აშშ-ს და ნატო-ს ავღანეთიდან ჯარი გამოჰყავს

ხუთშაბათს, თეთრმა სახლმა თქვა, რომ ამერიკული ძალების გამოყვანის ოფიციალურ დაწყებამდე, ჯარი და აღჭურვილობა ავღანეთს ტოვებს, რაც ამერიკის ყველაზე ხანგრძლივი ომის დასასრულის დასაწყისს აღნიშნავს.

იმ დროს, როდესაც პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ჯორჯიისკენ მიემგზავრებოდა, თეთრი სახლის პრეს-მდივნის მოადგილე კარინ ჟან-პიერმა პრეზიდენტის თვითმფრინავის ბორტზე ჟურნალისტებს უთხრა: “გამოყვანა მიმდინარეობს. ეს იქნება აუჩქარებელი მოქმედება და უსაფრთხოდ და პასუხისმგებლობით ჩატარდება, რაც ჩვენი ძალების დაცვას უზრუნველჰყოფს. პოტენციური მოწინააღმდეგეები თუ თავს დაგვესხმებიან, საკუთარ თავს და ჩვენს პარტნიორებს, ჩვენს ხელთ არსებული ყველა საშუალებით დავიცავთ.”

ხუთშაბათსვე, ნატოს ოფიციალურმა პირმა “ამერიკის ხმას” დაუდასტურა, რომ ავღანეთში მრავალეროვნული “მტკიცე მხარდაჭერის” ფარგლებში მყოფმა, დაახლოებით 7 ათასმა ჯარისკაცმა ქვეყანა უკვე დატოვა. “ვგეგმავთ გამოსვლა რამდენიმე თვეში დავასრულოთ”, თქვა ნატოს ოფიციალურმა პირმა.

ჯარის გამოყვანის დადასტურება, ბაიდენის კონგრესში გამოსვლიდან მეორე დღეს მოხდა, სადაც ბაიდენმა თავის სიტყვაში ეს გადაწყვეტილება გაამართლა.

ბაიდენმა თქვა, რომ 2011 წლის 11 სექტემბრის ტერორისტული თავდასხმების შემდეგ ავღანეთში დაწყებული ომი, “არასდროს განიხილებოდა როგორც თაობების განმავლობაში გასაკეთებელი საქმე.”

“ჩვენ ავღანეთში ტერორისტების მოსახელთებლად წავედით, ტერორისტების, რომლებიც თავს დაგვესხნენ,” თქვა ბაიდენმა და დაამატა, რომ სამართალი აღსრულდა. “20 წლიანი გმირობის და თავგანწირვის შემდეგ, დროა ის ჯარისკაცები სახლში დავაბრუნოთ.”

მაგრამ ხუთშაბათს, თეთრმა სახლმა ასევე დაადასტურა, რომ უსაფრთხოების დამატებითი ზომების დაწესებასთან ერთად, ავღანეთში ამერიკული ჯარის რიცხვი მალე გაიზრდება.

ასევე ნახეთ: ავღანეთიდან ჯარების გაყვანის შემდეგ, უსაფრთხოების გარანტიები არ იქნება

“ავღანეთში დროებით არმიის რეინჯერთა საგანგებო ჯგუფის ელემენტები განლაგდება, რათა ჯარის დაცვას დაეხმარონ”, თქვა ჟან-პიერმა.

შეერთებულმა შტატებმა, ჯარის გამოყვანის საჰაერო მხარდაჭერის მიზნით ყატარში ოთხი ბ-52 ბომბდამშენიც გაგზავნა, ავიამზიდ “დუაიტ დ. აიზენჰაუერის” დამრტყმელი ჯგუფი კი რეგიონში ივლისამდე დარჩება, რათა დამატებითი შესაძლებლობები უზრუნველყოს.

ავღანეთში შეერთებული შტატაების სამხედრო ძალების მეთაურმა, გენერალმა სკოტ მილერმა ქაბულში ჟურნალისტებს უთხრა, რომ გამოსვლის ელემენტები დაიწყო და ამერიკული ჯარი, ობიექტების და აღჭურვილობის ავღანეთის უსაფრთხოების ძალებისთვის გადაცემის პროცესშია.

მაგრამ ჯერ კიდევ ავღანეთში მყოფი 2500-დან 3500-მდე ჯარისკაცის გამოყვანა დაემთხვა დროს, როდესაც ავღანეთის ოფიციალური პირების თქმით, მთელ ქვეყანაში მათი ძალები მეამბოხე თალიბანის მებრძოლებთან მძიმე ბრძოლებშია ჩაბმული.

თავდაცვის სამინისტროს პრეს-მდივანმა ფავად ამანმა, “ამერიკის ხმის” ავღანურ სამსახურთან ინტერვიუში, თალიბანის ფართოდ გავრცელებული კამპანია აღწერა როგორც გამოწვევა, რომელიც ავღანეთის უსაფრთხოების ძალების წინაშე მრავალ ფრონტზეა.

შეერთებული შტატების უმაღლესი რანგის სამხედროებმა ჯარის გამოყვანას მხარი დაუჭირეს, მაგრამ ძალადობის გამწვავების და ავღანეთის ძალების მიერ მზარდი წნეხისადმი გაძლების თაობაზე შეშფოთება გააჟღერეს.

ხუთშაბათს, გენერალმა კენეტ “ფრენკ” მაკენზიმ “ალურა” ტელევიზიას უთხრა: “ავღანეთის სამხედროებისთვის მძიმე დრო იქნება. მხარდაჭერას გავაგრძელებთ, როგორც ჩვენ ვუწოდებთ “ჰორიზონტის მეორე მხრიდან” და ამჟამად ამის დეტალებზე ვმუშაობთ, მაგრამ ახლა ის დროა, როდესაც მათ ეს სინამდვილეში უნდა გააკეთონ.”