ამერიკის შეიარაღებული ძალების ცენტრალური სარდლობის გენერალი კენეთ მაკკენზი ამბობს, რომ ამერიკა მზადაა თავის დასაცავად, თუკი თეირანი ზუსტად ერთი წლის წინ აშშ-ის მიერ გენერალ ყასემ სოლეიმანის ლიკვიდაციის გამო თავდასხმას გეგმავს.
"ჩვენ მზად ვართ დავიცვათ საკუთარი თავი, მეგობრები და პარტნიორები რეგიონში. ასევე მზად ვართ, რომ თუ აუცილებელი გახდა, საპასუხოდ ვიმოქმედოთ", - უთხრა გენერალმა ჟურნალისტებს.
კენეთ მაკკენზი რეგიონში გასული კვირების განმავლობაში იმყოფებოდა. ირანელი გენერალი სოლეიმანი ამერიკული დრონით განხორციელებული თავდასხმის შედეგად, ბაღდადის აეროპორტის მახლობლად, 2020 წლის 3 იანვარს მოკლეს.
"ჩემი შეფასებით, ჩვენ ძალიან კარგ პოზიციაში ვართ და მზად ვართ, ნებისმიერი რამისთვის, რისი გაკეთებაც ირანელებმა და მათმა მართულმა ჯგუფებმა შეიძლება გადაწყვიტონ", - განაცხადა ოთხვარკვლავიანმა გენერალმა რეგიონიდან რამდენიმე ჟურნალისტთან სატელეფონო ინტერვიუს დროს.