რუსეთი ლიბიაში დესტაბილიზაციას აღრმავებს

შეერთებული შტატების აფრიკის სარდლობა ამბობს, რომ ცოტა ხნის წინ რუსეთმა ლიბიაში სამხედრო ავიაგამანადგურებლები განალაგა, რათა მხარი დაუჭიროს სახელმწიფოს სპონსორობით მოქმედ რუს კერძო სამხედრო კონტრაქტორებს, რომლებიც გაეროს მიერ მხარდაჭერილ ლიბიის მთავრობას ებრძვიან.

რუსული სამხედრო თვითმფრინავები ლიბიის ალ-ჯუფრას აეროდრომზე, რუსეთის სამხედრო ავიაბაზიდან, სირიაში გაჩერების შემდეგ ჩაიყვანეს. აფრიკის სარდლობის განცხადებით, სირიაში თვითმფრინავები გადაღებეს, რათა მათი რუსული წარმომავლობა დაემალათ.

მოსალოდნელია, რომ ავიაგამანადგურებლები “ვაგნერის ჯგუფში” გაერთიანებულ რუს სამხედრო კონტრაქტორებს ახლო საჰაერო მხარდაჭერას გაუწევს. ისინი ლიბიელ დიქტატორ, გენერალ ხალიფა ჰაფთარის ლიბიის ეროვნულ არმიას, ქვეყნის ეროვნული თანხმობის მთავრობის წინააღმდეგ ერთწლიან ბრძოლაში უჭერენ მხარს.

სამშაბათს გამოქვეყნებულ პრეს-რელიზში, აფრიკის სარდლობის მეთაურმა, გენერალმა სტივენ თაუნსენდმა რუსეთი ამხილა, რომ ის აფრიკაში თავის ყოფნას აფართოებს და “ლიბიელების დასაბომბად” დაქირავებულ პილოტებს გზავნის.

თაუნსენდმა თქვა: “ლიბიის სამხედრო კონფლიქტში თავისი ჩართულობის სრულ მასშტაბს რუსეთი დიდი ხნის განმავლობაში უარყოფდა. ახლა უარყოფა შეუძლებელია. ვაკვირდებოდით რუსეთი მეოთხე თაობის ავიაგამანადგურებლების ლიბიაში გადაფრენას რომ ახდენდა, ყოველ ნაბიჯს ვაკვირდებოდით.”

მან იქვე დაამატა, რომ არც ლიბიის ეროვნულ არმიას და არც კერძო სამხედრო კომპანიებს,“რუსეთის დახმარების გარეშე” ასეთი ტიპის თვითმფრინავების შეიარაღება და გამოყენება არ შეუძლია.

თეთრი სახლის მიხედვით, შაბათს გამართულ სატელეფონო საუბარში, პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა, ერთმანეთს ლიბიაში უცხოეთის ჩარევის გაუარესების შესახებ შეშფოთება გაუზიარეს.

თურქეთმა, ლიბიის საერთაშორისოდ აღიარებულ “ეროვნული თანხმობის მთავრობას” სამხედრო დახმარება გაუწია და გაფრთხილება გამოთქვა, რომ ჰაფთარის ძალების თავდასხმებს “მძიმე შედეგები” მოჰყვება.

ლიბიაში რუსეთის ჩარევის კრიტიკოსები ამბობენ, რომ ჰაფთარისადმი მოსკოვის მხარდაჭერამ რეგიონში არასტაბილურობა გაზარდა, რაც ევროპის იმიგრაციული კრიზისის გამწვავებას დაეხმარა.

სამშაბათს, ევროპაში და აფრიკაში შეერთებული შტატების საჰაერო ძალების მეთაურმა, სამხედრო-საჰაერო ძალების გენერალმა ჯეფ ჰარიგიანმა გამოთქვა გაფრთხილება, რომ რუსეთი ამზადებს საშუალებებს, რათა ახლო მომავალში, სამხრეთ ევროპისთვის “უსაფრთხოების ნამდვილი საფრთხე” შექმნას.

პრეს-რელიზში მან თქვა: “თუ რუსეთი ლიბიის სანაპიროს დაიკავებს, შემდეგი ლოგიკური ნაბიჯი - მუდმივი, მოქმედების შორი რადიუსის, წვდომის აღმკვეთი საშუალებების განლაგება იქნება”- რომელიც იმისთვის გამოიყენება, რომ მოწინააღმდეგეს იმ ტერიტორიის გადაკვეთა აღუკვეთოს, რომელსაც ეს იარაღი იცავს.