ამერიკა ისრაელს ირანის წინააღმდეგ მხარს დაუჭერს

შეერთებული შტატების სენატმა ახალი რეზოლუცია მიიღო, რომელშიც ირანის და ისრაელის მიმართ არსებული პოლიტიკა კიდევ უფრო განმტკიცდა
99-ით ნულის წინააღმდეგ (ერთი სენატორი კენჭისყრას არ ესწრებოდა), შეერთებული შტატების სენატმა ახალი რეზოლუცია მიიღო. ამერიკელი სენატორები ერთხმად უჭერენ მხარს ირანზე დაწესებული სანქციების გაგრძელებას. საჭიროების შემთხვევაში, თუკი ისრაელი თავდაცვის მიზნით ირანს დაუპირისპირდება, შეერთებული შტატები მას მხარს დაუჭერს.

ნიუ ჯერსის დემოკრატი სენატორი რობერტ მენენდესი, რომელიც ამავე დროს სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეა, აღნიშნავს, რომ აღნიშნული რეზოლუციით თეირანმა ვაშინგტონიდან მკაცრი გზავნილი მიიღო.

„ვფიქრობ, რომ ანონიმური კენჭისყრის ძალა სენატის მხრიდან თეირანის რეჟიმისადმი გარკვევით გამოხატულ გზავნილში მგომარეობს: მთავარი არა ხელისუფლების ცვლა, არამედ თქვენი ბირთვული პროგრამებია“ - განაცხადა სენატორმა მენენდესმა. მან ასევე ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ ირანის მიმართ საგარეო პოლიტიკა ერთ-ერთია იმ ძალზე მცირე რაოდენობის საკითხებს შორის, რომელზეც დემოკრატებს და რესპუბლიკელებს საერთო შეხედულებები აქვთ.

რესპუბლიკელი სენატორი ლინდსი გრამი, ჩრდილოეთ კაროლინას შტატიდან, აცხადებს, რომ სენატის რეზოლუციით კიდევ ერთხელ დადასტურდა ისრაელისადმი შეერთებული შტატების ერთგულება და ამ საკითხთან დაკავშირებით კითხვები აღარ იქნება.

99-ით ნულის წინააღმდეგ ჩვენ ამ კითხვებს ვუპასუხეთ. ეჭვგარეშეა, რომ თუ ისრაელი იძულებული გახდება ირანის რეჟიმს თავდაცვის მიზნით დაუპირისპირდეს, რათა თეირანმა ბირთვული პროგრამის განვითარება დაასრულოს, ჩვენ, შეერთებული შტატები ისრაელს გვერდში დავუდგებით. ეს თანადგომა ნებისმიერი ფორმით განხორციელდება: პოლიტიკურად, გაეროში, ეკონომიკურად და ყველგან. დიახ, სამხედრო თვალსაზრისითაც“ - აღნიშნავს რესპუბლიკელი სენატორი.

სენატში კენჭისყრას რამდენიმე საათით წინ უსწრებდა ბირთვული სააგენტოს ახალი ანგარიში. საერთაშორისო ორგანიზაცია აცხადებს, რომ ირანი რეაქტორის მშენებლობას და კვლევით სამუშაოებს აგრძელებს. საბოლოო ჯამში ეს იმის მომასწავებელია, რომ თეირანს ბირთვული იარაღის შესაქმნელად პლუტონიუმი ექნება.

ირანის წარმომადგენელი საერთაშორისო ბირთვულ სააგენტოში, ალი ასგარ სოლთანეი ირანის ხელისუფლების პოზიციას კიდევ ერთხელ იმეორებს და აცხადებს, რომ ბირთვული პროგრამები სამშვიდობო ხასიათს ატარებს და ის მიზნად ატომური იარაღის შექმნას არ ისახავს.

„სააგენტოს ისტორიაში ყველაზე გულდასმით ჩატარებული ათწლიანი ინსპექციების მიუხედავად, აკრძალული ბირთვული მასალა ან აქტივობა ნაპოვნი არ არის. პროგრამა მშვიდობიანი რჩება. ეს ფაქტია და კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ყველა ბრალდება ირანის მიმართ გაყალბებული და მცდარია“ - აცხადებს ირანის ელჩი საერთაშორისო ორგანიზაციაში.

სენატორი გრამი აღნიშნავს, რომ ირანის განცხადებების არავის ჯერა და წარმოუდგენელია, რომ სამედიცინო იზოტოპების საწარმო და ურანით გამდიდრება ფარულად მთის ქვეშ მიმდინარეობდეს. ბირთვული პროგრამების განვითარების შეწყვეტის თაობაზე შეერთებული შტატები სხვა ქვეყნებთან ერთად ირანთან მოლაპარაკებებს აგრძელებს.