ამერიკის სკოლები და მოსწავლეთა ჩამორჩენის პრობლემა

შეერთებულ შტატებში სასკოლო წლის პირველი ნიშნის ფურცლები გამოჩნდა. ამ სემესტრში ჩვეულებრივთან შედარებით, ბევრად მეტი “არადამაკმაყოფილებელი” შეფასება აღინიშნება, რაც იმის სამწუხარო ნიშანია, რომ დისტანციურად სწავლა მოსწავლეებს უჭირთ.

ასევე ნახეთ: ამერიკაში სკოლები იხსნება, მშობლები კი ვერ წყვეტენ ონლაინ სწავლება ჯობია თუ ბავშვის სკოლაში გაშვება



მთელი ამერიკის სასკოლო ოლქები იუწყებიან, რომ იმ მოსწავლეთა რაოდენობა, რომლებმაც გამოცდები ჩააგდეს, ორჯერ ან სამჯერ გაიზარდა. ყველაზე ცუდ მდგომარეობაში არიან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე, ღარიბი და ის მოსწავლეები, რომლებიც ინგლისურ ენას სწავლობენ. ორეგონის ერთ-ერთ სკოლაში გამოცდები მოსწავლეთა 38 პროცენტმა ვერ ჩააბარა. ნორმალურ დროს ეს რიცხვი 8 პროცენტს შეადგენს ხოლმე.

განათლების მუშაკები ამის მიზეზად რამდენიმე ფაქტორს ხედავენ: სახლიდან მოსწავლეები დავალებებს ან მთლიანად სკოლას აცდენენ. ინტერნეტზე წვდომა ბევრისთვის შეზღუდული ან არამყარია, რაც დავალებების შესრულებას და ატვირთვას ართულებს. მასწავლებლებს, რომლებიც მოსწავლეებს პირისპირ ვერ ხედავენ უფრო ნაკლები საშუალება აქვთ ჩამორჩენილები შენიშნონ, განსაკუთრებით იმ დროს, როდესაც “ზუმით” დაკავშირების დროს, ბევრ მათგანს კამერა გამორთული აქვს.

ზოგიერთ ოლქში, არადამაკმაყოფილებელ შეფასებებთან ერთად ჩნდებოდა 0.0%, რაც მიანიშნებდა, რომ კლასებს საერთოდ არ ესწრებოდნენ.

ასევე ნახეთ: მასწავლებლები, მოსწავლეები და მშობლები ამერიკაში სწავლების ახალ ფორმას ეჩვევიან



ამის პასუხად, სკოლები აძლიერებდნენ დახმარების ძალისხმევას და მათი პრიორიტეტი იყო ჩამორჩენილი სტუდენტების დასწრებულ სწავლებაზე გადაყვანა. ზოგიერთ შემთხვევაში შეფასების წესებსაც ცვლიდნენ და მოსწავლეებს დავალების შესასრულებლად მეტ დროს აძლევდნენ.

ზოგიერთ სკოლაში მოხდა შეფასებების გაუმჯობესება მას შემდეგ, რაც მასწავლებლებისგან დახმარების მისაღებად, მოსწავლეების მცირე ჯგუფების შენობაში შეყვანა დაიწყეს, თუმცა იმ რეგიონებში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების ზრდის გამო ეს პრაქტიკა შეწყვიტეს. მრჩეველთა ჯგუფებმა მოსწავლეებთან კონტაქტი გაზარდეს და მასწავლებლებს სთხოვეს შეფასებისთვის განკუთვნილი საშინაო დავალებების მიცემა დროებით შეეჩერებინათ. ესპანურენოვანი მოსწავლეების მშობლები საგანგებო სესიაზე მიიწვიეს და თავისი შვილების შეფასებების ინტერნეტზე ნახვა ასწავლეს.

სამხრეთ კაროლინის ქალაქ ჩარლსტონში, ადმინისტრაციამ და მასწავლებლებმა წამოწიეს შეფასებების შესწორების შესაძლებლობის საკითხი, რომელიც გაზაფხულზე უკვე გამოიყენეს. მაშინ მასწავლებლებს დაავალეს 0 ქულის ნაცვლად 50 დაეწერათ, რათა ჩამორჩენილი მოსწავლეებისთვის ნაკლებად დამთრგუნველი ყოფილიყო. მერვე კლასის ინგლისური ენის მასწავლებელმა ჯოდი სტელინგსმა ამაზე თქვა: “მე ინგლისურის მასწავლებელი ვარ და არა მათემატიკის, მაგრამ გავიგე, რომ ნულები ძალიან, ძალიან დამთრგუნგელია”.

ვირჯინიის შტატში მცხოვრები ჯილიან ბაქსტერის ორი შვილი დისტანციურად სწავლობს. მისმა ვაჟმა, რომელიც ზოგადად კარგად სწავლობს, ერთ პერიოდში ჩამორჩენა გამოავლინა, თუმცა ქალიშვილი სულ უმაღლეს შეფასებებს იღებდა. მისი ორი შვილის განსხვავებულ შედეგებს, ჯილიანი სწავლისადმი მათ განსხვავებულ მიდგომებს მიაწერს. მის ქალიშვილს ძალიან მოსწონს საკუთარ ოთახში დამოუკიდებლად მეცადინეობა, ვაჟს კი კლასში ყოფნის გარეშე ნაკლები მოტივაცია აქვს.

ვირჯინიის შტატის ფეარფაქსის საგრაფოს სკოლის სისტემამ აღმოაჩინა, რომ მათ, ვინც ინგლისურს სწავლობდა და შეზღუდული შესაძლებლობები ჰქონდა, ჩამორჩენის ყველაზე დიდი ზრდა აჩვენა. მათგან განსხვავებით, ისინი, ვინც ადრე კარგად სწავლობდნენ, მოსალოდნელზე ცოტა უფრო უკეთეს შედეგებს აღწევდნენ.