9 დეკემბერს, შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტმა გამოაცხადა, რომ რუსეთის მოქალაქე ოლეგ კოშკინს ოთხი წლით პატიმრობა მიუსაჯა „დაშიფვრის“ მომსახურებისთვის, რომელიც ჰაკერებს მთელ მსოფლიოში კომპიუტერების მავნე პროგრამებით ინფიცირებაში დაეხმარა.
როგორც იუწყებიან, 41 წლის კოშკინი, ესტონეთის ყოფილი მოქალაქე, მართავდა ვებ-გვერდებს, რომლებიც თითქმის შეუმჩნევლად ისეთი მავნე პროგრამების შექმნას სთავაზობდა, როგორიცაა „ბოტნეტები“, დისტანციური წვდომის „ტროას ცხენები“, კლავიატურის ოპერაციის აღმნუსხველები, პირადი პაროლების მომპარავები და კრიპტო-ვალუტის მომპოვებლები („მაინერები“).
ასევე ნახეთ: რუსი ჰაკერების ომი ამერიკის წინააღმდეგ„ბრალდებული უზრუნველყოფდა კრიტიკულად მნიშვნელოვან მომსახურებას, რომელსაც კიბერ-კრიმინალები კიბერ-უსაფრთხოების თავდაცვის პირველი ხაზის, ანტი-ვირუსული პროგრამების გვერდის ასავლელად იყენებდნენ“, თქვა მთავარი პროკურორის თანეშემწემ, იუსტიციის დეპარტამენტის კრიმინალური განყოფილების წარმომადგენელმა კენეტ პოლაიტ უმცროსმა.
„კიბერ-კრიმინალები ეყრდნობიან ამის მსგავს მომსახურებას, რათა მთელ მსოფლიოში კომპიუტერები მავნე პროგრამებით, მათ შორის გამოსასყიდის გამოძალვის პროგრამებით დაასნებოვნონ...“, განაცხადა კენეტ პოლაიტმა.
ფედერალურმა ნაფიცმა მსაჯულებმა კოშკინი ბრალეულად 15 ივნისს ცნეს. ის 2019 წელს, კალიფორნიაში დააკავეს.
კოშკინმა მომსახურება გაუწია რუსეთი მოქალაქე პიოტრ ლევაშოვს, რომელიც მსოფლიოში ყველაზე კარგად ცნობილი „სპამერია“, რომელიც ანგარიშების პაროლებს იპარავდა, აწყობდა ე.წ. „სერვისზე უარის“ თავდასხმებს და ავრცელებდა გამოსასყიდის გამოსაძალ და სხვა მავნე პროგრამებს. ლევაშოვმა, ესპანეთიდან ექსტრადაციის შემდეგ, 2018 წელს, ამერიკულ სასამართლოში ბრალი ბევრ ეპიზოდზე აღიარა.