ამერიკის შეერთებული შტატები უჩივის დაზვერვის ცენტრალური სააგენტოსა (CIA) და ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს (NSA) ყოფილ თანამშრომელს, ედვარდ სნოუდენს. საჩივარი სნოუდენის მიერ გაუთქმელობის შესახებ შეთანხმების დარღვევას და საიდუმლო ინფორმაციის თავის ახალ წიგნში გამოქვეყნებას ეხება.
იუსტიციის დეპარტამენტი სნოუდენს შეთანხმების დარღვევაში და საჯარო გამოსვლების დროს დაზვერვასთან დაკავშირებულ საკითხებზე საუბარში სდებს ბრალს.
სნოუდენის წიგნი „პირადი საქმე“ გაყიდვაში სამშაბათს ჩაეშვა. ვინაიდან 1980 წელს მიღებული კანონის მიხედვით, სასამართლოს არ შეუძლია აკრძალოს ამგვარი წიგნის გამოქვეყნება ან გაყიდვა, ამერიკის მთავრობას შეუძლია ავტორს ჩამოართვას წიგნის გაყიდვიდან მიღებული მოგება.
გაუთქმელობის შეთანხმების მიხედვით, სნოუდენს თავისი წიგნის ასლები გამოქვეყნებამდე გადასახედად, დაზვერვისა და ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოებისთვის უნდა გადაეცა.
„ამერიკის შეერთებული შტატების უნარი დაიცვას სენსიტიური ეროვნული უსაფრთხოების შემცველი ინფორმაცია დამოკიდებულია თანამშრომლების და კონტრაქტორების მიერ გაუთქმელობის შეთანხმების დაცვაზე,“ თქვა ჯოდი ჰანთმა, გენერალური პროკურორის მოადგილემ წიგნის გამოსვლის დღეს.
სნოუდენმა ამერიკა 2013 წელს დატოვა და რუსეთში გადავიდა საცხოვრებლად მას შემდეგ, რაც ათასობით დოკუმენტი გამოაქვეყნა ამერიკის მთავრობის ჯაშუშობისა და სხვა სადაზვერვო საქმიანობის შესახებ.
სნოუდენმა მის წინააღმდეგ სარჩელს ტვიტერზე უპასუხა და დაწერა : „დარწმუნებული არ ვარ, რომ როდესმე მინახავს წიგნი, რომელსაც CIA და NSA ერთდროულად მიიჩნევენ საშიშ საკითხავად“.
სნოუდენს ჯაშუშობის მუხლით გასამართლება ელის წინ და როგორც თავად ამბობს, ის მზადაა დაბრუნდეს ამერიკის შეერთებულ შტატებში, იმ შემთხვევაში, თუ ის მიიღებს იმას, რასაც თავად სამართლიან სასამართლოს უწოდებს.