საზღვარი და ამერიკის მთავრობის დახურვა

დემოკრატების ლიდერებთან ბოლო შეხვედრის შემდეგ, რომელიც მან „დროის სრულ დაკარგვად“ გამოაცხადა, ხოლო სენატორმა ჩაკ შუმერმა მისი საქციელი „ბრაზიან აფეთქებად“შეაფასა, შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ამერიკა-მექსიკის საზღვარზე გაემგზავრა.

ტეხასის შტატის ქალაქ მაკალენში მისი ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია საზღვრის უსაფრთხოების თათბირები, სასაზღვრო პატრულის პოსტზე და ასევე მდინარე რიო გრანდეს გასწვრივ სასაზღვრო ზოლზე გაჩერებები.

შეერთებული შტატების საბაჟო და საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მონაცემებით, რიო-გრანდეს დაბლობის სექტორი ის ადგილია, სადაც ბოლო წლებში, საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის გამო, აგენტებმა ყველაზე მეტი ადამიანი დააკავეს.

დემოკრატმა კონგრესმენმა ვისენტე გონზალესმა, რომელიც კონგრესში მაკალენს წარმოადგენს, თქვა, რომ მოხარულია, რომ ტრამპი მის ოლქს სტუმრობს, მაგრამ შეერთებულ შტატებს საზრიანად ხარჯვა სჭირდება, რაც რეგიონს ნამდვილ უსაფრთხოებას მოუტანს. ვიდეო გზავნილში გონზალესმა განაცხადა, რომ საზღვრის დასაცავად არა კედელი, არამედ ტექნოლოგიის გამოყენება სჭირდებათ.

ტეხასელი რესპუბლიკელი სენატორები, ტედ კრუზი და ჯონ კორნინი პრეზიდენტ ტრამპთან ერთად არიან და აცხადებენ, რომ საზღვრის კედელი აუცილებლობაა.

22 დეკემბრიდან შეერთებული შტატების მთავრობა ნაწილობრივ დახურულია იმის გამო, რომ მექსიკასთან 3200 კილომეტრიანი საზღვრის, უკიდურეს შემთხვევაში ნაწილზე მაინც ბარიერის ასაშენებლად, ტრამპი დაფინანსებას ითხოვს. საზღვარზე ბარიერის აშენება, მისი საარჩევნო კამპანიის ერთ-ერთი მთავარი დაპირება იყო.