აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი პროკურატურის ქმედებას აფასებს

მარი ჰარფი, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი

23 მარტს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საგანგებო განცხადებაში შეშფოთება გამოხატა საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით დაკითხვაზე დაიბაროს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. როგორც განცხადებაშია დამოწმებული, ყოფილი პრეზიდენტის დაბარება რამდენიმე სხვადასხვა სისხლის სამართლის დანაშაულის საქმის გამოძიების გამო ხდება. მარი ჰარფმა აქვე მიუთითა, რომ "ყოფილი პრეზიდენტის მონაწილეობით რამდენიმე საქმის ერთდროული გამოძიების დაწყება ლეგიტიმურ შეშფოთებას აჩენს პოლიტიკური ანგარიშსწორების მხრივ, განსაკუთრებით მაშინ, როცა იურიდიული და სასამართლო ინსტიტუტები ჯერ კიდევ მყიფეა საქართველოში."

სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი იხსენებს ვაშინგტონში, თებერვალში შემდგარ უმაღლესი დონის შეხვედრას ქართველ ლიდერ ირაკლი ღარიბაშვილთან და ამ განხილვის შესაბამისად, საქართველოს მთავრობას მოუწოდებს "საქართველოს ენერგია მიმართოს მომავალზე, ძლიერ ეკონომიკაზე, მართლმსაჯულების სფეროს რეფორმების გაგრძელებაზე და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მიმართულებით სწრაფ პროგრესზე."

კვირასვე, ამ საკითხში ამერიკის ხმას საკუთარი მოსაზრება შესთავაზა ბრიტანეთში გამომავალი გავლენიანი ჟურნალის-"ეკონომისტის" ცნობილმა ჟურნალისტმა ედვარდ ლუკასმა. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის გასამართლება დიდი შეცდომაა. "მიუხედავად იმისა, რომ მან არაერთი შეცდომა დაუშვა ხელისუფლებაში ყოფნის დროს და იყო ძალაუფლების გადამეტების სერიოზული შემთხვევებიც, სააკაშვილი გადადგა, როცა არჩევნებში დამარცხდა და ამისთვის ის აღიარებას იმსახურებს,"-თქვა ლუკასმა და დასძინა, რომ "უკვე, საქართველო ძალიან სახიფათოდ არის პოლარიზებული. ამ დროს, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის [წევრების] გასამართლება ხელს არ შეუწყობს ქვეყნის წინსვლას, განსაკუთრებით კი დღევანდელ საერთაშორისო კონტექსტში, როცა საქართველოს ერთსულოვნება ესაჭიროება."