დღეს შეერთებული შტატები „ხსოვნის დღეს“ აღნიშნავს. მაისის ბოლო ორშაბათს, ამერიკელები პატივს მიაგებენ იმ სამხედრო მომსახურეების ხსოვნას, რომლებმაც სიცოცხლე ქვეყნისთვის გასწირეს.
პრეზიდენტის ბძანებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით დღეს დროშები, სამშობლოსთვის თავგანწირულ გმირებთან ერთად, კორონავირუსის მსხვერპლთა პატივისცემის ნიშნადაც აღიმართა.
ამ დროის მონაცემებით, მსოფლიოს მასშტაბით, ამერიკაში კოვიდ-19-ით გარდაცვალების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება და თითქმის 100 000-ს აღწევს. მათ შორის, ვეტერანთა დეპარტამენტის მონაცემებით, 1000 ომის ვეტერანია.
ხსოვნის დღის ფედერალური დღესასწაული, ასევე, არაოფიციალურად ამერიკაში საზაფხულო შვებულების დაწყების სეზონად მიიჩნევა. თუმცა, სოციალურ დისტანცირებასთან დაკავშირებული რეგულაციების, აკრძალვების, საერთაშორისო მოგზაურობასთან დაკავშირებული შეზღუდვებისა და მილიონობით უსამსახუროდ დარჩენილი მოქალაქის ფონზე, სეზონი გასულ წლებთან შედარებით, განსხვავებული იქნება.
დღესასწაულთან დაკავშირებით, პრეზიდენტი ტრამპი არლინგტონის ეროვნულ სასაფლაოსა და ბალტიმროში ვიზიტს გეგმავს, სადაც 1812 წელის ომის ისტორიული ბრძოლა გაიმართა.
ბალტიმორის მერი მიიჩნევს, რომ პრეზიდენტის ქალაქში ვიზიტი იმ ფონზე, როცა მოსახლეობას შინ დარჩენისკენ მოუწოდებენ, მოქალაქეებს მცდარ შეტყობინებას უგზავნის. პრეზიდენტი ტრამპი, საჯარო სივრცეებში პიბადის გამოყენებაზე უარს ამბობს, ბალტიმორის მერი კი აცხადებს, რომ პრეზიდენტის ვიზიტი გარდაუვალი აუცილებლობა არ არის.
ჯანდაცვის ექსპერტები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მოქალაქეებს, რომლებიც სანაპიროებზე დასასვენებლად და პიკნიკების მოსაწყობად მიდიან, სოციალური დისტანციის დაცვისკენ მოუწოდებენ.
თეთრი სახლის კორონავირუსთან ბრძოლის ჯგუფის წევრი, დოქტორი დებორა ბვირქსი ამბობს, რომ ის შეშფოთებულია უქმეების სურათის ნახვით, როცა ადამიანები ნიღბების გარეშე სანაპიროებზე შეიკრიბნენ.
„ვიცით, რომ გარეთ ყოფნა სასარგებლოა. ვიცით, რომ მზე გვეხმარება ვირუსის მოკვლაში, მაგრამ ეს არ ცვლის ფაქტს, რომ ადამიანები პასუხისმგებლობით მოეკიდნონ სოციალურ დისტანცირებას. იმედი მქონდა, რომ ამერიკელი ხალხისთვის, მთელ ქვეყანაში მკაფიო იქნებოდა, რომ ირგვლივ ვირუსია“ - განაცხადა დებორა ბირქსმა „ფოქს ნიუსთან“ ინტრევიუში.