შეერთებული შტატები სანქციებს დაუწესებს რუსეთთან ასოცირებულ, კვიპროსზე რეგისტრირებულ კომპანიას "ტრანსადრია" და მის მიერ ოპერირებულ საზღვაო ხომალდს "მარლინი". ჯამში 8 ადამიანზე და 17 ხომალდზე დაწესებული სანქციები გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ს უკავშირდება.
სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა, აღნიშნულთან დაკავშირებით, 22 ნოემბერს განაცხადა და თქვა, რომ ეს ნაბიჯი "შეესაბამება შეერთებული შტატების განგრძობით ოპოზიციას გაზსადენ "ჩრდილოეთის ნაკადი 2"-თან და შეერთებული შტატების მხრიდან, 2019 წლის ევროპის ენერგოუსაფრთხოების აქტის (PEESA) დაცვისადმი უწყვეტ ერთგულებას".
ბაიდენის ადმინისტრაციამ, გაზსადენის ოპერატორის წინააღმდეგ სანქციები ივლისში გააუქმა, მას შემდეგ რაც "ჩრდილოეთის ნაკადი 2-ზე" გერმანიასთან შეთანხმებას მიაღწია. გერმანიამ ვაშინგტონს მისცა პირობა, რომ თუ მოსკოვი ენერგიას იარაღად გამოიყენებს უკრაინის წინააღდეგ, ბერლინი ზომებს მიიღებს. თუმცა, ორ ქვეყანას შორის შეთანხმება არ საუბრობს იმაზე, თუ რა კრიტერიუმებით შეაფასებს აღნიშნულს.
ასევე ნახეთ: კონგრესმენები მაკქოლი და კაპტური "ჩრდილოეთის ნაკადი 2"-ის წინააღმდეგ სანქციების აუცილებლობაზე საუბრობენ
11 მილიარდი დოლარის ღირებულების წინააღმდეგობრივი გაზსადენი ბალტიის ზღვის გავლით და უკრაინის გვერდის ავლით, რუსულ ბუნებრივ აირს გერმანიას მიაწვდის.
„ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის მშენებლობა სექტემბერში დასრულდა, თუმცა მისი ამოქმედება ევროკავშირის და გერმანიის მარეგულირებლების მხრიდან, რამდენიმე ფორმალური მიზეზით ფერხდება. გაზსადენის ოპერატორებმა მისი მუშაობა ევროპის რეგულაციებთან შესაბამისობაში უნდა მოიყვანონ. ამ მიზეზით, გერმანიის ფედერალურმა უწყებამ 16 ნოემბერს განაცხადა, რომ დროებით აჩერებს გაზსადენის საბოლოო დამტკიცების პროცესს.
საქმე იმაშია, რომ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის ოპერატორ კომპანიას შვეიცარიაში უდევს ბინა. ბერლინი კი ითხოვს, რომ მან შვილობილი კომპანია გერმანიის ტერიტორიაზე დააფუძნოს. გაზსადენის ოპერატორის სრული სახელია Nord Stream 2 AG. ის რუსეთის სახელმწიფო დაქვემდებარებაში მყოფ ენერგოგიგანტ "გაზპრომს" ეკუთვნის.
ასევე ნახეთ: რუსეთს გაზსადენთან დაკავშირებული ევროპული რეგულაციების წინსწრებით აცილება სურსგაზსადენის ამუშავებას შეერთებული შტატები, უკრაინა და ევროკავშირის წევრთა ნაწილი ეწინააღმდეგება. ისინი თვლიან, რომ პროექტი ხელს უშლის კონტინენტზე ენერგოდივერსიფიკაციის პროცესს და საშიშროებას უქმნის ევროპის ენერგოუსაფრთხოებას.
გაზსადენის ამუშავება უკრაინას კრიტიკულად მნიშვნელოვან სატრანზიტო შემოსავალს მოაკლებს. ზარალის განეიტრალების მიზნით, შეერთებული შტატები და გერმანია შეთანხმდნენ, რომ ინვესტიციებს ჩადებენ უკრაინის ალტერნატიული ენერგიის ინდუსტრიის განვითარებაში.