პროტესტის ტალღა

მუჰამედზე გადაღებულმა ფილმმა ისლამური სამყაროს აღშფოთება გამოიწვია
უკვე მეოთხე დღეა ისლამურ სამყაროში გრძელდება საპროტესტო დემონსტრაციები, რაც ამერიკაში გადაღებულმა ვიდეომ გამოიწვია.

ამერიკულმა და სხვა უცხოურმა მისიებმა უკვე მიიღეს უსაფრთხოების დამატებითი ზომები. საპროტესტო აქციები დღეს ისლამური ქვეყნების ქალაქებში უფრო გაძლიერდა, რაც პარასკევის ყოველკვირეულ ტრადიციულ ლოცვას უკავშირდება. დემონსტრანტებმა დაგმეს გავრცელებული ვიდეო და მისი აღკვეთა მოითხოვეს. საპროტესტო გამოსვლები განსაკუთრებით საშიშ ხასიათს იძენს ეგვიპტის დედაქალაქ ქაიროში, სადაც დემონსტრანტები ამერიკის საელჩოს წინ არიან შეკრებილები. ისინი პოლიციას ქვებს და სხვა მძიმე საგნებს უშენენ.

ძალადობის კერა გაჩნდა ასევე სუდანში, სადაც დემონსტრანტებმა გერმანიის საელჩოს შემოარტყეს ალყა. საპროტესტო აქციები მიმდინარეობს მალაიზიაში, ინდონეზიაში და ავღანეთში.