რუსეთში ამერიკის ახალ ელჩს არჩევნებზე კრემლის ჩარევაში ეჭვი არ ეპარება

შეერთებული შტატების ახალი ელჩი რუსეთში ჯონ ჰანტსმანი იქნება. ის აქამდე შტატ იუტას გუბერნატორი იყო, მანამდე კი შეერთებული შტატების ელჩად მსახურობდა სინგაპურში და ჩინეთში. 2012 წელს ჰანტსმანი რესპუბლიკური პარტიის სახელით საპრეზიდენტო არჩევნებშიც მონაწილეობდა.

ჯონ ჰანტსმანი ამერიკის დიპლომატიურ მისიას სათავეში რუსეთთან გართულებული ურთიერთობების ფონზე ჩაუდგება. სექტემბერში განახლებულ სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის მოსმენებზე ჰანტსმანმა განაცხადა, რომ გასულ წელს ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებზე რუსეთის ჩარევაში ეჭვი არ ეპარება.

სენატში მისი კანდიდატურის დამტკიცებისას დემოკრატებმა და რესპუბლიკელებმა იშვიათი ერთსულოვნება გამოიჩინეს. ჰანტსმანი ანონიმური კენჭისყრით ერთხმად იქნა დამტკიცებული.