ამერიკელ კანონმდებლებს ცოტა დრო რჩებათ იმისთვის, რომ მთავრობის დაფინანსების გეგმაზე შეთანხმდნენ და ამასთან, საიმიგრაციო საკითხებზე ორპარტიულ შეთანხმებას მიაღწიონ.
თუკი ბიუჯეტზე შეთანხმება ვერ მოხერხდება, ეს მომავალ კვირას მთავრობის ფუნქციონირების შეჩერებას გამოიწვევს. დემოკრატები კი შეთანხმებას არ აპირებენ, თუკი საიმიგრაციო პროგრამა „დაკასთვის“ განკუთვნილი ფინანსები არ იქნება გათვალისწინებული.
სექტემბერში პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საიმიგრაციო პროგრამა “დაკას” გაუქმების შესახებ გასცა ბრძანება. “დაკა” პრეზიდენტ ობამას დროს დამტკიცებული სამთავრობო პროგრამის მოკლე სახელია, რომელიც ამერიკაში მცირეწლოვან ასაკში ჩამოყვანილ, დაახლოებით 800 ათასამდე უსაბუთო ახალგაზრდა იმიგრანტს დეპორტაციისგან იცავდა.
ოთხშაბათს წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელებმა წევრებმა წარმოადგინეს კანონპროექტი, რომელიც ფართო საიმიგრაციო რეფორმას გულისხმობს და მასში გათვალისწინებულია სამწლიანი განახლებადი სტატუსის მინიჭება მათთვის, ვინც ახლა "დაკას" პროგრამით სარგებლობს. თუმცა, ის გამორიცხავს მათ მიერ შეერთებულ შტატებში მუდმივი საცხოვრებლის მიღების შესაძლებლობას.