გასულ კვირას უკრაინისთვის "ლეოპარდებისა" და "აბრამსების" ტიპის ტანკების გაგზავნასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ, უკრაინის დახმარებაზე საუბარი არა თუ მცირდება, არამედ ახალ საფეხურზე გადადის. საბრძოლო ტანკების შემდეგ, ყურადღების ცენტრში საბრძოლო თვითმფრინავებია. განახლებული მასშტაბური რუსული იერიშის საფრთხის ფონზე და მაშინ, როცა უკრაინის მიერ ამ ტანკების გამოყენებას ჯერ კიდევ დრო დასჭირდება, ახლა მოიერიშე თვითმფრინავებზე საუბარი ისე გააქტიურდა, როგორც - არასდროს. ჟურნალისტების მიერ გავრცელებული ცნობებით, ვაშინგტონი უკრაინისთვის დახმარების ახალ პაკეტს უახლოეს დღეებში გამოაქვეყნებს და ის სავარაუდოდ უფრო გრძელი რადიუსის მქონე სარაკეტო სისტემებსაც მოიცავს, ვიდრე უკრაინა აქამდე იღებდა.
„ამერიკის ხმის“ უკრაინელი ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვაზე, აპირებს თუ არა შეერთებული შტატები მოიერიშე F-16-ების კიევისთვის გაგზავნას, პრეზიდენტმა ბაიდენმა უპასუხა, რომ - არა. თუმცა, ამერიკელი კანონმდებლები, რომლებიც ჯერ კიდევ ტანკებთან დაკავშირებული საჯარო დისკუსიებით გამოწვეულ უკმაყოფილებას პასუხობენ, ამბობენ, რომ „მსჯელობა არ არის ყოყმანი“.
მოსკოვი გამუდმებით ცდებოდა. შეცდა, როცა არასათანადოდ შეაფასა უკრაინელი ხალხის ნება, დაიცვან საკუთარი ქვეყანა და შეცდა მოკავშირეთა მიერ უკრაინელთა დემოკრატიული ბრძოლის მხარდაჭერის შეფასებაშიც", -- სენატორი ჯინ შაჰინი
„ვფიქრობ, ესაა ამერიკისა და დასავლეთის ქვეყნების მტკიცე სიგნალი, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას და ვეძებთ გარდამტეხ შესაძლებლობებს იმისთვის, რომ ბრძოლის ველზე დინამიკა უკრაინის საკეთილდღეოდ შეიცვალოს", - ამბობს დემოკრატი სენატორი ბობ მენენდესი "ამერიკის ხმასთან" საუბარში და განმარტავს: "როცა ამბობენ, რომ იყო ყოყმანი, ეს ასე არაა, ესაა სიღრმისეული ანალიზი, რომელიც ჩვენ უნდა გავაკეთოთ. როცა გვაქვს თხოვნა, მას მაშინვე ვერ დავაკმაყოფილებთ, უნდა გავაანალიზოთ თითოეული მოთხოვნა იმის მიხედვით, თუ რა არის საუკეთესო ჩვენი საერთო მიზნის მისაღწევად. ეს მიზანი კი არის უკრაინის გამარჯვება. ასე რომ, რასაც სხვები ყოყმანს უწოდებენ, ჩვენ ამას სიღრმისეულ ანალიზს ვუწოდებთ და ვმსჯელობთ იმაზე, თუ როგორ დავეხმაროთ გამარჯვების მიღწევაში უკრაინას და როგორ მივაწოდოთ ამის საჭიროებები საუკეთესოდ“.
უკრაინა ავიაგამანადგურებლებს სრულმასშტაბიანი ომის დაწყებისთანავე ითხოვდა. გაზაფხულზე დისკუსიები ამ თემაზე „მიგ-29“-ებთან დაკავშირებით დაიწყო. ვარშავა ამბობდა, რომ მზად იყო უკრაინისთვის საკუთარი, საბჭოთა წარმოების თვითმფრინავები გადაეცა, თუკი ვაშინგტონი ამ დანაკლისს ამერიკული F-16-ებით შეუვსებდა. მაშინ ეს ერთგვარად, ზედემეტად ესკალაციურ ნაბიჯად იყო მიჩნეული. ახლა ვაშინგტონში განმარტავენ, რომ თავშეკავების მიზეზი ლოჯისტიკურ და პრაქტიკულ სირთულეებს უკავშირდება, და არა რუსეთის მხრიდან რეაქციის პრევენციას.
ასევე ნახეთ: მენენდესი: "მამაცი უკრაინელები აჩვენებენ, რამდენად სუსტია პუტინის არმია"მოიერიშეებთან დაკავშირებული განმარტებები ჰგავს იმ განმარტებებს, რომლებიც თვეების განმავლობაში საზოგადოებამ არაერთხელ მოისმინა „პატრიოტების“ თუ სხვა სისტემების, ბოლოს კი, „აბრამსების“ ტიპის ტანკების თაობაზეც. ამ სისტემების გამოყენება ლოჯისტიკურად და ფუნქციურად რთულია, საჭიროებს ხანგრძლივ წვრთნას და ნაკლებად შეესაბამება უკრაინის უშუალო საჭიროებებს. ამასთან, მაღალია რუსეთის ანტისაჰაერო სისტემების მხრიდან მათი ჩამოგდების რისკიც.
