აშშ-ის სამხედრო ლიერებმა არ იციან, ვინ გასცა ძალის გამოყენების ბრძანება თეთრი სახლის წინ დემონსტრაციის დასაშლელად

შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი და შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსი აცხადებენ, რომ არ იციან ვინ გასცა ბრძანება თეთრი სახლის წინ შეკრებილი მომიტინგეების დასაშლელად. დემონსტრაციის მონაწილეები ადგილიდან ძალის გამოყენებით მანამდე დაშალეს, სანამ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თეთრი სახლიდან ლაფაეტის სკვერთან მდებარე წმინდა იოანეს ეკლესიაში ფეხით გადავიდოდა.

ასევე ნახეთ: კანონმდებლები ფედერალური პოლიციის მიერ თეთრ სახლთან დემონსტრაციის დაშლის გამოძიებას ითხოვენ


„ეს ჩემთვის ჯერ ისევ უცნობია,“ თქვა თავდაცვის მდივანმა მარკ ესპერმა წარმომადგენელთა პალატის შეიარაღებული ძალების კომიტეტში გამართულ მოსმენაზე. კითხვაზე პასუხის გაცემისას, თუ ვინ გასცა მომიტინგეების დაშლის ბრძანება, ესპერმა თქვა, რომ ამ საკითხით არ დაინტერესებულა.

„ამის დაჯერება მიჭირს,“ უთხრა მას კომიტეტის თავმჯდომარე ადამ სმიტმა.

გენშტაბის უფროსმა გენერალმა მარკ მილიმ ასევე განაცხადა, რომ „პირადად არ იცის“ ვინ გასცა დემონსტრაციის დაშლის ბრძანება 1 ივნისს.

ესპერმა და მილიმ აღნიშნეს, რომ ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალების შემდეგ დაწყებული დემონსტრაციების კონტროლის დროს შეიარაღებული ძალები გამოყენებული არ ყოფილა. ეროვნული გვარდიის ჯარისკაცები საჭიროების შემთხვევაში სამართალდამცავების დახმარების აღმოსაჩენად იყვნენ მზად, თუმცა მათ დემონსტრაციის დაშლაში მონაწილეობა არ მიუღიათ.