რუსეთმა ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ ამერიკის მოქალაქესთან აშშ-ის საკონსულოს თანამშრომელი შეუშვა. ამ ინფორმაციას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
საკონსულოს თანამშრომლის შესვლამდე რამდენიმე საათით ადრე, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ რუსეთისაგან ახსნა-განმარტება და დაკავებული ამერიკელის დაუყოვნებლივ გათავისუფლება მოითხოვა.
ორშაბათს რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა განაცხადა, რომ აშშ-ის 48 წლის მოქალაქე პოლ უელანი 28 დეკემბერს „ჯაშუშური საქმიანობისას“ დააკავა და სისხლის სამართლის საქმის გამოძიება დაიწყო.
რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „ტასის“ ცნობით, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულს თავისუფლების 20 წლამდე აღკვეთა ემუქრება.