აშშ-ის სამხედრო უწყება ამბობს, რომ ჩინური საჯაშუშო აეროსტატის ნარჩენებს ეძებს

კვირას, აშშ-ის სამხედრო უწყებამ განაცხადა რომ ეძებს წინა დღით ჩამოგდებული საეჭვო ჩინური სათვალთვალო აეროსტატის ნარჩენებს. ამ დრამატულმა საჯაშუშო საგამ ამერიკა-ჩინეთის დაძაბული ურთიერთობა კიდევ უფრო გაამწვავა.

აშშ-ს სამხედრო ფლოტი აეროსტატის და მისი ტვირთის ამოღებაზე მუშაობს და სანაპირო დაცვა ოპერაციის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს, თქვა ჩრდილოეთ ამერიკის აეროკოსმოსური თავდაცვის სარდლობის და აშშ-ის ჩრდილოეთ სარდლობის მეთაურმა, გენერალმა გლენ ვანჰერკმა.

ნარჩენების წარმატებით ამოღებას პოტენციურად შეუძლია ამერიკულ მხარეს ჩინეთის საჯაშუშო შესაძლებლობებზე ინფორმაცია მისცეს. თუმცა, აშშ-ის ოფოციალურმა პირებმა ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებაზე ამ აეროსტატის გავლენა უმნიშვნელოდ შეაფასეს.

ასევე ნახეთ: ამერიკა ჩინური "ჰუავეის" შესაძლო საჯაშუშო საქმიანობის გამოძიებას ატარებს

რესპუბლიკელმა კანონმდებლებმა პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გააკრიტიკეს იმის გამო, რომ აეროსტატის ჩამოგდებამდე დღეების განმავლობაში იცდიდა, სანამ ის შეერთებული შტატების თავზე დაფრინავდა. რესპუბლიკელებმა პრეზიდენტს ბრალი დასდეს, რომ ჩინეთის მიმართ სისუსტე აჩვენა და თავდაპირველად, აშშ-ის საჰაერო სივრცის დარღვევის დამალვას ცდილობდა.

ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და მისმა ყოფილმა ეროვნული დაზვერვის დირექტორმა ჯონ რეტკლიფმა უარყვეს თავდაცვის მდივან ლოიდ ოსტინის შეფასება, რომ მისი პრეზიდენტობის დროს მსგავსმა აეროსტატებმა აშშ-ის თავზე გადაიფრინეს.

თუმცა რესპუბლიკელმა კონგრესმენმა მაიკლ ვალცმა „ვაშინგტონ პოსტს“ უთხრა, ტრამპის პრეზიდენტობის დროს პენტაგონმა კონგრესს აცნობა რომ ჩინური აეროსტატები შეერთებული შტატების სიახლოვეს რამდენჯერმე შენიშნეს.

დემოკრატებმა თქვეს, რომ ბაიდენის გადაწყვეტილებამ, აეროსტატის ჩამოგდება დაეყოვნებინა, სანამ ის შეერთებულ შტატებს გადაუფრენდა, სამოქალაქო მოსახლეობა მიწაზე ჩამოვარდნილი ნამსხვრევებისგან დაიცვა.

წარმომადგენელთა პალატის დაზვერვის კომიტეტის თავმჯდომარემ, რესპუბლიკელმა მაიკლ ტერნერმა თქვა, სჯერა, რომ ჩინეთი აეროსტატს იყენებდა, რათა აშშ-ის ბირთვული იარაღის და ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემების საწინააღმდეგო შესაძლებლობები შეესწავლა.

სენატის დემოკრატთა ლიდერმა ჩაკ შუმერმა განაცხადა რომ პენტაგონი სენატორებს აეროსტატის და ჩინური ჯაშუშობის შესახებ ინფორმაციას 15 თებერვალს გაუზიარებს.