საბრძოლო თვითმფრინავების შესახებ წინააღმდეგობას გამოხატავენ ევროპის დედაქალაქებშიც. გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა თქვა, რომ გერმანია საომარ თვითმფრინავებს უკრაინას არ გაუგზავნის. ბრიტანეთმა და ნიდერლანდებმაც განაცხადეს, რომ ამის გაკეთებას არ აპირებენ. ამავე დროს საფრანგეთი, რომელიც დამატებით "ცეზარის" ტიპის 12 "ჰაუბიცის" უკრაინაში გაგზავნის შესახებ აცხადებს, ამბობს, რომ ავიაგამანადგურებლების გადაცემასთან დაკავშირებით "ტაბუ არ არსებობს". ეს შესაძლებლობა საფრანგეთის პრეზიდენტმა არ გამორიცხა, თუმცა იმ პირობით, თუკი "ეს თვითმფრინავები რუსეთის მიწას არ შეეხება". ამასთან, ოფიციალური ცნობებით, კიევს დასავლელი მოკავშირეებისთვის თვითმფრინავების გადაცემის მოთხოვნით ფორმალურად არ მიუმართავს.
Your browser doesn’t support HTML5
ამერიკელი კანონმდებლები ამბობენ, რომ კრემლს არ უნდა ჰქონდეს იმედი, რომ დასავლეთმა უკრაინის დახმარების კუთხით რაიმე ზღვარს მიაღწია და მიიჩნევენ, რომ ამ დრომდე მიღებული გადაწყვეტილებები უკვე მიუთითებს მოსკოვს, რამდენად და რამდენჯერ შეცდა ვლადიმირ პუტინი.
„ეს [ყველაფერი] კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, რომ მოსკოვი გამუდმებით ცდებოდა. შეცდა, როცა არასათანადოდ შეაფასა უკრაინელი ხალხის ნება, დაიცვან საკუთარი ქვეყანა და შეცდა მოკავშირეთა მიერ უკრაინელთა დემოკრატიული ბრძოლის მხარდაჭერის შეფასებაშიც. იმედი მაქვს, ეს გზავნილია ვლადიმირ პუტინისთვის, რომ ჩვენ უკან დახევას არ ვაპირებთ, და განვაგრძობთ უკრაინის მხარდაჭერას“, - ამბობს ჯინ შაჰინი, შეერთებული შტატების სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის წამყვანი სენატორი ნიუ-ჰემფშირის შტატიდან.
სენატორი ქრის ქუნსი, რომელიც სენატში დელავერის შტატს 2010 წლიდან წარმოადგენს, „ამერიკის ხმას“ ეუბნება, რომ „ლეოპარდებისა“ და „აბრამსების" გარდა, უკრაინა ისეთ უმნიშვნელოვანეს ჯავშანტექნიკასაც იღებს, როგორიცაა „სტრაიკერები“, „ბრედლის“ ჯავშანმანქანები და ა.შ.
„ეს ჯავშანტექნიკა ერთად, კომბინაციაში უკრაინას მისცემს საგულისხმოდ უფრო ძლიერ შესაძლებლობებს იმისთვის, რომ შეძლოს კონტრშეტევის განხორციელება ამ გაზაფხულზე და წინააღმდეგობა გაწევა იმისთვის, რასაც სავარაუდოდ რუსული იერიშის სახით ვნახავთ. მე მოვუწოდებ ყველას, რომ ეს ახალი სისტემები უკრაინაში რაც შეიძლება სწრაფად ჩაიტანონ. ვფიქრობ, გზავნილი არის ის, რომ დასავლეთი განაგრძობს უკრაინის მტკიცე მხარდაჭერას მის ბრძოლაში რუსული აგრესიის წინააღმდეგ", - ამბობს სენატორი ქუნსი.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება ამბობს, რომ უკრაინა დასავლური ტანკების „პირველ ტალღას“ - 120-იდან 140-მდე ტანკს 12 ქვეყნისგან შემდგარი კოალიციის ფარგლებში მიიღებს. მათ შორის იქნება გერმანული „ლეოპარდები“, ამერიკული „აბრამსები“, ბრიტანული „ჩელენჯერები“, შესაძლოა ფრანგული „ლეკლერკებიც“. თუმცა უკრაინა, რომელიც გაზაფხულზე იერიშის მოგერიებისთვისაც ემზადება და კონტრიეიერიშის განსახორციელებლადაც, კვლავ ითხოვს ე.წ. „ATACAMS“-ებს - შორი რადიუსის მქონე რაკეტებს და F-16-ის ტიპის ავიაგამანადგურებლებს.