ამერიკელი ასტრონავტი და რუსი კოსმონავტი ორბიტული სადგურისკენ გაფრინდნენ

„სოიუზ“ კოსმოსური კაფსული საერთაშორისო კოსმოსური სადგურისკენ გაემართა. კაფსულში ამერიკელი ასტრონავტია, რომელიც კოსმოსში პირველად გადის. მასთან ერთად რუსი ვეტერანი კოსმონავტი მიემგზავრება.

ჯეკ ფიშერი და ფიოდორ იურჩიხინი დღეს ბაიკონურის კოსმოდრომიდან გაფრინდნენ. ისინი ორბიტულ სადგურზე ოთხ თვეს გაატარებენ. ეკიპაჟი სადგურს დღეს, ექვსსაათიანი ფრენის შემდეგ მიაღწევს.

ჩვეულებრივ, რუსეთი ამერიკელ ასტრონავტთან ერთად, კოსმოსურ სადგურში ორ კოსმონავტს გზავნის ხოლმე, მაგრამ ორბიტულ სადგურზე ახალი სამეცნიერო ლაბორატორიის მიმაგრებამდე, რაც მომავალ წელს მოხდება, რუსეთმა კოსმოსურ სადგურზე ეკიპაჟის ზომა შეამცირა.