პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი თბილისში მყოფ ამერიკელ კანონმდებლებს შეხვდა

9 აგვისტოს, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი თბილისში ვიზიტით მყოფ დემოკრატ სენატორს - ჯინ შაჰინსა და რესპუბლიკელ კონგრესმენს - მაიკ ტერნერს შეხვდა. საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ ამერიკელ კანონმდებლებთან შეხვედრა ორბელიანების სასახლეში გაიმართა.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოს და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობები. პრეზიდენტი ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ X-ზე წერს, რომ მათ ასევე ისაუბრეს საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე, მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებზე, რუსულ ოკუპაციაზე, კრემლის ჰიბრიდულ ომსა და შავი ზღვის უსაფრთხოებაზე.

„სასიამოვნოა, რომ ჩემი ვიზიტი საქართველოში პრეზიდენტ ზურაბიშვილთან შეხვედრით დავიწყე. [საქართველოს] ევროატლანტიკური მომავლისადმი მისი მტკიცე ერთგულების მადლობელი ვარ", - წერს სენატორი შაჰინი სოციალურ ქსელ ქსელ X-ზე. მისი თქმით, "ეს არის ამბიცია, რომელსაც ქართველი ხალხის უმრავლესობა იზიარებს".

„მათი ვიზიტი საქართველოს მიმართ ამერიკის შეერთებული შტატების მტკიცე მხარდაჭერის კიდევ ერთი დასტურია“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სენატორ შაჰინსა და კონგრესმენ ტერნერთან შეხვედრის შემდეგ.

ვიზიტის ფარგლებში, შაჰინი და ტერნერი შეხვდებიან საქართველოს ხელისუფლების სხვა ლიდერებსაც. ასევე, იგეგმება შეხვედრები სამოქალაქო საზოგადოების, კერძო სექტორისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან.

საქართველოში შეერთებული შტატების საელჩოს ცნობით, ამერიკელი კანონმდებლები გეგმავენ გაეცნონ შეერთებული შტატების მთავრობის იმ პროგრამებს, რომლებიც მხარს უჭერს იძულებით გადაადგილებულ პირებს, მეწარმეებსა და სტუდენტებს. „შეერთებული შტატები რჩება სრულად ჩართული და ერთგული, საქართველოს ხალხისა და მისი ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერაში“, - ნათქვამია ამერიკის საელჩოს განცხადებაში.

ასევე ნახეთ: ორი ამერიკელი კანონმდებელი თბილისს სტუმრობს