11 მარტს, ამერიკელი სენატორი ბობ მენენდესი სასამართლოში წარდგება. მას ოფიციალურად წარუდგენენ ბრალს მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლაში. ამასთან, ახლოვდება სასამართლო პროცესი საქმეზე, რომლის მიხედვითაც მას ბრალი კორუფციაში ედება.
კონტექსტი
სენატორ მენენდესს ბრალი შარშან წაუყენეს. ბრალდების მტკიცებით, ის ნიუ-ჯერსის შტატში მოქმედი ბიზნესებისგან ქრთამს იღებდა, რათა ხელი შეეშალა ამ ბიზნესების წინააღმდეგ, სამართალდამცავი უწყებების გამოძიებებისთვის. ბრალდების მიხედვით, ის ასევე უკანონოდ მოქმედებდა, როგორც ეგვიპტის მთავრობის აგენტი. ორივე ამ ბრალდებაში სენატორი თავს უდანაშაულოდ ცნობს.
ასევე ნახეთ: ამერიკელ სენატორ მენენდესს ახალი საბრალდებო დასკვნით, მართლმსაჯულების ხელის შეშლაში ედება ბრალი5 მარტს გასაჯაროებულ ახალ საბრალდებო დასკვნაში ნათქვამია, რომ მენენდესმა თავისი ყოფილი ადვოკატების მეშვეობით, 2023 წელს მანჰეტენის ფედერალურ პროკურორებს ტყუილი უთხრა, რომ სენატორს სჯეროდა, რომ იპოთეკა და მანქანის გადასახადები, რომლებიც ორმა ბიზნესმენმა მის ცოლს გადაუხადა, სესხი იყო და არა ქრთამი.
მენენდესმა ახალ ბრალდებებს ყალბი უწოდა და მოსალოდნელია, რომ უახლეს ბრალდებაშიც თავი უდანაშაულოდ გამოაცხადოს.
რატომ არის ეს მნიშვნელოვანი?
ნიუ-ჯერსის მაღალი რანგის სენატორმა წინააღმდეგობა გაუწია გადადგომის მოწოდებას, მათ შორის თანაპარტიელი დემოკრატების მოწოდებებს. მან დროებით დატოვა სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა მას შემდეგ, რაც გასულ წელს ბრალი წაუყენეს.
სენატში, მენენდესის მანდატის მოსაპოვებლად, კენჭისყრა 5 ნოემბერს, საპრეზიდენტო არჩევნებთან ერთად გაიმართება და მანდატის მოსაპოვებლად, რამდენიმე დემოკრატი იბრძვის. რესპუბლიკელებსა და დემოკრატებს შორის სენატში მანდატები თანაბრად არის გაყოფილი. დემოკრატების უმრავლესობას ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისის ხმა განსაზღვრავს, რომელიც აშშ-ის კონსტიტუციის მიხედვით სენატის პრეზიდენტიც არის.
რა არის შემდეგი?
მენენდესი, მისი მეუღლე ნადინ მენენდესი და ბიზნესმენები ვაელ ჰანა და ფრედ დაიბესი სასამართლოს წინაშე 6 მაისს წარდგებიან. თითოეული მათგანი წაყენებულ ბრალდებებში თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს.