აშშ-მა 6 ირანელს არჩევნებში ჩარევის მცდელობისთვის სანქციები დაუწესა

შეერთებულმა შტატებმა განაცხადა, რომ ექვს ირანელ პირსა და ერთ იურიდიულ სუბიექტს, გასული წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე გავლენის მოხდენის მცდელობის გამო სანქციები დაუწესა, ორ პირს კი არჩევნებში ჩარევისთვის ბრალი წაუყენა.

ამერიკის ხაზინის დეპარტამენტის განცხადებაში ნათქვამია, რომ ეს სანქციები ხაზინის დეპარტამენტის, სახელმწიფო დეპარტამენტისა და გამოძიების ფედერალური ბიუროს ერთობლივი ძალისხმევის შედეგია.

ასევე ნახეთ: CIA-ს დირექტორმა მოსკოვში კიბერ-თავდასხმების საკითხი განიხილა


18 ნოემბერს გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ არჩევნების დღემდე სამი თვით ადრე, სახელმწიფოს მიერ მართულმა კიბერ-სუბიექტებმა აშშ-ის საარჩევნო ვებ-გვერდებიდან მოიპოვეს ან სცადეს მოეპოვებინათ ინფორმაცია ამომრჩევლების შესახებ. ისინი ასევე პასუხისმგებელნი იყვნენ ონლაინ ოპერაციაზე, რომლის მიზანიც იყო „დაეშინებინათ და გავლენა მოეხდინათ ამერიკელ ამომრჩეველზე. 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მიმართ კი ამომრჩევლის ნდობა შეესუსტებინათ და განხეთქილება დაეთესათ.

ხაზინის დეპარტამენტმა განაცხადა, რომ მან სანქციები დაუწესა ირანულ კიბერ-კომპანია „ემენეტ პასარგადს“, რომელსაც საარჩევნო პროცესზე გავლენის მოხდენის მცდელობაში წამყვანი როლი ჰქონდა. ეს კომპანია 2019 წელსაც იყო სანქციების ობიექტი. მაშინ ის სხვა სახელით მოქმედებდა და სანქციები ირანის ისლამური რევოლუციური გვარდიის კორპუსის "ელექტრონული ბრძოლისა" და კიბერ-ორგანიზაციის (IRGC-EWCD) დახმარების გამო დაუწესდა.

სანქციების სამიზნეების ასევე აღმოჩნდნენ კომპანიის მენეჯერი და სამი თანამშრომელი. სანქციები კომპანიის მმართველი საბჭოს სამ წევრსაც დაუწესდა. ამ სუბიექტების ქონება შეერთებული შტატების იურისდიქციის ფარგლებში დაიბლოკა და ამერიკის მოქალაქეებსა და ამერიკულ კომპანიებს მათთან საქმიანი ურთიერთობა ეკრძალებათ. თუ ამ მოთხოვნას დაარღვევენ, სანქციების სამიზნე თვითონაც გახდებიან.