მიტ რომნიმ ნიუ ჰემფშირის პრაიმერი დამაჯერებლად მოიგო. მასაჩუსეტის ყოფილი გუბერნატორის მიერ რესპუბლიკური პარტიის ნომინაციის მოპოვების შანსი ერთიორად გაიზარდა.
„პრეზიდენტ ობამას იდეები გამოელია. სულ მალე გამოელევა ჩვენთან თავის მართლების არგუმენტებიც. მან საერთაშორისო არენაზე გამყუჩებლური პოლიტიკა აირჩია, რადგან მიაჩნია, რომ ამერიკის მსოფლიო ლიდერობა წარსულს ჩაბარდა. მე კი ძლიერი ამერიკის მჯერა, რომელიც უნდა გაუძღვეს და გაუძღვება კიდეც დანარჩენ სამყაროს“ - აცხადებს მიტ რომნი.
როგორც ჩანს, პრეზიდენტი ობამას კრიტიკაზე აგებული მიტ რომნის საარჩევნო სტრატეგია რესპუბლიკელ ამომრჩევლებში ძალზე მომგებიანია. ბარაკ ობამას ის გამუდმებით „წარუმატებელ პრეზიდენტს“ უწოდებს და ელექტორატს პირდება, რომ ქვეყანას სრულიად განსხვავებული გზით წაიყვანს.
ნიუ ჰემფშირის პრაიმერი მიტ რომნიმ 39 პროცენტით მოიგო. მეორე ადგილზე 23 პროცენტით ტეხასელი კონგრესმენი რონ პოლია. მესამე ადგილზე კი 17 პროცენტით შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი ჩინეთში, ჯონ ჰანთსმანი გავიდა.