდა, სადაც ის ამერიკის საიდუმლო სათვალთვალო პროგრამის გამჟღავნების შემდეგ იმალებოდა. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა სნოუდენის გეგმებში რუსეთის მონაწილეობა უარყო.
„მან დამოუკიდებლად აირჩია მარშრუტი და ჩვენ ამის შესახებ, როგორც ყველამ მასმედიით შევიტყვეთ. მან რუსეთის საზღვარი არ გადაკვეთა და ვფიქრობთ, რუსეთის დადანაშაულების ყველა მცდელობა ამერიკული კანონების დარღვევაში და ლამის შეთქმულებაში მთლიანად დაუსაბუთებელი და მიუღებელია,“ - განაცხადა სერგეი ლავროვმა.
ამ ფაქტს შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი საუდის არაბეთში ვიზიტის დროს გამოეხმაურა. მან ამერიკის ხმასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ მოსკოვის მხრიდან უარს შესაძლოა ნეგატიური შედეგები მოყვეს. თეთრი სახლის პრესმდივანმა ჯეი კარნიმ რუსეთს შეერთებული შტატებისთვის სნოუდენის გადაცემისკენ მოუწოდა.
„უნდა ავღნიშნო, ინტენსიური თანამშრომლობა რუსეთთან ბოსტონის ტერაქტის შემდეგ, ასევე რუსეთთან თანამშრომლობა სამართალდამცავ სფეროში, რაც მოიცავდა ბევრი კრიმინალის გადაცემას რუსეთისთვის მათი მოთხოვნის შესაბამისად. ამდენად ჩვენ ველოდებით რომ რუსეთი ბატონ სნოუდენს შეერთებულ შტატებს გადასცემს,“ - განაცხადა ჯეი კარნიმ.
თეთრმა სახლმა ასევე გააკრიტიკა ჩინეთი სნოუდენისთვის ჰონგ-კონგში თავშესაფრის მიცემის გამო. თეთრმა სახლმა აღნიშნა, რომ ამით ამერიკულ-ჩინური ურთიერთობები დაზიანდა. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ვაშინგტონის ბრალდება უარყო.
„ამერიკის ბრალდებები ჩინეთის მიმართ უსაფუძვლოა. ორმხრივი ურთიერთობის შესახებ ჩინეთის პოზიცია ნათელია. ორივე მხარის ინტერესებშია დიალოგის და თანამშრომლობის შენარჩუნება და გაძლიერება, ასევე სადავო საკითხების კონტროლი და პროგრესისთვის მუშაობა,“ - განაცხადა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა.
როგორც ცნობილი გახდა, სნოუდენი თავშესაფარს ეკვადორში ეძებს. მისი თქმით, შეერთებული შტატების სათვალთვალო საიდუმლო პროგრამის გამჟღავნებით მან ჩვეულებრივი ამერიკელების უფლებები დაიცვა. თუმცა, მთავრობა ირწმუნება, რომ ამ პროგრამის წყალობით 50-მდე ტერტორისტული აქტის აღკვეთა შეძლო.